Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და რუსეთს „უფრო დამჯდარი ურთიერთობა“ აქვთ


უილიამ ბერნსი
უილიამ ბერნსი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის შესახებ ახალი ხელშეკრულება, „სტარტი“, აშშ-ისა და რუსეთის „უფრო დამჯდარი ურთიერთობის“ შედეგია. ბერნსი ფიქრობს, რომ ის გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც პრეცედენტი, ორმხრივი ურთიერთობის სხვა სფერობეში.
ბერნსი მოსკოვში მუშაობდა აშშ-ის ელჩად, ის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია თეთრი სახლის რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვისა. მან ობამას სტრატეგია რუსეთის მიმართ ასე დაახასიათა: ის ყველა საკითხისადმი დამოუკიდებელი მიდგომის საშუალებას იძლევა:

„ჩვენ ასე ჩავთვალეთ, რომ შესაძლებელი იყო, მართლაც არსებითი იყო, თითოეულ საკითხს მისი მნიშვნელობის მიხედვით მივდგომოდით. მიამიტები არ ვყოფილვართ გვეფიქრა, რომ თანხმობისა და მორიგების სფეროები მთლიანად ჩაანაცვლებდა უთანხმოებისა და აზრთა სხვადასხვაობის არეალებს. ჩვენი ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ სხვაგან წინსვლას ერთ სფეროში პრობლემები ხელს არ შეუშლიდა.“

ამ მიდგომის მკაფიო ნიმუშად თვლის ბერნსი „სტარტის“ ხელშეკრულებას, რომელიც 8 აპრილს პრაღაში გაფორმდა. დოკუმენტი, რომელიც დიდხანს მზადდებოდ, ითვალისწინებს ბირთვული არსენალების შემცირებას. ბერნსის თქმით, ობამამ და მედვედევმა წამოიწყეს ახალი, იმედის მომცემი ურთიერთობა წარსული უთანხმოებების დასაძლევად და ხელშესახები შედეგების მიღწევისკენ დაიწყეს სვლა. ამის საუკეთესო მაგალითი „სტარტია“.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანახმად, ახლა ადმინისტრაცია გეგმავს, სამომავლო თანამშრომლობის მოდელად განიხილოს „სტარტი“. მისივე გაფრთხილებით, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გამოსწორებული ურთიერთობის ინტერპრეტაციისას არ უნდა დავივიწყოთ, რომ აშშ-ის მორალური პოზიცია არ შერბილებულა. კრიტიკოსებმა თეთრ სახლს ბრალად დასდეს, რომ ობამას ადმინისტრაციამ, სხვა სფეროებში თანამშრომლობის ინტერესების ხარჯზე, რუსეთის მიმართ -ადამიანის უფლებების დარღვევისა და მეზობლების წინააღმდეგ აგრესიის საკითხებში - პოზიცია შეასუსტა. ბერნსმა თქვა, რომ აშშ არ არიდებს თავს აზრთა სხვადასხვაობას, სხვა სფეროებში წინსვლის ხარჯზე:

„აშშ კვლავაც გადაჭრით და დაუფარავად გაატარებს თავის ინტერესებს, რომლებიც უკავშირდება ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვასა და რწმენას, რომ დემოკრატიული ინსტიტუციები და კანონის უზენაესობა რუსეთში, ამერიკაში და 21-ე საუკუნის სხვა საზოგადოებებეში, ადამიანის უსაზღვრო პოტენციალის ასათვისებლად უმთავრესია.“

თავის გამოსვლაში ამერიკელმა დიპლომატმა, სხვათა შორის, ცალკე გამოყო აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაში ფუნდამენტური უთანხმოების ერთი სფერო: საქართველოს საკითხში, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის თემა. ბერნსის თქმით, თითოეულ ჩვენგანს აღელვებს მოსაზღვრე რეგიონების ვითარება. უნდა გავმართოთ გულწრფელი დიალოგი მთელ მსოფლიოში ჩვენი ინტერესების და ასევე ჩვენი მახლობელი არეალების გარშემო, მაგრამ 21-ე საუკუნის ფასეულობების შესაბამისად და არა მე-19 საუკუნეში მიღებული ფორმით, გავლენის სფეროების განაწილების პრინციპითო, თქვა მან. მართალია, განაცხადა ბერნსმა ვაშინგტონში, ამ სფეროში ძირეული უთანხმოება გვაქვს, მაგრამ ჩვენ - აშშ და რუსეთი - ვალდებულები ვართ დავეხმაროთ ვითარებას, დაძაბულობა კვლავ არ გადაიზარდოს ძალადობაში.

ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, ბერნსის თქმით, მართალია, ერთი პერიოდი დაბალ დონეზე იყო, მაგრამ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედვად, ის მაინც გამოსწორდა. მან სტატისტიკა დაიმოწმა: მედვედევი და ობამა ერთმანეთს შეხვდნენ შვიდჯერ და გამართეს 16 არსებითი სატელეფონო საუბარი.

ნდობის მაღალი დონე ორ ქვეყანას შორის ერთ-ერთ - ეკონომიკურ - სფეროში უკეთესი ურთიერთობის საფუძველს ქმნის. ბერნსმა „ამერიკული პროგრესის ცენტრში“ გამოსვლისას დამსწრეთ გაახსენა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო მიმოქცევა შარშან 24 მილიარდ დოლარს აღწევდა, მაშინ როცა ჩინეთისა და ამერიკის იგივე მონაცემი 250 მილიარდს უდრის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG