Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალასანიას წინასაარჩევნო ჯანდაცვა


ირაკლი ალასანია, თბილისის მერობის კანდიდატი
ირაკლი ალასანია, თბილისის მერობის კანდიდატი
გეგმაში ცვლილებების შესახებ, რომელიც ირაკლი ალასანიამ და მისმა გუნდმა 13 აპრილს წარუდგინა საზოგადოებას დეტალურად არის განხილული ჯანდაცვის სფეროში დღეს არსებული გადაუჭრელი პრობლემები და მითითებულია მათი შესაძლო მოგვარების გზები. ამ პროგრამაზე არა მხოლოდ ალიანსი საქართველოსათვის წევრები, არამედ მოწვეული ექსპერტებიც მუშაობდნენ და შედეგად ალასანიას გუნდმა საკუთარი პრიორიტეტები გამოკვეთა, რომელთა შესრულებას ირაკლი ალასანია თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში შეძლებს. რატომ მაინცდამაინც ჯანდაცვის სფერო, ვკითხეთ ირაკლი ალასანიას:

”დღეს ეს სფერო პრაქტიკულად ყურადღების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენი ამოცანა კი სწორედ ის არის, რომ ჩვენი მოსახლეობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი უნივერსალური ჯანდაცვის მომსახურებით. რაც მთავარია, პროექტი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, არის ფინანსურად არგუმენტირებული, ჩვენ ამის სახსრები ვიპოვეთ არსებულ ბიუჯეტში და ვზრდით ბიუჯეტს 117 მილიონ ლარამდე”.

აქვე შევნიშნავთ, რომ თბილისელთა სამედიცინო მომსახურებისთვის აქამდე 33 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
დავით ონოფრიშვილი, პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, საუბრობს ირაკლი ალასანიას წინასაარჩევნო პროგრამაზე
პროგრამაზე მომუშავე ჯგუფის წევრი დავით ონოფრიშვილის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოში ჯანდაცვის სფეროში წლების განმავლობაში არსებობდა, სფეროს მწირი დაფინანსება იყო. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან შედარებით ორჯერ, ორნახევარჯერ ნაკლები: ”საქართველოში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯების მხოლოდ 5%-ია მიმართული, მაშინ, როცა, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებში 10-15%-მდე. აღარაფერს ვამბობ განვითარებულ ქვეყნებზე, სადაც ეს პროცენტი უფრო მაღალია”.

ალასანიას საარჩევნო პროგრამა სწორედ პრობლემების მიმოხილვით იწყება. მისი ერთ-ერთი თანაავტორი დავით ონოფრიშვილი არ უარყოფს, რომ გარკვეული წინსვლა ამ სფეროშო იყო, მაგრამ დღევანდელი რეალობა მისი შეფასებით ასეთია: ”სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია ჩამოყალიბებული ჯანდაცვის პოლიტიკა და განვითარების კონცეფცია, მიზნები, სტრატეგია და ვადები... და რაც მთავარია, სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ბაზისურ სამედიცინო მომსახურებაზე ელემენტარულ ხელმისაწვდომობას”.

და ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პრობლემებისა, რომლის გადაჭრასაც ალიანსი გეგმავს. თავად ირაკლი ალასანიას მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ პრიორიტეტები უნდა შეცვალოს.

რის შეცვლას ჰპირდება ირაკლი ალასანია თავის ამომრჩეველს? დაპირებების სია ოთხი მთავარი პუნქტისგან შედგება: პირველი - ოჯახის ექიმი ყველა თბილისელს:

”ვაპირებთ შევქმნათ ცენტრი ექიმით და ექთნით, და ერთი ექიმი, სავარაუდოდ, მიმაგრებული იქნება 2500 მაცხოვრებელზე”.

მეორე - სამედიცინო დაზღვევა ყველა ოჯახს: ”ეს ნიშნავს, რომ ყველა თბილისელს ვუზრუნველყოფთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებით. 6 წლამდე და საპენსიო ასაკის თბილისელები უზრუნველყოფილი იქნებიან გეგმიური ჰოსპიტალური ხარჯებით”.

მესამე - უფასო და იაფი წამალი თბილისელებს: ”სამ წლამდე და საპენსიო ასაკის ყველა თბილისელი უზრუნველყოფილი იქნება უფასო მედიკამენტით, ოჯახის ექიმის მიერ გამოწერილი ესენციური მედიკამენტი იქნება შეღავათიან ფასად”.

და ბოლოს - უფასო მშობიარობა: ”მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს მშობიარობის ხარჯებს და ორსულებს გამოეყოფათ დაახლოებით 800 ლარი”.

აი, ასეთია მოკლედ ირაკლია ალასანიას პროგრამა.

მისი გუნდის ერთ-ერთი წევრი, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიზე, რომელიც ასევე მონაწილეობდა პროგრამის შემუშავებაში ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ჯანდაცვისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის თანხები, და არა მხოლოდ თბილისში, მასშტაბით გაიზრდება.

მაშ ასე, თუ ქრისტიან-დემოკრატების მერობის კანდიდატი გია ჭანტურია გაზისა და ელექტროენერგიის დაბალ ტარიფებს და მეტ სამუშაო ადგილს ჰპირდება ამომრჩეველს, სახალხო დემოკრატების ლიდერი ნიკა ივანიშვილი - პოლიტპატიმრების უფლებების დაცვას, ახლა უკვე ცნობილია ირაკლი ალასანიას გუნდის პრიორიტეტებიც. რადიო თავისუფლება მომავალშიც გესაუბრებათ სხვა პოლიტიკურ ძალთა კანდიდატების საარჩევნო პროგრამების შესახებ.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG