Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკიევი მზად არის, გადადგეს


ყურმანბეკ ბაკიევი
ყურმანბეკ ბაკიევი
ყირგიზეთის განდევნილი პრეზიდენტი, ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ გადადგება, თუკი დროებითი მთავრობა მას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს. ბაკიევის განცხადებას უკვე გამოეხმაურა დროებითი მთავრობა და განაცხადა, რომ მზად არის, ბაკიევს ეს პირობა მისცეს.

ყირგიზეთის ჩამოგდებულმა პრეზიდენტმა, ყურმანბეკ ბაკიევმა სამშაბათს განაცხადა, რომ გადადგება, თუკი დროებითი მთავრობა მას უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. მისი განცხადების პასუხად უშიშროების სამსახურის უფროსმა უკვე თქვა, რომ მზად არის, ბაკიევს ეს პირობა მისცეს. მოგვიანებით, სააგენტო Associated Press-თან საუბარში, ეს დროებითი მთავრობის ლიდერმა, როზა ოტუნბაევამაც დაადასტურა.

მხარეების ეს განცხადებები, შესაძლოა, ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის საწინდარი გახდეს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ამბოხებას გასულ კვირაში სულ მცირე 83 ადამიანი ემსხვერპლა, ყურმანბეკ ბაკიევმა დედაქალაქი დატოვა და თავი ქვეყნის სამხრეთს შეაფარა.

შუა აზიის ამ ღარიბ, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში მიმდიანრე პროცესები მნიშვნელოვანია როგორც რუსეთისთვის, ისე შეერთებული შტატებისთვის - ყირგიზეთში ორივე სახელმწიფოს აქვს სამხედრო ბაზები.

შეერთებული შტატების ბაზა დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტთან მდებარეობს და თალიბანის წინააღმდეგ ავღანეთში მიმდინარე სამხედრო კამპანიისთვის უმნიშვნელოვანეს ადგილს წარმოადგენს - სწორედ ამ ბაზიდან ხდება ავღანეთში მიმავალი თვითმფრინავების საწვავით მომარაგება და სამხედროთა ტრანზიტი.

სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაკიევი შემდეგი განცხადებით გამოვიდა:

„რა შემთხვევაში გადავდგებოდი? პირველ რიგში, თუკი ისინი მოგვცემენ გარანტიებს, რომ ყირგიზეთში შეწყდება შეიარაღებული ხალხის თარეში, განუკითხაობა, საკუთრების მიტაცება. ამავე დროს, ბუნებრივია, ჩემი, ჩემი ოჯახის და ახლობელების უსაფრთხოება [თუ იქნება დაცული].“

ამ განცხადებიდან ცოტა ხანში დროებითი მთავრობის უშიშროების სამსახურის უფროსმა, კენეშბეკ დუიშებაევმა თქვა, „მზად ვართ, მას და მის ოჯახს უსაფრთხოების გარანტია მივცეთ.“

თუმცა როდესაც მას დაკონკრეტება სთხოვეს და ბაკიევის ძმასა და ვაჟიშვილზე დაუსვეს შეკითხვები, დუიშებაევმა პასუხს თავი აარიდა. ამ პირებს ბაკიევის ნათესავებს შორის ყველაზე ხშირად ადანაშაულებენ კორუფციული გარიგებებით მასშტაბური ქონების დაგროვებაში. ზოგადად, ქვეყანაში არსებული კორუფციის შესახებ ბრალდებები მთავარი მიზეზი იყო იმ ამბოხებისა, რასაც ბაკიევის ჩამოგდება მოჰყვა.

გადადგომის შესახებ ბაკიევის განცხადებამდე დროებითმა მთავრობამ მას ჩაბარებისთვის დრო დღის ბოლომდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას დაპატიმრებით დაემუქრნენ. თუმცა შემდეგ ახალი მთავრობის ლიდერმა, როზა ოტუნბაევამ სააგენტო Associated Press-ს უთხრა, რომ თუ ბაკიევი გადადგება და ქვეყანას დატოვებს, მისი ხელისუფლება მას და მის ოჯახს მისცემს გარანტიას უსაფრთხოების.

ოტუნბაევამ ასევე თქვა, რომ ქვეყანაში შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის მოქმედების შესახებ შეთანხმების ვადა ავტომატურად გახანგრძლივდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე ერთწლიან კონტრაქტს ივლისში ამოეწურება ვადა.

თავად ბაკიევს არ დაუკონკრეტებია რა სახის უსაფრთხოების გარანტიების მიღება სურს. მან დროებითი ხელისუფლების ლიდერი, როზა ოტუნბაევა თავისთან მიიწვია მოლაპარაკების გასამართად და მას სრული უსაფრთხოების გარანტია მისცა. ბაკიევმა იქვე დასძინა, მე რომ წავიდე ბიშკეკში, ისინი უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მომცემდნენო. ბაკიევმა დასძინა, რომ ძალის გამოყენებით მის დაკავებას თუ შეეცდება, ოტუნბაევას არაფერი გამოუვა.

გადადგომის შესახებ განცხადების გაკეთებამდე, ბაკიევის დაახლოებით 5,000-მა მომხრემ მისი მხარდასაჭერი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ბაკიევს ემოციურად შეხვდნენ. თუმცა ამით არ გამქრალა ეჭვები, რომ მას წინააღმდეგობის გაწევისთვის საკმარისი მხარდაჭერა არ აქვს, მათ შორის არც უშიშროების ძალებში.

თავად ბაკიევი, როგორც გამოჩნდა, უფრთხის კრიზისის გადაზრდას ძალადობის ახალ ტალღაში. „მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს“ - ასე გააფრთხილა მან თავისი მომხრეები.

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა ყირგიზ პოლიტიკოსებს მოუწოდა, უთანხმოება მშვიდობიანი გზებით გადაჭრან.
XS
SM
MD
LG