Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1956 წლის მარტის ტრაგედია...


სანაპიროზე, სადაც ნახევარი საუკუნის წინ სტალინის ძეგლი იყო აღმართული, ახლა ქვის ლოდი დევს, რომელსაც ოქროსფერი ასოებით აწერია: „აქ დაიდგმება 9 მარტს დაღუპულთა უკვდავყოფის მემორიალი“
სანაპიროზე, სადაც ნახევარი საუკუნის წინ სტალინის ძეგლი იყო აღმართული, ახლა ქვის ლოდი დევს, რომელსაც ოქროსფერი ასოებით აწერია: „აქ დაიდგმება 9 მარტს დაღუპულთა უკვდავყოფის მემორიალი“
თბილისში პატივი მიაგეს 1956 წლის 9 მარტს დაღუპულთა ხსოვნას. სანაპიროზე, სადაც ნახევარი საუკუნის წინ სტალინის ძეგლი იყო აღმართული, საზოგადოება “ხსოვნის” წევრები შეიკრიბნენ.

1956 წლის ტრაგედიას წინ უძღოდა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ "პიროვნების კულტის" წინააღმდეგ გალაშქრებას აკრიტიკებდნენ. თვითმხილველთა გადმოცემით, აქციის მსვლელობისას საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნამაც გაიჟღერა. ოფიციალური მონაცემებით, 9 მარტს 27 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, დახოცილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

70 წლის ჯემალ შანიძე ყოველი წლის 9 მარტს სანაპიროზე ჩადის და სანთელს ანთებს ქვის ლოდთან, რომელსაც ოქროსფერი ასოებით აწერია: „აქ დაიდგმება 9 მარტს დაღუპულთა უკვდავყოფის მემორიალი“. ჯემალ შანიძის თქმით, 1956 წლის 9 მარტს სამხედროების მიერ გახსნილმა ცეცხლმა მისი ძმის, თენგიზ შანიძის, სიცოცხლე შეიწირა:

„მე ერთ სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი ძმა - სხვაში. ის თავის მეგობრებთან ერთად დილიდან იქ იყო. მე რომ მივედი, უკვე ზღვა ხალხი იყო.“ - ეს ზღვა ხალხი, როგორც ჯემალ შანიძე ამბობს, სტალინის გარდაცვალების დღეს, 5 მარტს, შეიკრიბა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის დიმიტრი შველიძის თქმით, სტალინის გარდაცვალების, ანუ 1953 წლის, შემდეგ თბილისელები მის ძეგლთან ყოველი წლის 5 მარტს მიდიოდნენ, თუმცა, ისტორიკოსის თქმით, გამორჩეული აღმოჩნდა 1956 წლის 5 მარტი, რომელსაც წინ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა:

„25 თებერვლიდან მოსკოვში მიმდინარეობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მე-20 ყრილობა, რომელზეც ნიკიტა ხრუშჩოვმა პიროვნების კულტი გააკრიტიკა და დაგმო სტალინი. ამასთან ერთად ხაზი გაესვა სტალინის ქართველობას.“

დიმიტრი შველიძის თქმით, ყრილობის მსვლელობისას, ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე ითქვა, რომ სწორედ სტალინის ქართულმა წარმომავლობამ და აზიურმა ხასიათმა განაპირობა რეპრესიების მასშტაბი და სისასტიკე. ამგვარი ბრალდების პასუხად, საქართველოში დაიწყო მოძრაობა, რომელიც, ძირითადად, სტალინის სახელის დაცვისკენ და ნიკიტა ხრუშჩოვის წინააღმდეგ იყო მიმართული. აქციის მონაწილენი ამბობდნენ, რომ არ დაუშვებდნენ სტალინის კრიტიკას. გაისმა 9 მარტის უქმე დღედ გამოცხადების მოწოდებაც. მოგვიანებით, 9 მარტის ღამეს, როცა მომიტინგეთა რაოდენობამ პიკს მიაღწია, აქციის მონაწილენი ტელეგრაფისკენ დაიძრნენ, რათა მოსკოვისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის ემცნოთ თბილისში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, როგორც საზოგადოება „ხსოვნის“ თავმჯდომარე თამაზ ბიბილური იხსენებს, მომიტინგეებმა ტელეგრაფის შენობაში შეღწევა ვერ შეძლეს:

„მერვე პოლკის ჯარისკაცებმა ალყა შემოგვარტყეს და დაიწყო სროლა ავტომატიდან. მოვასწარი გაქცევა. აქვე ვცხოვრობდი. ვინც ვერ მოასწრო გაქცევა, მტკვარში გადახტომით უშველა თავს... დილით ყველამ ვნახეთ ეს ტრაგედია.“

ჯამში, ოფიციალური ინფორმაციით, სროლის შედეგად, 27 ადამიანი დაიღუპა და 54 დაიჭრა. თუმცა, როგორც ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მთავარი რედაქტორი ნინო ყიფშიძე ამბობს, 9 მარტის ტრაგედია ნახევარი საუკუნის შემდეგაც ბურუსითაა მოცული. მისი თქმით, დღემდე უცნობია, თუ ვინ გასცა სროლის ბრძანება და ზუსტად რამდენი ადამიანი დაიხოცა.

1956 წლის მარტის მოვლენების მონაწილენი - და, მათ შორის, ჯემალ შანიძეც - დახოცილთა სავარაუდო რაოდენობად ასზე მეტს ასახელებენ. ბატონ ჯემალის თქმით, უშიშროების კომიტეტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ძმისა და სხვა დახოცილთა დასაფლავებას შეუმჩნევლად ჩაევლო.

„თვითონ გამოასვენეს, თვითონ გათხარეს საფლავი... ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო ვაკის სასაფლაოზე. საყელოაწეული, გრძელლაბადიანი „თანამშრომლები“ იდგნენ სასაფლაოზე ალაგ-ალაგ.“

ნახევარი საუკუნის წინანდელი მოვლენების მონაწილენი ასევე ამტკიცებენ, რომ მიტინგის მსვლელობისას მკაფიოდ გაისმა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა, თუმცა ქართველ ისტორიკოსებს ამგვარ მტკიცებაში ეჭვი შეაქვთ. ამის მიუხედავად, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი დიმიტირი შველიძე მიიჩნევს, რომ 1956 წლის 9 მარტმა ღრმა კვალი დაამჩნია საქართველოს უახლოეს ისტორიას:

„9 მარტის მოვლენებმა ეროვნული ღირებულებებისაკენ ქართული საზოგადოების შემოტრიალებაში გადამწყვეტი, კატალიზატორის როლი ითამაშა. უკვე 1956 წელსვე შეიქმნა საიდუმლო პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი“ , რომელშიც შედიოდნენ გამსახურდია, კოსტავა და სხვები. რამდენიმე პროკლამაცია გამოსცეს მათ. პირდაპირ მოითხოვდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და რუსი ოკუპანტების გასვლას.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG