Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში ქართულ-აფხაზური დიალოგი გაიმართა


მოლდავეთის დედაქალაქში ერთმანეთს აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები შეხვდნენ
მოლდავეთის დედაქალაქში ერთმანეთს აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები შეხვდნენ
იანვრის ბოლოს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, მოლდავეთის დედაქალაქში ერთმანეთს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები შეხვდნენ. აგვისტოს ომის შემდეგ ევროპის კავშირმა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებსაც კონფლიქტურ რეგიონებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, ახალი პროექტის განხორციელება შესთავაზა. თავის მხრივ, ნიდერლანდების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების სააგენტომ და გერმანიის მშვიდობის მხარდაჭერის ფონდმა ქართულ-აფხაზური შეხვედრა ასევე კონფლიქტურ ქვეყანაში, მოლდავეთში, დაგეგმეს. ჰოლანდიური ორგანიზაციის კოორდინატორმა სინტა დეპონდტმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები დნესტრისპირეთის კონფლიქტისგან განსხვავდება, რადგან, მისივე შეფასებით, მოლდავეთში არსებული პრობლემა უფრო პოლიტიკურ-ეკონომიკურ თამაშს ჰგავს. სინტა დეპონდტს შთაბეჭდილება რჩება, რომ დნესტრისპირეთში არსებული სიტუაციით გარკვეულ ჯგუფებს საკმაოდ კარგი ფინანსური მოგება აქვთ და კონფლიქტის რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებას ცდილობენ.

კიშინიოვში დიალოგისთვის მიწვეული ქართული და აფხაზური ჯგუფები, ძირითადად, კავკსიოლოგებით, კონფლიქტოლოგებით, იურისტებითა და ჟურნალისტებით დაკომპლექტდა. დნესტრისპირეთის კონფლიქტის მაგალითზე, აფხაზი და ქართველი ახალგაზრდები საკუთარი პრობლემების მოსაგვარებლად საერთო ინტერესების გამოძებნას შეეცადნენ. მათი დისკუსიისას გერმანული ფონდის კავკასიის პროგრამების კოორდინატორი ოლივერ ვოლე კორექტულობამ მოხიბლა:

მოლდავეთის დედაქალაქში ერთმანეთს აფხაზი
და ქართველი ახალგაზრდები შეხვდნენ
”საქართველოს ყველა მოქალაქე დასვამდა შეკითხვას, თუ რა პოზიცია აქვთ აფხაზებს დევნილების მიმართ და რა უნდა მოიმოქმედონ ამ მხრივ ქართველებმა. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ დისკუსიის ქართველმა მონაწილემ ეს შეკითხვა ძალიან ღირსეულად დასვა. ასევე მიანიშნა, რომ ესმის აფხაზების სურვილი დემოკრატიულად იცხოვრონ და დასძინა, რომ ამ კუთხით განვითარება ქართველებსაც სურთ. შეკითხვა იმდენად კორექტული იყო, რომ აფხაზმა ახალგაზრდებმა მისი იგნორირება ვერ შეძლეს და მიმაჩნია, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი დიალოგი”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ოლივერ ვოლემ.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის კოორდინატორის თინათინ ასათიანის შეფასებით, კიშინიოვში გამართული შეხვედრა არა საკუთარი თავის განსაკუთრებულად წარმოჩენის, არამედ ადამიანების მიერ ურთიერთობის დამყარებისა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიების საშუალება იყო. დისკუსიის ქართველ მონაწილეთა პოლიტიკური შეფასებების მოსმენა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა აფხაზური ჯგუფის ხელმძღვანელის, პოლიტოლოგ ირაკლი ხინთბასთვის, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა:

”ეს პროექტი შესაძლებლობას ქმნის განვიხილოთ პრობლემები, რომლებიც როგორც ქართულ, ასევე აფხაზურ მხარეს აწუხებს. ასევე გავეცნოთ პოზიციებს და ვნახოთ, რამდენად შეიცვალა ის 2008 წლის შემდეგ და იმოქმედა თუ არა ახალმა რეალობამ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემების გააზრებაზე. არსებობს მოსაზრება, რომ კონტაქტები საჭირო არ არის, რადგან აფხაზეთი უკვე აღიარებულია და მისი უსაფრთხოება დაცულია. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმოვიდგენთ, რომ აფხაზეთი საქართველომ აღიარა, ის მეზობელ ქვეყნად დარჩება. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, აქტიური ადამიანებისთვის, რომლებმაც, შესაძლოა, მომავალი პოლიტიკური ელიტა შექმნან, მნიშვნელოვანია მიიღონ ინფორმაცია იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება.”

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, სულ 8 შეხვედრა გაიმართება. 4 ქართულ-აფხაზურ და 4 ქართულ-ოსურ ჯგუფებთან. პროექტის მიზანი საქართველოს კონფლიქტურ და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ერთმანეთისთვის გაცნობა და დიალოგში მათი აქტიურად მონაწილეობაა.
XS
SM
MD
LG