Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის საკითხებს განიხილავს


გრიგოლ ვაშაძე, ელდარ მამადიაროვი, ედვარდ ნალბანდიანი, კარლ ბილდტი და ბენიტა ფერერო-ვალდნერი ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე
გრიგოლ ვაშაძე, ელდარ მამადიაროვი, ედვარდ ნალბანდიანი, კარლ ბილდტი და ბენიტა ფერერო-ვალდნერი ლუქსემბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე
ორშაბათს ლუქსემბურგში გაიმართა შეხვედრა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ევროკავშირის ე.წ. “ტროიკას” შორის. ეს რუტინული შეხვედრა იყო - ასეთი მოლაპარაკება ყოველ წელს იმართება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან აქვს გაფორმებული. ევროკავშირი ამ სამ ქვეყანას სტატუსის ამაღლებას, და ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობს, რასაც გრძელვადიანი პერსპექტივით თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის მოტანა შეუძლია, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზას არ გახსნის. “ახალი ევროპის” დღევანდელ გამოშვებას სწორედ ევროკავშირისა და სამხრეთ კავკასიის ურთიერთობას ეძღვნება.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან წლების განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შემდეგ ევროპის კავშირი ცდილობს, ამ ურთიერთობებს ახალი, რეგიონული დინამიკა შესძინოს.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - შვეციის - საგარეო საქმეთა მინისტრმა, კარლ ბილდტმა ორშაბათის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ბლოკს რეგიონის მიმართ “ერთიანი მიდგომა აქვს”, რომელიც ცალკეული ქვეყნების მზადყოფნის ხარისხსაც ითვალისწინებს. ეს რეგიონული მიდგომა აშკარად გამოიკვეთა ბილდტის მიერ გაკეთებულ განცხადებებში სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრების შემდეგ. კერძოდ, როგორც ბილდტმა თქვა, ევროკავშირსა და რეგიონს შორის ურთიერთობაში მთლიანობაში ძალიან კარგი ატმოსფერო შეიქმნა.

პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ სამი ქვეყანა მეტ-ნაკლებად თანაბარი პოზიციიდან ხვდება ევროკავშირის მზადებას ნოემბერში ასოცირების ახალ ხელშეკრულებებზე მოლაპარაკების დასაწყებად. ევროკავშირში გაწევრიანება სამივე ქვეყნისთვის შორეულ და რთულ პერსპექტივად რჩება - მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, სამივემ მიაღწიოს ბლოკთან თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლას.

სამივე ქვეყანა ჩართულია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასა და მის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამაში - რომელთა მიზანია ტექნიკური თანამშრომლობისა და პოლიტიკური კონტაქტების განვითარება.
როგორც ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტი იტყობინება, არაოფიციალურ საუბრებში ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საქართველომ დაკარგა რეგიონის ლიდერის სტატუსი. ითვლება, რომ სამივე ქვეყანაში სერიოზული პრობლემები არსებობს დემოკრატიული სტანდარტების დაცვის სფეროში, სამივე ქვეყანაში ჰყავთ პოლიტიკური პატიმრები, სამივე ქვეყანაში ზღუდავენ თავისუფალ მედიას.

თუმცა ევროკავშირთან მიმართებით ამ სამ სახელმწიფოს განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ - რაც აშკარად გამოიკვეთა ორშაბათს გამართულ შეხვედრებზე.

ბილდტსა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარს ბენიტა ფერერო-ვალდნერს, პირველად სომხეთის წარმომადგენლები შეხვდნენ. პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით, ამ ქვეყანას შეზღუდული მიზნები აქვს. სომხეთი რეგიონში რუსეთის ყველაზე დიდ მოკავშირედ რჩება და, შესაბამისად, ევროკავშირისგან ძირითადად ტექნიკურსა და ფინანსურ დახმარებას ელის.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა, განსაკუთრებული ენთუზიაზმით ისაუბრა უვიზო რეჟიმის შემოღების პერსპექტივაზე: ჩვენი დისკუსიის მსვლელობისას, ხაზგასმით აღვნიშნე ის მნიშვნელობა, რომელსაც ვანიჭებთ ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარებას, და ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასო, აღნიშნა ნალბანდიანმა.

ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება სამივე ქვეყნის დიდი სურვილია - თუმცა ამას ეწინააღმდეგება ბლოკის რამდენიმე გავლენიანი წევრი, უწინარესად ესპანეთი.

ორშაბათის შეხვედრაზე ევროპის კავშირი მიესალმა სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ ახლახან მიღწეულ შეთანხმებას. თუმცა ევროკავშირი უშუალოდ არ ყოფილა ჩართული ამ პროცესში - მას უწინარესად შეერთებული შტატები და რუსეთი მართავდნენ.

ამჟამად სომხეთის ცალკეულ სამინისტროებთან თანამშრომლობენ ევროკავშირის ექსპერტებისგან შემდგარი მცირე ზომის “მრჩეველთა ჯგუფები” - თუმცა, როგორც მოელიან, მათი გავლენა უმნიშვნელო იქნება. ჩვენი ბრიუსელელი კორესპონდენტის, აჰტო ლობიაკასის ცნობით, მას შემდეგ, რაც 2004 წელს საქართველოში ევროკავშირის მაღალი რანგის დახმარების მისიის მიერ სასამართლოს სფეროში გაწეულმა მუშაობამ ძალიან მცირე შედეგი გამოიღო, ბლოკში თანდათან ფეხი მოიკიდა პესიმიზმმა მის მიერ სამი მთავრობის რეფორმირების პერსპექტივის საკითხში.

აზერბაიჯანის მთავარ საზრუნავად რჩება მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე სომხეთის ჯარის ყოფნა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამადიაროვმა ეს საკითხი ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზეც წამოჭრა. მისი თქმით, „თუ რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის მიღწევა გვინდა, მთავარი საკითხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან სომხეთის ძალების გასვლაა. ეს ნამდვილად ცენტრალური საკითხია, თუ რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობისა და განვითარების ხილვა გვსურს.”

აზერბაიჯანისა და ევროკავშირის ურთიერთობა შედარებით დადებითია. ბრიუსელი ბაქოს აღიქვამს უმნიშვნელოვანეს ფაქტორად თავისი გეგმებისთვის ენერგეტიკის დივერსიფიკაციის სფეროში. ეს გეგმები შუა აზიის ქვეყნებზე გასვლის იმედს ეფუძნება.

მაგრამ ბაქოს სერიოზულად აშფოთებს სომხეთისა და თურქეთის დაახლოება. ორშაბათის შეხვედრაზე მამადიაროვმა ბევრი ილაპარაკა ევროპის ბაზრების გაზით მომარაგების “სხვადასხვა საშუალებაზე” - მაგრამ არც ერთხელ არ უხსენებია ევროკავშირის „ნაბუკოს“ მილსადენის პროექტი, რომელმაც 2015 წლისთვის აზერბაიჯანი თურქეთის გავლით უნდა დააკავშიროს ავსტრიასთან.

ევროკავშირი მოწადინებულია დააჩქაროს აზერბაიჯანის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში - ამას ბლოკი ბაქოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გარემოებად ხედავს.
რაც შეეხება საქართველოს, მის მთავარ საზრუნავად კვლავაც რჩება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. ორშაბათის შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთავრობა ამ საკითხის მოგვარებაში ევროკავშირის მხარდაჭერას.

“მადლიერი ვართ ევროპის კავშირისა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, თქვა ვაშაძემ. „ევროკავშირის კოლეგების ყურადღება გავამახვილეთ იმ ფაქტზე, რომ რუსეთი არ ასრულებს არც ერთ პირობას, რომელსაც ის ნებაყოფლობით დათანხმდა 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების გაფორმებით.”
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი ერთ-ერთი მთავარი შუამავალია თბილისს, მოსკოვსა და ორ დე-ფაქტო სეპარატისტულ რეგიონს შორის ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებში.

სომხეთის მსგავსად, ევროკავშირთან მიმართებით საქართველოს მთავარი სურვილები უვიზო მიმოსვლას, და თავისუფალ სავაჭრო რეჟიმს უკავშირდება. ბევრი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკურმა რეფორმებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, და დემოკრატიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუარესდა. კრიტიკოსები საუბრობენ ყველაზე გავლენიანი მედიის ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცევაზე და პოლიტიკური პატიმრების არსებობაზეც.

გრიგოლ ვაშაძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ “იდეებისა და წინადადებებისთვის”, რომლებიც მიმართულია “საქართველოს დემოკრატიის ხარისხის გაძლიერებისკენ” - და ბლოკს დაპირდა, რომ ამ სფეროში თბილისი“ფართოდ” გამოიყენებს ევროკავშირის გამოცდილებას.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG