Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ტალიავინის კომისიის" დასკვნა ორივე მხარეს ადანაშაულებს


ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმირ ჩიჟოვი "ტალიავინის კომისიის" ანგარიშით კმაყოფილია
ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმირ ჩიჟოვი "ტალიავინის კომისიის" ანგარიშით კმაყოფილია
საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ფაქტების დამდგენი კომისიის დასკვნის თანახმად, თავის სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე საქართველოს თავდასხმით, აღინიშნა ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება.

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლები უარყოფენ, რომ შვეიცარიელი დიპლომატის ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით და ევროკავშირის დავალებით მომუშავე კომისიამ ომის დაწყებისთვის პასუხისმგებლობას მართლაც საქართველოს აკისრებს. რადიო თავისუფლებისთვის მოცემულ ინტერვიუში სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრეციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ანგარიშში არსად წერია, თითქოს ომი საქართველოს დაეწყოს.

არადა, დოკუმენტის პირველი თავის მე-11 გვერდზე ვკითხულობთ: "საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვით, 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამეს, აღინიშნა საქართველოში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყება. თუმცა, ეს იყო კულმინაციის წერტილი მზარდი დაძაბულობის, პროვოკაციებისა და ინციდენტების ხანგრძლივი პერიოდისა."

მოგვიანებით კიდევ ერთხელ არის აღნიშნული, რომ "ღია დაპირისპირება დაიწყო საქართველოს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციით - შეტევით ცხინვალსა და მის მეზობელ ტერიტორიებზე, რომელიც 2008 წლის 7-8 აგვისტოს ღამით განხორციელდა" (გვ.19).

"ტალიავინის კომისიის" ასეთმა დასკვნებმა რუსეთში დიდი მოწონება დაიმსახურა. კრემლმა გამოაცხადა, რომ რეაბილიტირებულად გრძნობს თავს ანგარიშის მიერ, რომელიც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ კონფლიქტი სწორედ საქართველომ დაიწყო.

"თუკი კომისია ასკვნის, რომ ომი საქართველომ დაიწყო - როგორც ეს მრავალჯერ მკაფიოდ განაცხადა რუსეთმა - მაშინ შეიძლება მხოლოდ მივესალმოთ ამ შედეგს", განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ.

ხოლო ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენელმა, ვლადიმირ ჩიჟოვმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა: "იმედი მაქვს, ის ქვეყნები და პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ საკითხში ორჭოფობდნენ, ახლა მკაფიო პოზიციას დაიკავებენ. მეორე მხრივ, ის ქვეყნები და ლიდერები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს ბატონ სააკაშვილს, ახლა უფრო მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ."

ანგარიშით კმაყოფილება გამოხატა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა კრიტიკა გამოთქვა "ზოგიერთი ფორმულირების ორაზროვნების გამო."

"ორაზროვნებაში", სავარაუდოდ, ანგარიშის ის პასაჟები იგულისხმება, სადაც პასუხისმგებლობა ამა თუ იმ სახით რუსეთსაც ეკისრება. მაგალითად, ასეთი: "მართალია, უნდა აღინიშნოს, რომ მკაფიო ხაზის გავლება იოლი არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, რუსეთის სამხედრო ოპერაციის უდიდესი ნაწილი საგრძნობლად გასცდა თავდაცვის დასაშვებ ფარგლებს."

ანგარიშში, რომელიც ათას გვერდზე მეტს მოიცავს, ნათქვამია ისიც, რომ ჰუმანიტარული კანონი კონფლიქტის ყველა მონაწილე მხარემ დაარღვია - როგორც საქართველოს, ისე რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ძალებმა. თუმცა, აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთის მტკიცების საპირისპიროდ, საქართველოს სამხრეთ ოსეთში გენოციდი არ განუხორციელებია.

დოკუმენტის ავტორები ამჟამად შექმნილი ვითარებასაც აანალიზებენ და აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური გარემო და, შესაბამისად, კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივა აშკარად გააუარესა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებამ: "სამხრეთ ოსეთს არ ჰქონდა საქართველოსგან გამოყოფის უფლება, ისევე, როგორც აფხაზეთს - ძირითადა ერთი და იმავე მიზეზით. შესაბამისად, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ერთეულების აღიარება მესამე ქვეყნის მიერ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება."

"ტალიავინის კომისიის" დასკვნაში ვკითხულობთ, აგრეთვე, რომ ახალი კონფრონტაციის საფრთხე კვლავინდებურად სერიოზულია - მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ხაზს უსვამს მშვიდობიანი მომავლისადმი საკუთარ ერთგულებას.
XS
SM
MD
LG