Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯარი, საჯარო ფინანსები და მაკონტროლებლები


 ლევან ბეჟაშვილი
ლევან ბეჟაშვილი
რუსეთთან შარშანდელი ომის მძიმე ეკონომიკური შედეგების მიუხედავად, სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის მესამედს არმიისა და პოლიციის დაფინანსებას ახმარს. ჯამში, ეს არის თითქმის ორი მილიარდი ლარი, ბოლო სამი წლის განმავლობაში კი სამხედრო ძალების განვითარებაზე დაახლოებით 6 მილიარდი ლარი დაიხარჯა. საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისათვის გამოყოფილი თანხები. მაგრამ ქვეყანაში არსებობს უწყება, რომელსაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული უფლება, შეამოწმოს ყველა კარჩაკეტილი სტრუქტურა, მათ შორის, თავად ქვეყნის მთავარსარდლის სალარო. კვირის სამხედრო პროგრამის სტუმარია საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, რომელთან საუბარიც დავიწყე შეკითხვით, რეალურად ეძლევა თუ არა უფლება კონტროლის პალატას შეამოწმოს ე.წ. ძალოვანი სტრუქტურების ანგარიშები.

ლევან ბეჟაშვილი: ყველას შეუძლია ნახოს ინფორმაცია, 2008 წლის განმავლობაში რამდენჯერ შემოწმდა შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შესაბამისი უწყებები. მინდა გითხრათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია იქნა შემოწმებული, ყველა რეგიონალური სამსახური პოლიციის შემოწმებული იქნა. არის, ბუნებრივია, ცალკეული ბუღალტრული დარღვევები, ფინანსური დარღვევები; არის დარღვევები, რომლებიც ხარჯების გაწევის მიზნობრიობასა და მიზანშეწონილობას ეხება. ამის შესახებ შესაბამისი წარდგინებები დაწერილია და გაგზავნილი და სამინისტროებისგანაც მიღებული გვაქვს ინფორმაციები ხარვეზების გამოსწორებისა და პასუხისმგებლობის თაობაზე. მე ვიხსენებ ერთ ფაქტს, როცა ერთ-ერთი - თუ არ ვცდები, ქვემო ქართლის - სამხარეო პოლიციის უფროსი განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან სწორედ ასეთი არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯების გამო და ასე შემდეგ. ამიტომ არანაირი პრობლემა ცალკეული უწყების შემოწმებისა არ არის. პირიქით, პარლამენტში დებატების დროს და პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგაც იყო ცალსახა დავალება, პოლიტიკური დაკვეთა იმის თაობაზე, რომ კონტროლის პალატამ გაატაროს მაქსიმალურად თანამედროვე რეფორმები, მოახდინოს სტრუქტურული ცვლილებები, მემკვიდრეობითობის პრინციპის დაცვით მოახდინოს საკადრო ცვლილებები და ქვეყანაში გახდეს საჯარო ფინანსების რეალური მაკონტროლებელი ორგანო.

თავისუფლება: რამდენად არის გამჭვირვალე თავად კონტროლის პალატა? ალბათ, თქვენ მიგიწვდებათ ხელი ე.წ. კლასიფიცირებულ საფინანსო ინფორმაციაზე. არსებობს ასეთი ცნება?

ლევან ბეჟაშვილი: არა, არანაირი. ყველა აქტი არის საჯარო და მას-მედიის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღიად აგზავნიან წერილებს და ითხოვენ ცალკეული შემოწმების აქტებს. და მათთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს. თუმცა არსებობს კიდევ გასაიდუმლოებული, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები, რომლებიც, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონიდან გამომდინარე, ვალდებულები ვართ, გავასაიდუმლოთ. ეს არის თავდაცვის ხარჯები, სამართალდამცველი ორგანოების ხარჯები, რომლებიც საიდუმლო ინფორმაციის შემცველი უნდა იყოს.

თავისუფლება: მაგრამ თქვენ თვითონ... კონტროლის პალატას რევიზიის დროს შეუძლია ეს საიდუმლო დოკუმენტაცია – იარაღისა და ტექნიკის შესყიდვებისა - - შეამოწმოს?

ლევან ბეჟაშვილი: დიახ, ბუნებრივია. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონი ითვალისწინებს კონტროლის პალატის თანამშრომლებისა და ცალკეული თანამდებობის პირების დაშვებას ამ ინფორმაციაზე. და მხოლოდ განსაკუთრებულ კონტინგენტს აქვს ამ საკითხების შემოწმების უფლება. იმავე თავდაცვის სამინისტროს მიმართ ხშირად არის ისეთი პოზიცია, რომ მონსტრად არის წარმოდგენილი საზოგადოებაში. აქაც, მინდა გითხრათ, რომ ეს ორგანიზაცია აბსოლუტურად გამჭვირვალე არის. ჩვენ მათთან ხშირი კონტაქტი გვაქვს ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ბევრი პრობლემა არსებობს მათ საქმიანობაში, საჯარო ფინანსების მართვის პოლიტიკიდან გამომდინარე - იმდენად, რამდენადაც სისტემური ცვლილებები არის გასატარებელი ამ კუთხითაც იმავე თავდაცვის სამინისტროში. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი ხელმძღვანელობა ამ საკითხებს მეტ ყურადღებას დაუთმობს და, ბუნებრივია, ჩვენ ერთად შევძლებთ ამ პრობლემების დაძლევას.

თავისუფლება: რა ხდება პარლამენტში? როგორ ხარჯავს სახელმწიფო სახსრებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია? იქ როგორ იყო საქმე ამ ერთი წლის განმავლობაში?

ლევან ბეჟაშვილი: იცით, როგორ არის?! მე ასე არ გამოვყოფდი – პარლამენტს და პრეზიდენტს. ზოგადად არის პრობლემა საბიუჯეტო თანხების ხარჯვისა.

თავისუფლება: არა, მომჭირნეობა თუ იგრძნობა? იგრძნობა, რომ ქვეყანას უჭირდა? თუ კვლავ ჰქონდა ადგილი გაუგებარ ხელგაშლილობას?

ლევან ბეჟაშვილი: არა იმიტომ, რომ სახელმწიფო სამსახურში ჩემი კარიერის დიდი ნაწილი პარლამენტს უკავშირდებოდა, არამედ იმიტომ, რომ ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტი ერთ-ერთი ყველაზე მომჭირნე ორგანიზაცია არის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კუთხით, მთელ სახელმწიფო სტრუქტურაში. ადმინისტრაციის ხარჯებს რაც შეეხება, ბუნებრივია, გაზრდილი ხარჯები იყო, იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოში პრეზიდენტის რეზიდენცია აშენდა ამ პერიოდში.

თავისუფლება: მართლა ასტრონომიული თანხები დაჯდა ამ სასახლის მშენებლობა?

ლევან ბეჟაშვილი: არა, აბსოლუტურად არა. ამ პროექტის ცალკე შესწავლას ვაპირებთ და გვინდა, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის ნათელი იყოს, იმიტომ რომ მასზე მითები და ლეგენდები შეიქმნა. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი საქმე იყო. ეს ქვეყანას სჭირდება. ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ატრიბუტიკის ერთ-ერთი ნაწილია. ნორმალური სამუშაო გარემო საჭიროა არა მარტო პრეზიდენტისათვის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარისთვის და ყველასთვის. მით უფრო, როცა ხდება ასეთი დონის ვიზიტები, სასახლე ქვეყნის სახეც არის. ბუნებრივია, თუ როგორ დაიხარჯა ეს თანხები, რაში დაიხარჯა და ასე შემდეგ, ამ საკითხის შესწავლაც მოხდება, ეს ინფორმაცია საჯარო იქნება და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

თავისუფლება: ძველ საბერძნეთში ამბობდნენ, “ვინ უდარაჯებს დარაჯებსო?” კონტროლის პალატას ვინ აკონტროლებს სახელმწიფოში?

ლევან ბეჟაშვილი: კანონმდებლობით, კონტროლის პალატას აკონტროლებს პარლამენტი. სხვათა შორის, მომავალ კვირას პარლამენტში ჩვენ გვექნება განხილვა კონტროლის პალატის შემმოწმებელი საპარლამენტო კომისიის დასკვნისა, სადაც შეფასებული არის 2007-2008 წლის განმავლობაში კონტროლის პალატის მიმდინარე საქმიანობა. კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციებიც არის. ეს ეხება როგორც ჩემს პერიოდში საქმიანობას, ასევე წინა პერიოდის საქმიანობას. ეს დასკვნა, მე ვფიქრობ, არის ობიექტური, არის კრიტიკულიც. ეს კრიტიკა მისაღებია და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ დაგვეხმარება ჩვენს სამომავლო საქმიანობაში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG