Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგრატი ექსპერტთა განაჩენის მოლოდინშია


ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარში სარეკონსტრუქციო სამუშაოები დროებით შეჩერდა. მუშებმა ტაძრის კარიბჭე და ეზო დაალაგეს, საიდანაც სამშენებლო მასალები და ხელსაწყოები გაიტანეს. რესტავრატორ ზურაბ გედენიძის თქმით, ტაძარს ისეთ მდგომარეობაში დატოვებენ, რომ სამუშაოების გაგრძელებამდე ტურისტებმა მისი დათვალიერება შეძლონ.

„მოვიდა დირექტივა სამინისტროდან, ძეგლთა დაცვის სააგენტოდან, რომ ბაგრატის ტაძარში სამუშაოები შევაჩეროთ - რა თქმა უნდა, დროებით, სანამ ატეხილი აჟიოტაჟი არ დასრულდება და იუნესკოსთან ერთად საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ყველანაირი სამუშაო შეჩერებულია, გარდა იმისა, რომ ტაძარს დავალაგებთ, შემოვღობავთ, რომ ტურისტები არ დაშავდნენ“,-აცხადებს ზურაბ გედენიძე.

ბაგრატის ტაძრის საძირკვლის გამაგრება საპატრიარქოს განცხადების შემდეგ შეჩერდა. 24 სექტემბერს საპატრიარქო გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც იმსჯელებს რა მასალით და რა ფორმით უნდა გამაგრდეს ტაძრის საძირკველი. როგორც ითქვა, კომისიაში ის არქიტექტორები და ექსპერტები შევლენ, რომლებიც ბაგრატის ტაძრის საძირკვლის რკინა-ბეტონით გამაგრებას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ გამოყენებული მასალა ძეგლის ავთენტურობას არღვევს. მათი თქმით, მთელ პერიმეტრზე ჩასხმული რკინა-ბეტონი არქეოლოგიურ ფენას ანადგურებს. არქიტექტორების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ცემენტით მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე მუშაობა დაუშვებელია.

სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად, არქეოლოგიური გათხრებიც შეჩერდა. არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელის ომარ ლანჩავას თქმით, “ბაგრატი არ ეკუთვნის მარტო ქუთაისს და მარტო ქართველ ხალხს, ეს არის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის საგანძური.ბაგრატის ტაძრის ქვეშ რამდენიმე სხვადასხვა ეპოქის ძეგლია. სულ ცოტა, ოთხი ტაძარია ბაგრატის ტაძრის ქვეშ. ის, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა დაიწყო, გმირობის ტოლფასია დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან ბევრმა ხელისუფალმა ვერ გაბედა დაეფინანსებინა და შებმოდა ამ დიდ საქმეს.“

ბაგრატის ტაძრის აღორძინების ფონდის დირექტორი ზურაბ ქაჯაია ფიქრობს, რომ სამუშაოები უნდა შეჩერდეს, სანამ სპეციალისტები არ შეჯერდებიან. “სამუშაოების დროებით შეჩერება სწორია. აქ არ არის საუბარი რეკონსტრუქციის საერთოდ შეწყვეტაზე, ეს უკვე შეუძლებელია, რადგან ამ მდგომარეობაში თუ დარჩა ტაძარი, ის დაინგრევა. აჟიოტაჟი დიდი ხანია მიმდინარეობს - ზოგი ძეგლის გადახურვას ემხრობა, ზოგი - არა. ამ აზრთა სხვადასხვაობას საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას“,-მიიჩნევს ზურაბ ქაჯაია.

ბაგრატის ტაძარში აღდგენითი სამუშაოები თითქმის ერთი წლის წინ დაიწყო. დღემდე რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი, ანუ საძირკვლის გამაგრება, მიმდინარეობდა. მეორე ეტაპი, ანუ ძეგლის აღდგენითი სამუშაოების დაწყება, მომავალი წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი. საპატრიარქო და აღმასრულებელი ხელისუფლება ტაძრის აღდგენის მომხრეა, თუმცა არქიტექტორების ერთი ჯგუფი ძეგლის შემინვას და რკინის მსუბუქი კონსტრუქციით გადახურვას უფრო მიზანშეწონილად მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG