Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტ ლაარი: "ევროპამ საქართველოს ახლა უნდა მიხედოს, თორემ მერე გვიან იქნება"


მარტ ლაარი
მარტ ლაარი
22 სექტემბერს ევროპის რამდენიმე ავტორიტეტიან გაზეთში (მათ შორის, ბრიტანეთის "გარდიანში", საფრანგეთის "მონდში", იტალიის "კორიერე დელა სერაში") გამოქვეყნდა ღია წერილი სათაურით "ევროპა მხარში უნდა ამოუდგეს საქართველოს". მასში ნათქვამია: "ჰიტლერმა პოლონეთს დააბრალა სამხედრო მოქმედებების დაწყება 1939 წელს, სტალინმა კი ფინელებს დასდო ბრალი, როცა 1940 წელს შეიჭრა მათ ქვეყანაში. ამის მსგავსად, საქართველოსა და რუსეთის შემთხვევაშიც, კრიტიკული საკითხი იმის დადგენაა, რომელი ქვეყანა შეიჭრა რომელში და არა ის, თუ რომელმა ჯარისკაცმა გაისროლა პირველი ტყვია." ღია წერილს ხელს აწერს სხვადასხვა ქვეყნისა და სფეროს წარმომადგენელი 12 ცნობილი ევროპელი მოღვაწე. მათ შორის არის მარტ ლაარი -ესტონეთის პარლამენტის დეპუტატი, წარსულში ესტონეთის პრემიერ-მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეფორმების საკითხებში. ნინო გელაშვილი მარტ ლაარს ტელეფონით დაუკავშირდა და რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

რადიო თავისუფლება: ბატონო ლაარ, გუშინ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ბერლინის კედელთან შედარება არაერთხელ გამოიყენა. რა გაკვეთილი უნდა ესწავლა ევროპას ბერლინის კედლიდან. ვგულისხმობ, მეტი რისი გაკეთება შეუძლია დღეს ევროპას, ვიდრე ის აკეთებს?

მარტ ლაარი: უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპას ახსოვდეს, რაც მოხდა. ახსოვდეს ევროპული ქვეყნების ნაწილი როგორ მოექცა ტოტალიტარული მმართველობის ქვეშ. ვინაიდან, როცა საქართველოს ვუყურებთ და იქ მომხდარს ვადარებთ მოვლენებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბუდაპეშტში - 1956 წელს, ან პრაღაში 1968 წელს, ბევრი რამ არის გასახსენებელი იმაზე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბერლინის კედლის დაცემისა და კომუნიზმის დამარცხების საზეიმო აღნიშვნა. პარალელურად უნდა გვახსოვდეს რა გვასწავლა ამ მოვლენებმა.

რადიო თავისუფლება: ბატონო ლაარ, რამ გაიძულათ დაგეწერათ ეს წერილი რამდენიმე დღის წინ? რა რეალურ საფრთხეს ხედავთ დღეს საქართველოსა და ევროპისთვის ზოგადად?

მარტ ლაარი: უნდა ვთქვა, რომ იმდენად ახლო საფრთხეებს არ ვხედავ. ამ თემაზე დისკუსია არაერთხელ ყოფილა და ადამიანების ასეთი არაერთგვაროვანი ჯგუფი - სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, განსხვავებული იდეებითა და საფუძვლით თანხმდება, რომ ევროპას უნდა ახსოვდეს იმ მოვლენების შესახებ და უნდა მიხედოს საქართველოს ახლა, თორემ მერე ძალიან გვიან იქნება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი გზავნილია და არ უკავშირდება რაიმე კონკრეტულ მოვლენას, ან რაღაც ასეთს.

რადიო თავისუფლება: რაც ეხება კონკრეტულ მოვლენას, მომავალ კვირაში ევროკავშირის მიერ ინიცირებული კომისია დაასრულებს მუშაობას საქართველო-რუსეთის ომის მიზეზების შესახებ დოკუმენტზე. როგორ ფიქრობთ, რას უფრო დაეძებენ ევროპაში - ვისმა ჯარისკაცმა ისროლა პირველმა, თუ ვინ ვის ტერიტორიაზე შეიჭრა?

მარტ ლაარი: ვშიშობ, რომ ეს დისკუსია აისახება ანგარიშზე, რომელიც ჯერ არ გამოქვეყნებულა. თუმცა, ყველგან მესმის მის შესახებ, თითქოს, უკვე გამოქვეყნებული იყოს. ანგარიშიდან გამოჩნდება... ახლა კომენტირება ძალიან რთულია. თუმცა, ცოტათი მაშფოთებს კომისიაში შემავალი პირების კომენტარები და განცხადებები ამ გამოუქვეყნებელ ანგარიშზე. მათ განცხადებები გააკეთეს კომისიაში შესვლამდეც კი და ძალიან, თუ შეიძლება ითქვას, ”საინტერესო” კუთხით აფასებდნენ სურათს, ავიწყდებოდათ ისტორია, კონტექსტი და ავიწყდებოდათ მარტივი ჭეშმარიტება - ამ ომის მიმდინარეობისას არც ერთ ქართველ ჯარისკაცს, თვითმფრინავსა თუ სხვა სახის ტექნიკას არ დაუტოვებია საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები. ეს არ მომხდარა. ასე რომ, ისინი ვერ განახორციელებდნენ აგრესიას. საქართველოს მეზობელი ქვეყანა კი შეიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი მხრიდან. ეს სრულიად ნათელია და ეს არის ფაქტი. პრობლემაა ის, რომ ზოგიერთს არ სურს თვალი გაუსწოროს ფაქტს.

რადიო თავისუფლება: ამ ფაქტისთვის თვალის გასწორებაც რომ სურდეთ, რა რეალურ, მშვიდობიან გზას ხედავთ ევროპისთვის - მეტი რისი გაკეთება შეუძლია მას?

მარტ ლაარი: უპირველეს ყოვლისა, ევროპას შეუძლია დააჩქაროს ევროპული ინტეგრაცია. კარგა ხნის წინ მეგონა, რომ რიგი ნაბიჯებისა ამ გზაზე გადაიდგმებოდა. იმედი მაქვს, ეს ახლა მაინც მოხდება, რომ შვეციის პრეზიდენტობისას სერიოზულად უდგებიან ამ საკითხს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას მაინც მოეწერება ხელი ახლო მომავალში. აგრეთვე, ვიმედოვნებ, რომ იქნება პოზიტიური ძვრები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებისკენაც. რადგან, სრულიად ნათელია, რომ საქართველოს მთავარი ამოცანა სტაბილურობასა და ეკონომიკისა და პოლიტიკურ განვითარებაზე ზრუნვაა. ეს არის უმაღლესი პრიორიტეტი და მისი მიღწევა გრძელვადიან პერსპექტივაში ტერიტორიების დაბრუნების პრობლემას უკავშირდება. ეს პრობლემა ახალი არ არის. შევხედოთ კვიპროსს: ძალიან დიდი დრო დასჭირდა პრობლემის მოგვარების გზების მოძიებას. კვიპროსის პრობლემა ბოლომდე არ გადაჭრილა, მაგრამ, ვფიქრობ, გადაიჭრება.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ევროპას რეალური ბერკეტები რუსეთზე ზეწოლისთვის?

მარტ ლაარი: სინამდვილეში აქვს. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, საქართველოს ოკუპაცია ვერ შეჩერდებოდა. ევროკავშირის ჩარევამ შეაჩერა ომი გასული წლის აგვისტოში. ასე რომ, როცა ევროპა ერთიანია, ჩნდება უამრავი საშუალება ზეწოლისთვის. როცა ევროპა არ არის ერთიანი, არც ისე ბევრი ბერკეტი რჩება.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG