Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაგრატის ტაძრის აღდგენაზე დავამ პარლამენტში გადაინაცვლა


ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძარი
ბაგრატის ტაძრის რესტავრაციის გამო დაწყებულმა დავამ საქართველოს პარლამენტშიც შეაღწია. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა 17 სექტემბერს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორსა და რესტავრაციის პროექტის ავტორს მოუსმინა. დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ნიკა ვაჩეიშვილმა და ივანე გრემელაშვილმა უარყვეს მოსაზრება, რომ მიმდინარე აღდგენითი სამუშაოები ძეგლის ავთენტურობას ავნებს.

ბაგრატის ტაძრის ინტენსიური აღდგენა რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაიწყო. არქიტექტორ-რესტავრატორთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აღდგენის პროცესში ცემენტის ხსნარისა და რკინა-ბეტონის მასშტაბური გამოყენება ძეგლის ავთენტურობას უქმნის საფრთხეს, თუმცა პასუხად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო ერთადერთ მიზანს - ძეგლის გადარჩენას - ემსახურება:

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
„ეს კონსტრუქციები საშუალებას იძლევა, რომ ძველი აუთენტური, მე-10 და მე-11 საუკუნის ნაწილები დაასვენოს, ანუ ამ შეზავებამ ჩვენ უნდა მოგვცეს ძეგლის გადარჩენა და განვითარება.“

ძეგლის გადარჩენასა და განვითარებაზე ილაპარაკა სარესტავრაციო სამუშაოების ავტორმაც. ვანო გრემელაშვილის თქმით, ძეგლის რესტავრაცია ჯერ კიდევ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაიწყო, მანამდე კი ბაგრატის ტაძარი ნანგრევების სახით არსებობდა.

ვანო გრემელაშვილი: „მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე იქ არც ერთი სვეტი არ იდგა. ეს ყველაფერი 30-40 წლის წინაა აღმართული ბატონ ვახტანგ ცინცაძის მიერ, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩავიდა და რომელმაც მთელი 50 წელი მიუძღვნა ამ საქმიანობას. ემსახურა თავდადებით, უმაღლესი პროფესიონალიზმით. მოქმედებდა ქართული რესტავრაციის სკოლის ფუძემდებლის გიორგი ჩუბინაშვილის მხარდაჭერით. რესტავრაციის პროცესი მიმდინარეობდა მძაფრი კამათისა და შეხლა-შემოხლის ფონზე.“

შესაბამისად, ვანო გრემელაშვილს არ უკვირს, რომ ტაძრის რესტავრაციამ კამათი და შეხლა-შემოხლა ოცდამეერთე საუკუნეშიც გამოიწვია. ძეგლის ისტორიული და კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებაში მიმდინარე კამათს სიჯანსაღის გამოვლინებად მიიჩნევს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილიც.

ბაგრატის ტაძრის რესტავრაციასთან მიმართებაში სპეციალისტების პოზიცია, როგორც უკვე ითქვა, ორადაა გაყოფილი. არადა, საზოგადოების დიდი ნაწილი და, მათ შორის, პარლამენტის წევრებიც, სწორედ სპეციალისტების კამათიდან ცდილობენ სათანადო დასკვნების გამოტანას. გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების თავმჯდომარე, ამბობს, რომ მხოლო სპეციალისტებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რა ავნებს ტაძარს და რა არგებს.

უნდა ითქვას, რომ ბაგრატის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციას იწონებს საქართველოს საპატრიარქო. საზოგადოების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ბაგრატის ტაძარი მოქმედ და სრულფასოვან საკულტო ნაგებობად უნდა იქცეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ნიკა ვაჩეიშვილი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ეკლესიამ და მთავრობამ საზოგადოებასთან ერთად უნდა მიიღოს. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, იუნესკოსთან თანამშრომლობას, სააგენტოს დირექტორი განმარტავს:

„იუნესკოსთან გვაქვს კანონით დადგენილი ურთიერთობა, მათი ექსპერტები ჩამოდიან, ჩვენი პროექტირება უკვე გაგზავნილია. გვაქვს შეუცვლელი თანამშრომლობა, რაც ძალიან კარგია. ჩვენ თუ რამე დასაზუსტებელი გვაქვს, მათი კონსულტაციებითაც დავაზუსტებთ და ვიქნებით მშვიდად. თუკი რამე შენიშვნა იქნება, მზად ვართ მოვახდინოთ მათი ინტეგრირება პროექტში.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG