Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეპარატისტული რეგიონები მოსკოვს ემადლიერებიან


ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში
ედუარდ კოკოითი და სერგეი ბაღაფში
საქართველოს ოკუპირებულ ზონებში მოქმედი სეპარატისტული რეჟიმები იმ დღის აღსანიშნავად ემზადებიან, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნო. ეს შარშან, 26 აგვისტოს, მოხდა. 2008 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილების გამო სეპარატისტული რეჟიმების ხელმძღვანელებმა მადლიერების სიტყვებით მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას: სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა - წერილობით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სიტყვიერად. ედუარდ კოკოითიმ თავის წერილობით მიმართვაში შეაქო რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, სერგეი შამბამ კი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში -რუსეთის პრემიერი ვლადიმირ პუტინი. ამ დღეებში რუსეთის მედია ავრცელებდა ცნობას, რომ პუტინი 26 აგვისტოს მოსკოვის მერთან იური ლუჟკოვთან ერთად ცხინვალში ჩავიდოდა. 26 აგვისტოს პუტინის პრეს-სამსახურმა განმარტა, რომ 26-ში პუტინი მოსკოვში მიიღებს ედუარდ კოკოითის.

ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის მეთაურმა ამ დღეებში საკუთარ მთავრობასთან ერთად განიხილა გეგმა იმისა, თუ როგორ უნდა აღინიშნოს საქართველოს ერთ-ერთ ოკუპირებულ ზონაში დღე, როცა რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამას გარდა, ვრცელდებოდა ცნობა, რომ 26-ში ვლადიკავკაზიდან ცხინვალში ჩავიდოდა ვლადიმირ პუტინი მოსკოვის მერთან იური ლუჟკოვთან ერთად. პუტინი ჩრდილო კავკასიაში მართლაც ჩავიდა, ოღონდ ჩეჩნეთში. მისმა პრეს-სამსახურმა კი 25 აგვისტოს განმარტა, რომ რუსეთის პრემიერი 26-ში მოსკოვში იქნება და იქვე შეხვდება სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის მეთაურს ედუარდ კოკოითის. გამოდის, ცხინვალში 26 აგვისტოს საზეიმო ღონისძიებები კოკოითის გარეშე უნდა ჩატარდეს. პუტინმა ცხინვალში ჩასვლა მოულოდნელად გადაიფიქრა ან, შესაძლოა, გადადო. მასთან შეხვედრის წინ ედუარდ კოკითიმ რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს სამადლობელი წერილით მიმართა და ამ წერილში აღნიშნა რუსეთის შეუფასებელი დახმარება სამხრეთ ოსეთის მიწაზე მშვიდობის დამყარებაში. კოკოითის არც სოხუმში ჩამორჩნენ.

”არის ასეთი მაცდური მოსაზრება, თითქოს აფხაზეთში ჩვენზე არაფერია დამოკიდებული”, –აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ აფხაზებს შორის რუსეთის შიშზე მითქმა-მოთქმის გასაქარწყლებლად და შემდეგ რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში პირადად ვლადიმირ პუტინის განსაკუთრებულ წვლილს გაუსვა ხაზი. ”ის ყველაზე გამბედავი პოლიტიკოსი აღმოჩნდა. ის მზად იყო ომის დაწყებამდეც კი მიეღო აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მმართველებს წლების განმავლობაში მაგიდაზე ედოთო”, - თქვა შამბამ. მანვე აღიარა ისიც, რომ რუსეთი საქართველოსთან სამხედრო დაპირისპირებისთვის აგვისტომდე კარგა ხნით ადრე ემზადებოდა, რომ რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსებისთვის მზადება ომამდე გაცილებით ადრე დაიწყო და ეს სამზადისი სწორედ აფხაზეთის დამოუკიდებელ სუბიექტად აღიარების მიზანს ემსახურებოდა.

რუსეთის ხელისუფლებაში კი შარშან, აგვისტოში, განმარტავდნენ, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთს ცხინვალის რეგიონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა აიძულა.

"ეს არ არის იოლი არჩევანი, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად”, - განმარტა შარშან, სწორედ 26 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა, როცა გამოაცხადა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ”მსგავსი ვითარება ცივი ომის შემდეგ არ ყოფილა”,- აღნიშნეს მაშინ საქართველოში და გამოთქვეს იმედი, რომ დასავლეთი აჩვენებდა რუსეთის ხელისუფლებას რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის საერთაშორისო ნორმების დაცვა, რამდენად მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის ფასეულობები.

რა მდგომარეობაა გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ? საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში რუსეთს ერთადერთ მიმდევრად ნიკარაგუა ეგულება. მოსკოვში აღიარებენ, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ რუს დიპლომატებს დასავლელ კოლეგებთან მუშაობა გაურთულდათ. ეს ახლახან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მაგრამ რუსეთის საგარეო უწყებაში ისევ და ისევ იმეორებენ, რომ საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში - რუსეთის ჯარის ყოფნა საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება და ამ ჯარს უზარმაზარი წვლილი შეაქვს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. მოსკოვის ლოგიკით, შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო ნორმებს არც ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში, ქართველთა ნამოსახლარზე, რუსი სამხედროების ჩასახლება უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

თამარაშენში მოსკოვის მერიის დაფინანსებით გაშენებული მოსკოვის მიკრორაიონის გახსნას თითქოს ვლადიმირ პუტინიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ 26 აგვისტოს პუტინი ცხინვალში აღარ ჩავა... არ არის ცნობილი, ვიზიტი გაუქმდა თუ გადაიდო. მედვედევი ჩავიდა ცხინვალში, პუტინი - სოხუმში. ამის შემდეგ კი კოკოითი პუტინს ცხინვალის ნაცვლად ისევ მოსკოვში შეხვდება. კოკოითის ხელისუფლებაში ეგრეთ წოდებულ უშიშროების სამსახურს კგბ ჰქვია და ამ სამსახურმა 24 აგვისტოს გააფრთხილა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოსახლეობა, რომ საქართველოს სპეცსამსახურები ცხინვალის რეგიონში ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავენ. მეორე დღესვე, 25 აგვისტოს, დილით, ცხინვალში საკუთრ საპირფარეშოში აფეთქდა დე ფაქტო საოკუპაციო რეჟიმის ომონის უფროსის ყოფილი მოადგილე სერგეი ვალიევი. მას 2008 წლის სექტემბერში კოკოითიმ სამხრეთ ოსეთის გმირის წოდება მიანიჭა. ვალიევი ქართველი ტყვეებისადმი სასტიკი მოპყრობით გამოირჩეოდა.

შეგახსენებთ: ზუსტად ანალოგიურ ვითარებაში აფეთქდა შარშან, ივლისში, დე ფაქტო მილიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, ბიბილოვი. კოკოითის რეჟიმმა ტერაქტის ორგანიზებაში საქართველოს სპეცსამსახურები დაადანაშაულა. თბილისში ბრალდება კატეგორიულად უარყვეს და განაცხადეს, რომ ტერორისტული აქტი თვით კოკოითის რეჟიმის წარმომადგენლებმა განახორციელეს და ბიბილოვი ოსურ კლანებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG