Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეცნიერები უნიკალური აღმოჩენის კვლევას განაგრძობენ


ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი (არჩილ გეგენავას ფოტო)
ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი (არჩილ გეგენავას ფოტო)
არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, ბაგრატის ტაძრის კარიბჭეში აღმოჩენილი დიდგვაროვანი ქალის სამარხი ეგრის-აფხაზეთის დედოფალს უნდა ეკუთვნოდეს. ისტორიკოსი დავით ბერძენიშვილი მსგავს მოსაზრებას ორი გარემოებით ხსნის - სამარხში ბევრი ძვირფასი სამკაულია, დიდგვაროვანი ქალბატონი კი ტაძრის დარბაზში დაუკრძალავთ.

მეცნიერები ქალის ჩონჩხს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში გამოიკვლევენ, ოქროს ნივთები კი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, გამოკვლევების დასრულების შემდეგ სამეფო ოჯახის წევრის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია ექნებათ - მათ შორის, ისიც, თუ როგორი იყო დიდგვაროვანი ქალის ცხოვრების ბოლო დღე.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის ომარ ლანჩავას განმარტებით, ქრისტიანული ხანის მსგავსი მდიდრული სამარხი საქართველოში დღემდე არასდროს აღმოუჩენიათ. მისივე ინფორმაციით, სამარხი მე-8 საუკუნისაა და იმ ტაძრის საკუთრებაა, რომელიც მე-10-11 საუკუნეების ბაგრატის ტაძრის აშენებამდე არსებობდა.

დიდგვაროვანი ქალის სამარხი ბაგრატის ტაძრის დარბაზში, დასავლეთის კარიბჭესთან, 4 აგვისტოს აღმოაჩინეს. არქეოლეგებმა ტაძრის შიდა ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა სამარხიც გახსნეს, მაგრამ ოქროს ნივთები არც ერთ მათგანში არ დახვედრიათ.
XS
SM
MD
LG