Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ახალი გენერალური მდივნის ტვირთი


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
1 აგვისტოს დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ოფიციალურად შეუდგა ნატოს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულებას. ახალ გენერალურ მდივანს გადასაწყვეტი ექნება რამდენიმე გადაუდებელი ამოცანა, რომელთა შორის უმთავრესია ალიანსის ოპერაცია ავღანეთში, სადაც ვითარება კვლავაც დაძაბულია. უნდა გაგრძელდეს ნატო-რუსეთის ურთიერთობის აღდგენა იმ ფონზე, როცა დასავლეთი ერთსულოვნად გმობს რუსეთის შარშანდელ შეჭრას საქართველოს ტერიტორიაზე.

ნატოს უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაციის მიმდინარეობა ავღანეთში დიდ უკმაყოფილებას აწყდება ალიანსის შიგნით. მაშინ, როცა შეტევით ოპერაციას ნატოსა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ერთად ახორციელებენ, ბრძოლის ძირითადი სიმძიმე გადადის ამერიკელ და ბრიტანელ სამხედროებზე, რომლებიც დიდ დანაკარგს განიცდიან. შესაბამისად, ამ ორ ქვეყანას სურს, რომ ნატოელმა პარტნიორებმა მეტი წვლილი შეიტანონ. თუმცა, ლონდონისა და ვაშინგტონის მოთხოვნების მიუხედავად, დამატებით ძალებს ავღანეთში არავინ გზავნის.

რასმუსენის მთავარი ამოცანა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ალიანსის მთელი ყურადღება დაუთმოს თალიბთა ავღანეთიდან განდევნის გრძელვადიან ოპერაციას, - ამბობს თომას ვალასეკი. ლონდონის ევროპული რეფორმების ცენტრის საერთაშორისო პოლიტიკის დირექტორის აზრით:

“მისი საქმე იქნება, იმუშაოს მთავრობებთან და დარწმუნდეს, რომ ა) ისინი ასრულებენ ვალდებულებებს; ამასთანავე, ნახოს ბ) რა სახის ვალდებულებებია შესასრულებელი, რომ ჯარები, რომელსაც გზავნიან, არ აკმაყოფილებენ ყველა პირობას, რაც ნაწილობრივ უსარგებლოს ხდის მათ გამოყენებას ბრძოლის თეატრზე. - აი, სწორედ ეს არის ნამდვილი პასუხისმგებლობა, რაც ნატოს გენერალურ მდივანს ეკისრება. მას ნაკლებად ექნება ოპერატორის როლი, ყოველდღიურად შეიმუშაოს სტრატეგია, თუ რას ვაკეთებთ ავღანეთში, რაც უფრო მეტად ქვეყნების დედაქალქებისა და ბრძოლის ველზე მყოფი სარდლების საქმეა.”

ავღანეთი ნატოს პირველი საერთაშორისო ოპერაციაა, რომელიც ალიანსის ფარგლებს გარეთ ტარდება და რასმუსენმა იცის, რომ აქ წარუმატებლობა გამორიცხულია. იაპ დე ჰოოპ სხეფერმა, ნატოს აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, პოსტის დატოვებამდე გულისტკივილი გამოხატა იმის გამო, რომ ვერ მოახერხა ალიანსის წევრი უფრო მეტი ქვეყნის დაყოლიება, მონაწილეობა მიეღოთ ავღანეთში მიმდინარე ოპერაციაში. სხეფერმა თქვა, რომ მას სურდა ნატოს ყველა წევრს თანაბარი წვლილი შეეტანა ნატოს ოპერაციაში.

მოახერხებს თუ არა რასმუსენი ამ მემკვიდრეობითი ნაკლის გამოსწორებას, ძნელი სათქმელია. ავღანეთში გააფთრებული ბრძოლები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით ალიანსის არც ერთ წევრს არ გამოუთქვამს თანხმობა, გაზარდოს უკვე არსებული სამხედრო ძალის რაოდენობა ავღანეთში. ერთადერთი ქვეყანა საქართველოა, ისიც ნატოს არაწევრი, რომელიც 2006 წლიდან თავად ითხოვს ISAF-ის საბრძოლო ოპერაციაში წვლილის შეტანას. ნატომ დიდხანს იფიქრა და ბოლოს თანხმობა განაცხადა. საქართველოს ხელისუფლება ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში (ISAF) მონაწილეობის მისაღებად 2009 წლის ბოლომდე ერთ სამხედრო ასეულს გაგზავნის. ახლო მომავალში კი ქართული კონტინგენტი მსოფლიოს ყველაზე “ცხელ წერტილში” 500 ჯარისკაცით იქნება წარმოდგენილი.

საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯით ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობის საქმეში და განამტკიცოს საკუთარი სუვერენიტეტიო, - თქვა საქართველოს პარლამენტის ევრო-ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში.

საქართველოში პოზიტიურად აფასებენ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე დანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას,პრემიერ-მინისტრისა, რომელმაც თავი ისახელა როგორც დასავლური ფასეულობების პრინციპულმა დამცველმა. თუმცა, როგორც დავით დარჩიაშვილი ამბობს, როცა საქმე ალიანსში რომელიმე წევრის მიღებას ეხება, ნატოს გენერალური მდივნის როლის გადაჭარბებული შეფასება არ შეიძლება.

მაგრამ რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა ანდერს ფოგ რასმუსენის მეორე და უმთავრესი გამოწვევაა. შარშან აგვისტოში, საქართველოს ტერიტორიების ანექსიის შემდეგ, ნატომ გაწყვიტა რუსეთთან კავშირი და იგი ნაწილობრივ მხოლოდ ივნისში განახლდა. ამასთან, საქმეს ისიც ართულებს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს რუსეთისადმი განსხვავებული მიდგომა აქვთ, - ამბობს ლონდონის ევროპული რეფორმების ცენტრის საერთაშორისო პოლიტიკის დირექტორი ტომას ვალასეკი:

“მას მოუწევს დაარწმუნოს რუსეთი, რომ ნატოს სურს რუსეთთან პარტნიორობა იმ საკითხებში, რომლებშიც მათი ინტერესები ერთამენთს ემთხვევა. Mმაგრამ, იმავდროულად, იგი გენერალური მდივანია და ნატომ, როგორც ალიანსმა, უნდა დაარწმუნოს თავისივე წევრი ქვეყნები, – ლატვია, პოლონეთი, ესტონეთი, ნორვეგია და სხვები, რომელთაც რუსეთთან საკმაოდ მძიმე ურთიერთობა აქვთ, - რომ თუკი ისინი კონფლიქტში შევლენ რუსეთთან, მაშინ ნატო მათ დაეხმარება. ეს კი საკმაოდ რთულად დასაბალანსებელი საქმეა.”

ეს შეშფოთება აშკარად იკითხება ღია წერილში, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას პოლონეთის, ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, ლიტვისა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრი სახელმწიფოების ყოფილმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და მოაზროვნეებმა გაუგზავნეს.

წერილის ავტორების თქმით, ნატო, რომელიც ამბივალენტურია მისი ახალი წევრების დაცვის საკითხში, თანდათან სუსტდება. რუსეთი კი, რომელიც რევიზიონისტული ზრახვებით არის შეპყრობილი, ცდილობს აღადგინოს გავლენის სფეროები ყოფილ საბჭოთა სივრცეზე. წერილის ავტორები მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს დარჩეს სრულფასოვნად ჩართული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომლის როლი ვაშინგტონმა თავის დროზე განსაზღვრა როგორც მშვიდობის ერთობლივი ძალით დამცველისა და აღმდგენის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG