Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნიუ იორკ ვოისიზ" - ჯაზისა და ვოკალის ბუნებრივი შერწყმა


ანსამბლი "ნიუ იორკ ვოისიზ"
ანსამბლი "ნიუ იორკ ვოისიზ"
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო საოცარი ხალხური პოლიფონიური ვოკალის ქვეყანაა, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩვენში ჯაზური ვოკალური ანსამბლების ხელოვნება ძალიან უყვართ. შემთხვევითი როდია, რომ საბჭოთა კავშირში სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჯაზის ვოკალური კვარტეტი უნიკალურ ფენომენად ითვლებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ იმხანად ქართული ხალხური პოლიფონია პირველად ჯაზურ ვოკალს შეხვდა - განსაკუთრებით შთამბეჭდავად ჟღერდა მუსიკალური ეპიზოდები აკომპანემენტის გარეშე, ე.წ. ”a capella“. არ დაგვავიწყდეს, რომ გამოჩენილი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი, რომელიც თავის ნაწარმოებებში ჯაზის ელემენტებს და საკრავებს იყენებდა, ქართული ”ხასანბეგურას” მოსმენის შემდეგ გაოცებული და აღტაცებული დარჩა. ერთი შეხედვით, პარადოქსია, რომ ჯაზი, ერთდროულად, ელიტურ და დემოკრატიულ ხელოვნებად ითვლება, თუმცა ეს შეუსაბამობა მოჩვენებითია: ტერმინი ”ელიტური” ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის მუსიკალური სმენის დონის აღსანიშნავად არის გამოყენებული და, მაშასადამე, თუ მთლიანობაში ერი მუსიკალურია, მის მიერ ჯაზი დემოკრატიულ ხელოვნებად აღიქმება. ნათლად ჩანს, რომ ქართველებთან მიმართებაში აშკარად გარკვეული ლოგიკური წრედი იკვრება. დღევანდელი გადაცემის დასაწყისში გაჟღერდა ცნობილი სიმღერა „Oh, Lady be good”, ამერიკული ვოკალური ჯგუფის "New York Voices" შესრულებით. ეს სიმღერა ”გრემის” პრემიის მფლობელმა ანსამბლმა ელა ფიცჯერალდის ხსოვნას მიუძღვნა. სახელგანთქმული წინამორბედების მსგავსად, რომელთა შორის ვოკალური ჯგუფები ”ჰენდრიქს, ლამბერტ, როს”, ”სინგერს ანლიმიტედ”, ”მანჰეტენ ტრანსფერ”, ”თეიქ სიქს” არიან, "New York Voices" ჯაზისა და ვოკალური ხელოვნების ბუნებრივ შერწყმასა და მიღებული ნაზავის ახალ სიმაღლეზე აყვანას ცდილობს. კოლექტივის ინტერესები, ჯაზის გარდა, ბრაზილიურ და პოპ-მუსიკაზეც ვრცელდება, თანაც ყველა შემთხვევაში "New York Voices" მუსიკალური მასალის ავთენტიკურობას ინარჩუნებს. ”როცა ამ ჯგუფის შესრულებით ვუსმენთ ჯონ კოლტრეინის კომპოზიციას "Moment's Notice," რომელზეც მათ საკუთარი ტექსტი დაადეს, ეს სუფთა ჯაზია, მაგრამ როდესაც დარმონ მიდერი, პიტერ ელდრიჯი, კიმ ნაზარიანი და ლორენ კინენი სტივი ვანდერის მელოდიას მღერიან, საქმე ასპროცენტიან პოპ-მუსიკასთან გვაქს”, - წერდა ცნობილი ვაშინგტონელი მუსიკალური კრიტიკოსი დაგ ლივაინი.

ვოკალური ჯგუფი "New York Voices" (”ნიუ-იორკის ხმები”) 1987 წელს ამერიკული მეგაპოლისის აიტაკა-კოლეჯის ხუთმა სტუდენტმა დააარსა. ვოკალური ანსამბლის პირველ შემადგენლობაში შედიოდნენ პიტერ ელდრიჯი, სერა კრიგერი, კეპრის ფოქსი, კიმ ნაზარიანი და დარმონ მიდერი. გარდა იმისა, რომ ბევრ კომპოზიციაში დარმონი უკრავდა აგრეთვე საქსოფონზე, ის ხშირად მეარანჟირის ფუნქციასაც ასრულებდა. ჯგუფის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების შემდეგ (კოლექტივიდან სერა კრიგერი და კეპრის ფოქსი წავიდნენ, მათ ნაცვლად ნიუ-იორკელებს ლორენ კინენი შეემატა) კვინტეტი კვარტეტად გადაიქცა.

უდავოა, რომ "ნიუ-იორკის ხმების” სტილი რაღაცით ”მანჰეტენ ტრანსფერს” გვაგონებს, თუმცა, მუსიკალურ კალკზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. სწორედ ამის შესახებ წერს ამერიკული გაზეთი ”ბოსტონ გლობი”. ამ პრესტიჟულ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: ”დღესდღეობით "New York Voices" თანამედროვე ჯაზის ვოკალური ჯგუფის ყველაზე ამაღელვებელ რეპუტაციას შეესაბამება."
XS
SM
MD
LG