Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 28 ივლისი 2009


„უოლ სტრიტ ჯორნალში“ დაბეჭდილი ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინტერვიუ რუსეთის პრესაში ფართო განხილვის საგანი გახდა. 27 ივლისის პუბლიკაციაში „კომერსანტი“ ყურადღებას ამახვილებს ჯო ბაიდენის სიტყვებზე, რომ რუსეთის ეკონომიკის დასუსტება აიძულებს მოსკოვს დასავლეთთან დათმობებზე წავიდეს ეროვნული უსაფრთხოების საკვანძო საკითხებში.

გაზეთი მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენის მოულოდნელი განცხადება, რომელშიც მან რუსეთს ამერიკის უმცროსი პარტნიორის როლი მიუჩინა, ობამას ადმინისტრაციის მხრიდან ყველაზე ხისტი გამონათქვამი იყო მოსკოვის მისამართით.

ამავე დროს, ექსპერტების აზრზე დაყრდნობით, „კომერსანტი" წერს, რომ, ჯო ბაიდენის ინტერვიუ მოულოდნელი არ არის და ადასტურებს როგორც ურთიერთობების გადატვირთვის სხვადასხვაგვარ გაგებას, ასევე ვაშინგტონში იმ ძალების ზეწოლას ობამას ადმინისტრაციაზე, რომლებიც მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზაციის წინააღმდეგნი არიან.

„კომერსანტს“ ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის სერგეი როგოვის მიერ გამოთქმული პროგნოზი მოჰყავს. ”ჯო ბაიდენის ინტერვიუს შედეგი შესაძლოა გახდეს რიტორიკის გამკაცრება ორივე მხრიდან”, - თქვა მან.

„ვედომოსტი“ წერს, რომ ბაიდენის განცხადებები საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტის შემდეგ გაკეთდა და მათი მიზანი იყო იმის დემონსტრირება, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გადატვირთვა არ აისახება კიევსა და თბილისთან პარტნიორულ ურთიერთობებზე. ამავე დროს, ბაიდენის განცხადებები მკვეთრად განსხვავდებოდა ბარაკ ობამას მეგობრული საუბრისგანო, წერს გაზეთი.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ პუბლიკაციაში კი ვკითხულობთ, რომ ჯო ბაიდენის სიტყვები მოსკოვის სისუსტეზე, რაც მას ვაშინგტონთან თანამშრომლობისკენ უბიძგებს, შეწყვეტის თუ არა, შეჩერების რისკის ქვეშ მაინც აყენებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

” როსიისკაია გაზეტა” ბაიდენის სიტყვებს ობამას რეიტინგის დაცემას უკავშირებს. გაზეთი წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა გადაწყვიტა ამერიკელებს უჩვენოს, რომ ახალ ადმინისტრაციას შეუძლია უკიდურესად მკაცრიც იყოს თავის გამონათქვამებში. თუმცა ბაიდენმა ობამას ამ შემთხვევაში დათვური სამსახური გაუწია, განცხადებებს ხომ კონკრეტული ქმედებები უნდა მოჰყვესო, - წერს „როსიისკაია გაზეტა“.

28 ივლისს „კომერსანტი“ კვლავ უბრუნდება ბაიდენის ინტერვიუს „უოლ სტრიტ ჯორნალში“ და წერს, რომ მისი გამონათქვამები ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არსებულ სერიოზულ აზრთა სხვადასხვაობაზე მიუთითებს. გაზეთს მოსკოვის კარნეგი ცენტრის ექსპერტის ალექსეი მალაშენკოს სიტყვები მოჰყავს: ” ეს ინტერვიუ რუსეთის ხელმძღვანელობისათვის გამოსაფხიზლებელ შხაპად უნდა იქცეს, რომელიც იმას შეახსენებს, რომ მოკლე თაფლობის თვე ვაშინგტონთან ურთიერთობაში, რისი კულმინაციაც გახდა პრეზიდენტ ობამას ვიზიტი მოსკოვში, დამთავრდა”, - წერს „კომერსანტი“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი დღევანდელ პუბლიკაციაში წერს, რომ „ჯო ბაიდენის მკაცრი პროგნოზი რუსეთის ეკონომიკის დაცემის შესახებ, დიდად სავარაუდოა, რომ მართლაც გამართლდეს”.
XS
SM
MD
LG