Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ესტუმრა


ჯო ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე
ჯო ბაიდენი თვითმფრინავის ტრაპზე
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი. თბილისის აეროპორტში სტუმარს დახვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, საქართველოში აშშ-ის ელჩი ჯონ ტეფტი და სხვა ოფიციალური პირები.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. დედაქალაქის ცენტრალური ქუჩები და გზები, მათ შორის, პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ქუჩები, უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბაიდენი პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრა, სადაც გაიმართა ოფიციალური ვახშამი პრეზიდენტ სააკაშვილთან.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანმხლებ ჟურნალისტებს შორის არის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრაიან უიტმორი, რომელიც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს საქართველოს მხარდაჭერისათვის და რამდენჯერმე ახსენა, რომ ომის დროს არაერთხელ ესაუბრა მას ტელეფონით და რომ ბაიდენმა მას მისცა რჩევები, როგორ უნდა მოქცეულიყო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოში შექმნილი ვითარება შეადარა ვითარებას ბერლინში ცივი ომის დროს და ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობაზე საუბრისას დარფურიც კი ახსენა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ ვახშამზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის გამოსვლას, ჩვენი კორესპონდენტის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავაც მხარდაჭერას გაუწევს საქართველოს, რომ ამერიკა საქართველოს მეგობარია. მაგრამ (და ჩვენი კორესპონდენტის აზრით, ეს მესიჯიც მოსალოდნელი იყო) ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა შეფასება, რომ საქართველოში ვარდების რევულუციის დანაპირები ჯერ არ შესრულებულა და რომ მსოფლიო ყურადღებით არის, მოელის, რომ ვარდების რევოლუციის დანაპირები შესრულდება. "ვფიქრობ, ეს მესიჯი უშუალოდ პრეზიდენტ სააკაშვილის საყურადღებოდ გამოითქვა, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები უნდა განხორციელდეს,” - დასძენს ბრაიან უიტმორი.

თბილისში ვიზიტის პირველივე დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი მიენიჭა. ჯოზეფ ბაიდენი საქართველოში ხვალ საღამომდე რჩება, ის ხვალ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, შეხვდება აგრეთვე ოპოზიციის ლიდერებს და სიტყვით გამოვა პარლამენტში.
XS
SM
MD
LG