Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კმაყოფილებას გამოთქვამენ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებით


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტის მეორე დღე აშკარად უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ვიდრე პირველი. ” ხვალ მაქვს შეხვედრა პრემიერ პუტინთან. მაგრამ პრეზიდენტი მედვედევი არის პრეზიდენტი, პრემიერი პუტინი კი - პრემიერი”, - მართალია, თქვა ობამამ პუტინთან შეხვედრის წინ, მაგრამ შემდეგ, პუტინთან შეხვედრაზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს კარგად უნდა დაენახა რუსეთის სინამდვილე. პუტინთან საუზმეზე რუსული სამოვარისთვის ნაკვერჩხალი რუსული ჩექმით გააღვივეს. ამ საუზმემდე იყო პირისპირ შეხვედრა, რომლის დასასრულსაც ობამამ ფანჯარაში გაიხედა და პუტინს მადლობა გადაუხადა რუსეთში მზიანი ამინდის დახვედრებისთვის. როგორ შეაფასეს და აღიქვეს საქართველოში ის, რაც მოსკოვის უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე საქართველოსთან მიმართებით ითქვა?

”საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს” - ამ სიტყვებით საქართველოს საკითხს ბარაკ ობამა მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საკუთარი ინიციატივით შეეხო.

”რეალისტურ მოლოდინებს თუ ავიღებთ, ეს იყო მაქსიმუმი, რისი იმედიც შეიძლება გვქონოდა. პრაქტიკულად ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდ საკამათო თემად რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საქართველო გამოჩნდა. ობამამ საკამათო თემების ჩამოთვლა საქართველოს საკითხით დაიწყო და ცალსახად გაუსვა ხაზი საქართველოს სუვერენიტეტის და მთლიანობის დაცულობის აუცილებლობას და თქვა, რომ დაუშვებელია სამხედრო მეთოდების გამოყენება.”-ეს

პოლიტოლოგმა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 6 ივლისს საღამოს აღნიშნა. ბარაკ ობამამ საქართველოს საკითხი სწორედ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის საკამათო თემების ხსენების შემდეგ წამოსწია. საქართველოში ბევრმა მიიჩნია, რომ 6 ივლისის პრესკონფერენციაზე ობამამ რუსეთს სერიოზული სიგნალი მისცა, ეს ითქვა ხელისუფლების ოპოზიციაშიც.. მაგალითად, ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს იმისთვის, რომ არ იქნა დავიწყებული საქართველო და საქართველოს პრობლემები, რომ საქართველოს საკითხი უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე არ დარჩა ყურადღების მიღმა.. მაგრამ იცვლება თუ არა ამით რამე? ამის შესახებ კომენტარი რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ, გააკეთა: ”მინდა ვთქვა, რომ მედვედევის და ობამას შეხვედრის შემდეგ საქართველოს კვანძი არ გახსნილა, ჩვენ დავრჩით ისეთსავე სტატუს -კვოში, როგორშიც ვიყავით..”

მაგრამ ვინ ელოდებოდა კვანძის გახსნას? ანალოტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვის სამიტისგან საქართველომ მიიღო ზუსტად ის, რისი რეალისტური მოლოდინიც არსებობდა. ეს მოლოდინი კი, ”თავისუფლების ინსტიტუტის” წარმომადგენლის, ლევან რამიშვილის, თქმით, მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან: ”მე ვფქირობ, იყო რეალისტური მოლოდინი საქართველოში და ის გამართლდა. ამერიკული დიპლომატია მუშაობს გრძელვადიანი ინტერესების საფუძველზე და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლა არ ახდენს ხოლმე რადიკალურ ცვლილებას ამერიკის ეროვნული ინტერესისას.”

ამერიკის ეროვნულ ინტერესებშია დაიცვას საკუთარი მოკავშირეები და დაიცვას მსოფლიოში თავისუფლება და დემოკრატია. ამ ინტერესების ურყეობა ბარაკ ობამამ მოსკოვში 7 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგაც დაადასტურა. ვგულისხმობ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას. რუსეთის ეკონომიკურ სკოლაში სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპზე, როგორც საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედზე, და ამ კონტექსტში საქართველო და უკრაინა მოიხსენია.

იქვე ბარაკ ობამა შეეხო ნატოს თემას და თქვა: იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, საჭიროა მისი მოსახლეობის უმრავლესობა ეთანხმებოდეს ამას; მათ უნდა გაატარონ რეფორმები და, იმავდროულად, უნდა შეიტანონ წვლილი ალიანსის მიზნების განხორციელებაში.. ესეც იყო აშკარა მინიშნება სუვერენული ქვეყნების უფლებაზე, თავად გადაწყვიტონ გაწევრიანების ამოცანა. და აღვნიშნავ კიდევ ერთ მნიშვნელოვან განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისას: „დიდი სახელმწიფოები არ გამოხატავენ სიძლიერეს სხვა ქვეყნებზე დომინირებით და სხვა ქვეყნების დემონიზირებით. ის დრო, როდესაც იმპერიები სუვერენულ სახელმწიფოებს ექცეოდნენ როგორც ჭადრაკის დაფის ფიგურებს, წარსულს ჩაბარდა.”

ანუ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბარაკ ობამამ გაიმეორა ის, რაც თავის დროზე ლონდონის შეხვედრაზე დმიტრი მედვედევს უთხრა: ”გავლენის სფეროების დრო ისტორიას ჩაბარდაო. ”

და მიუხედავდ ამისა, პუტინთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრესა აქტიურად ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ ბარაკ ობამა პუტინს დაჰპირდა სამეზობლოში რუსეთის ინტერესების გათვალისწინებას. ანალიტიკოსების აზრით, თუ ობამამ დადო პირობა, რომ შეერთებული შტატები გაითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს მის ახლო სამეზობლოში, ეს დიპლომატიური მანევრი უნდა ყოფილიყო და მეტი არაფერი... როგორც უკვე ითქვა, თავის საჯარო გამოსვლაში 7 ივლისს ბარაკ ობამამ თქვა, რომ ის დრო, როცა იმპერიები ექცეოდნენ სუვერენულ სახელმწიფოებს როგორც ჭადრაკის ფიგურებს, ისტორიის კუთვნილებაა.
XS
SM
MD
LG