Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Homo Cantor


თბილისში, თითქმის ორი წლის დაგვიანებით, გამოიცა წიგნი, რომელიც ჩვენი სასიქადულო მომღერლის, სახალხო არტისტის, პროფესორ ნოდარ ანდღულაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. ბატონ ნოდარზე იმდენი დაიწერა და იმდენი ითქვა, - მათ შორის, ჩემს პროგრამაში, სადაც მრავალჯერ გავიდა მისი ინტერვიუები, - რომ დღეს ვარჩიე თითქმის უკომენტაროდ გადმომეცა ის, რაც მან გვიამბო რადიო თავისუფლების სტუდიაში: ”ეს პატარა წიგნი ჩემმა ახლობლებმა იმისთვის მოიფიქრეს, რომ მასში, გარკვეულწილად, შეჯამებულიყო ჩემი მოღვაწეობა და ნაჩვენები ყოფილიყო განვლილი წლების შემოქმედებითი რეტროსპექტივა. მათ ჩამოწერეს ძირითადი მომენტები, რომელთა ნაწილი სხვა წყაროებში, ვთქვათ, იუნონა აფაქიძის წიგნშია მოცემული, ზოგი კი მერე დაემატა. ჩანაფიქრის თანახმად, შემოქმედებითი პორტრეტის კონფიგურაცია უპრეტენზიო და, მეტ-ნაკლებად, ხელშესახები უნდა ყოფილიყო. ასეთნაირად სიმართლე უფრო დამაჯერებლად ჟღერს. ნუ გაგიკვირდებათ ის ლოზუნგი, რომელიც თან ახლავს ყველა გვერდს: ”კანტო ერგო სუმ” (”ვმღერი - მაშასადამე, ვარსებობ”). ეს დეკარტეს ლათინური გამოთქმის ”კოგიტო ერგო სუმ” (”ვაზროვნებ -მაშასადამე, ვარსებობ”) ჩემებური პერიფრაზია, რომელიც მოცემულია ჩემს პირველ წიგნში ”ადამიანი-მომღერალი” (”ჰომო კანტორ”) და მტკიცედ დამკვიდრდა მსოფლიო პროფესიულ საზოგადოებაში. უცხოეთში მხვდებიან ხოლმე როგორც ”ჰომო კანტორის” წამომწყებს. მათ ძლიერ ხიბლავთ ის, რომ ადამიანს ადამიანად სწორედ სიმღერა ხდის. ეს მთელი ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივი ან, როგორც ვაგნერი ამბობდა, გრუნდ-მოტივია. დიდი ხანია მქონდა სურვილი ჩემი ისეთი აუდიოჩანაწერები გამოცემულიყო, რომელიც, ასე თუ ისე, შეეფერებოდა რაღაცა დონეს. უაღრესად მადლობელი ვარ ჩვენი ცნობილი ფონიკის ბატონ მიშა კილოსანიძისა, რომელმაც გულდასმით შეამოწმა მასალა და მითხრა, რომ მას არავითარი ”დამშვენება” - ვთქვათ, ობერტონების მომატება ან მოკლება - არ დასჭირდება. ”ისე გაუშვით, როგორც არის, - თქვა მიშამ, - სავსებით საკმარისი და მაჩვენებელია”. სხვათა შორის, აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომელიც დაკარგულად მიმაჩნდა, სინამდვილეში პირველი სატელევიზიო არხის არქივში ინახებოდა და გამოცემულ CD-ზე პოვა თავისი ადგილი. განსაკუთრებით ეს ეხება ალვაროს რომანსს ვერდის ”ბედის ძალიდან”, რომელიც მე იტალიაში გავიარე, საქართველოში კი მხოლოდ ერთი ორჯერ მქონდა ნამღერი. შემდეგ უნდა ვახსენო ხოზეს არია ფრანგულ ენაზე ”კარმენიდან” და ტურიდუს ცნობილი არია ”სოფლის პატიოსნებიდან”, რომელიც ეთერში ძალიან ცუდი ვარიანტით მიდიოდა ხოლმე. ყველა ეს ჩანაწერი აღმოვაჩინეთ მასალის გულდასმით მოძიების პროცესში.

ჩემი უახლოესი თანამშრომლის, ჩვენი ფონდის დირექტორ-განმკარგულებლის, არქივის შემქმნელის გური ზაქარეიშვილის წინადადებით, გავაკეთეთ სრულიად ორიგინალური სვლა, რასაც ბევრი, ალბათ, ვერ გაბედავდა: განვლილი ოთხმოცი წლის საწიერიდან გადავხედე CD-ზე წარმოდგენილ ჩანაწერებს და თითოეულს მივუძღვენი პატარა ავტოკომენტარი. კომენტარები სამ ენაზეა მოცემული: გარდა ქართულისა, არის აგრეთვე ინგლისური და რუსული ტექსტები. ყოველგვარი შეფერადების გარეშე შევაფასე ჩემ მიერვე თითოეული შესრულებული ნაწარმოები, გამოვთქვი კრიტიკული მოსაზრებები მათი მისამართით. ვფიქრობ, ეს დააინტერესებს იმათ, ვისაც მუშაობის სამზარეულოში ჩახედვა სურს”. აი, ბატონ ნოდარის წიგნში მოცემული ერთ-ერთი კომენტარი: ”გერმანის არიოზო ჩაიკოვსკის ”პიკის ქალიდან” იმ მხრივ არის დამახასიათებელი, რომ გამოხატავს პარტიის გააზრების ჩემეულ კონცეფციას - ლირიზმიდან დრამატიზმისკენ. ამიტომაა მოქნილი ფრაზირება და გამომხატველი მეცა-ვოჩე.”

ჩვენი საუბრის ბოლოს ბატონმა ნოდარ ანდღულაძემ თქვა: ”არ მინდა, რომ ვოკალი მოსწყდეს მუსიკალურ ცხოვრებას. მაგალითად, ამ ბოლო ხანს ოპერა მარგინალურ ობიექტად გადაიქცა. სინამდვილეში კი ეს ასე არ არის: უბრალოდ, ოპერამ ბევრი რამ შეირგო და შეაერთა თავის ფორმებში. თანამედროვე თაობა ცოტა აგდებულად უყურებს ამ ჟანრს. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს ასე არ არის.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG