დღევანდელი საუბარი მინდა ნახევრად რიტორიკული კითხვით დავიწყო: ”გაგიგიათ თუ არა მუსიკალურ სამყაროში გვარი ”ჩელიბიდაკე”? დარწმუნებული ვარ, რომ კლასიკური მუსიკის ქართველ მოყვარულთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ კითხვას უარყოფით პასუხს გასცემს. უცოდინრობაში მათ ვერ დავადანაშაულებ - ეს ისევ და ისევ საინფორმაციო ვაკუუმის ბრალია, ვაკუუმისა, რომელიც, მიზეზთა გამო, საბჭოთა პერიოდიდან მოგვდევს. არადა, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რუმინული წარმოშობის გამოჩენილი გერმანელი დირიჟორი სერჯიუ ჩელიბიდაკე მსოფლიო სადირიჟორო ხელოვნებაში ლეგენდარული ფიგურაა. მისი შემოქმედებითი წარმატებები, ძირითადად, სახელგანთქმულ ევროპულ კოლექტივთან - მიუნხენის ფილარმონიულ ორკესტრთან - არის დაკავშირებული. მოხდა ისე, რომ თავის დროზე დიდი ვილჰელმ ფურტვენგლერის ყოფილმა ასისტენტმა ”ბერლინერ ფილჰარმონიკერის” სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტი ჰერბერტ ფონ კარაიანთან კონკურენციაში დათმო და საკუთარი ცხოვრება მიუნხენელებს დაუკავშირა. უნდა ითქვას, რომ დღემდე ამის შესახებ მუსიკალურ სამყაროში აზრთა სხვადასხვაობაა - ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამით ბერლინელებმა მხოლოდ წააგეს: კარაიანის უდიდესი ავტორიტეტისა და პოპულარობის მიუხედავად, ბევრი პროფესიონალი მუსიკოსი და მუსიკის მოყვარული უპირატესობას სწორედ ჩელიბიდაკეს ანიჭებს. გამოგიტყდებით, მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები. შესაძლებელია, ბერლინის ამბები ჩელიბიდაკეს მძიმე ხასიათს უკავშირდებოდეს, თუმცა არც კარაიანი იყო ”შაქარი”.
სერჯიუ ჩელიბიდაკე 1912 წელს რუმინეთის ქალაქ რომანში დაიბადა. მუსიკაში მეცადინეობა მან ფორტეპიანოთი დაიწყო, რის შემდეგაც მუსიკალური, ფილოსოფიური და მათემატიკური განათლება ჯერ ბუქარესტში, მოგვიანებით კი პარიზში მიიღო. მასზე დიდი გავლენა მოახდინა მარტინ შტაინკესთან შეხვედრამ. მომავალი დირიჟორი ამ უკანასკნელმა ბუდიზმს აზიარა, რამაც ჩელიბიდაკეს მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბერლინის უმაღლესი სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდა დირიჟორმა ორი წლის განმავლობაში გერმანიის დედაქალაქის რადიოორკესტრს უხელმძღვანელა. 1945 წლის 29 აგვისტოს, პრაქტიკულად ყოველგვარი მომზადების გარეშე, მას ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის სათავეში ჩადგომა მოუხდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ორკესტრის ხელმძღვანელად ახლად დანიშნული ლეო ბორხარდი ექვსი დღით ადრე ტრაგიკულად დაიღუპა. ჩელიბიდაკემ ეს პოსტი 1952 წლამდე შეინარჩუნა.
ბერლინის შემდეგ ჩელიბიდაკე მუშაობდა სტოკჰოლმის, შტუტგარტის და პარიზის რადიოს ორკესტრებთან. 1970 წელს მას ლეონი სონინგის სახელობის დანიური პრემია მიენიჭა. 1979 წლიდან გარდაცვალებამდე დირიჟორი მიუნხენის ფილარმონიკულ ორკესტრს ხელმძღვანელობდა. ჩელიბიდაკეს მიდგომა თავისი ხელოვნების მიმართ გარკვეული
უცნაურობით ხასიათდებოდა, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დირიჟორი მისი გამოსვლების ჩაწერაზე კატეგორიულ უარს ამბობდა. ამის ნაცვლად, ის ცდილობდა კონცერტებზე ე.წ. ”ტრანსცენდენტული ცდისთვის” შესატყვისი ატმოსფერო შეექმნა. ეს, უეჭველად, თავის დროზე მარტინ შტაინკესგან შეძენილი ”ძენ-ბუდიზმის” გავლენის შედეგი იყო - კერძოდ კი, იმ მნიშვნელოვანი დებულების გამოძახილი, რომლის თანახმადაც, ”ყოველი შეხვედრა ერთადერთი და განუმეორებელია.” განსაკუთრებით ეს იგრძნობოდა ბახის, ბეთჰოვენის, შუმანის, ბრუკნერის, ბრამსის ნაწარმოებების შესრულების დროს.
დიდი მაესტრო 1996 წელს, 84 წლის ასაკში, პარიზის მახლობლად, ლა ნევილ-სიურ-ესონში, გარდაიცვალა. თავისი სულიერი მასწავლებლის ვილჰელმ ფურტვენგლერისგან განსხვავებით, მუსიკის ტაძრამდე მისი გზა არა ყოფიერების ხისტი კანონების აღსრულებაზე, არამედ შემეცნების პროცესზე გადიოდა. ამიტომაც უაღრესად საინტერესოა მისი რეპეტიციების რამდენიმე ჩანაწერი, რომელიც, ღვთის წყალობით, კაცობრიობას შემორჩა.