Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვედური ჯაზის საოცრება - ”Real Group”-ი


შვედური ჯგუფი "Real Group"-ი
შვედური ჯგუფი "Real Group"-ი
ჩემს გადაცემაში ბევრჯერ მისაუბრია ვოკალური ჯაზის გამოჩენილ კოლექტივებზე. როგორც წესი, ეს იყო ამერიკული ან ინგლისური ჯგუფები. თითქმის ყველა მათგანს ჯაზის ქართველი მოყვარულები ასე თუ ისე იცნობენ. დღეს კი მინდა გიამბოთ ჩვენში სრულიად უცნობ ვოკალურ ჯგუფ ”Real Group”-ზე, რომელიც შვედური ჯაზის საოცრებად ითვლება. ჯგუფის ხუთივე მონაწილე თავდაპირველად საკუთარი სიამოვნებისთვის მღეროდა, დღესდღეობით კი ჯგუფის პარტნიორთა შორის ჯორჯ მარტინი, ბობი მაკფერინი და ტუტს ტილემანსი არიან. მათი აზრით, ”Real Group”-ს ბგერადობის სითბო, კარგი არანჟირება და ჰარმონია, შესრულების მაღალი სიზუსტე ახასიათებს. მსოფლიოში გაყიდულია ნახევარ მილიონზე მეტი მათი კომპაქტ-დისკი, საგასტროლო ტურნეების დროს კოლექტივმა ორი ათასამდე კონცერტი გამართა. სწორედ ხანგრძლივი გასტროლების შედეგად მოიპოვა კოლექტივმა მრავალი თაყვანისმცემელი ავსტრიაში, კანადაში, ტაივანზე და სამხრეთ აფრიკაში. ჯგუფის ყველაზე წარმატებულ ალბომს ”პლატინის” სტატუსი აქვს. სამხრეთ კორეაში, სეულში, 2002 წლის მაისში გამართულ მსოფლიო თასის გახსნის ცერემონიაზე შვედმა ვოკალისტებმა ორი სიმღერა შეასრულეს. ”Real Group”-ის წარმატების რამდენიმე მიზეზი არსებობს. მთავარი ისაა, რომ, სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით, უნიკალურ ვოკალურ ჟღერადობასთან ერთად მათ შექმნეს საკუთარი ორიგინალური მუსიკალური მასალა, რომელიც პოპ-მუსიკის, ჯაზისა და ფოლკლორული მუსიკის ნაზავს წარმოადგენს. აი, რას წერს ”Real Group”-ზე გავლენიანი ამერიკული გაზეთი ”ჩიკაგო თრიბიუნი”: ”ამ კვინტეტის რეპერტუარის ბირთვი ისეთ სტანდარტებს შეიცავს, რომელთა საშუალებით ნებისმიერი ჯაზური ხელოვანი ვალდებულია საკუთარი ხასიათი დაამტკიცოს. ყველა, ვინც უსმენს ჯგუფის მიერ შესრულებულ ბიგ-ბენდის და, კერძოდ, ქაუნტ ბეისის მუსიკის ტრანსკრიპციებს, ბილ ევანსის ”დებბის ვალსის” ბრწყინვალედ ჰარმონიზებულ ვერსიას, ნაწარმოებების ნიუანსებში შემსრულებელთა წვდომით აღტაცებული რჩება.”

მუსიკის სამყაროში ”Real Group”-ი, გარკვეულწილად, შეიძლება ე.წ. ”ჯაზური სტანდარტების” შესრულების საზომად ჩაითვალოს. ჯგუფის წევრები ერთმანეთს პირველად სტოკჰოლმში, სამეფო კონსერვატორიაში, შეხვდნენ. ხუთივე ამ კონსერვატორიაში სწავლობდა. ვოკალური კვინტეტის სახით ”Real Group”-ი 1984 წელს ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შევიდნენ: ანდერს ებენდროტი -კონტრტენორი, პედერ კარლსსონი - ბარიტონი, ანდერს იალკეუსი - ბანი, მარგარეტა ბენგტსონი -სოპრანო, კატარინა ჰენრისონი - ალტი, ანუ მეცო-სოპრანო. კოლექტივი, ძირითადად, a capella (თანხლების გარეშე) მღერის, თუმცა ის აგრეთვე მართავს კონცერტებს სიმფონიურ ორკესტრებსა და ბიგ-ბენდებთან ერთად. ჯგუფის წევრების ნიჭიერებაზე მათი ბიოგრაფიები მეტყველებს. მარგარეტა ბენგტსონი მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა. ფორტეპიანოზე დაკვრა და სიმღერა მან ადრინდელ ბავშვობაში დაიწყო, ხოლო 12 წლის ასაკში ის უკვე იმდენად პროფესიულად უკრავდა არფაზე, რომ მას სოლიდურ ორკესტრებში სამუშაოდ იწვევდნენ. კატარინა ჰენრისონმა სიმღერა რვა წლის ასაკში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ის აგრეთვე ფორტეპიანოსა და ჩელოზე დაკვრას ეუფლებოდა, მისი ერთადერთი ინტერესი ვოკალი იყო. საბოლოო ჯამში, მან დააარსა ჯგუფი “Donna Lee”, რომელმაც ხმის ჩამწერ ფირმა ”Polygram”-თან დადო კონტრაქტი. ანდერს ებენდროტმა ხუთი წელი დაყო სამეფო აკადემიაში, სადაც საფორტეპიანო განყოფილებაზე სწავლობდა.”Real Group”-ის მეოთხე წევრმა, ანდერს იალკეუსმა, დაკვრა ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე ექვსი წლის ასაკში დაიწყო. პედერ კარლსსონსაც მსგავსი ბიოგრაფია აქვს.

1987 წლიდან ”Real Group”-მა გამოსცა ათი ალბომი, რომელთა შორის შვიდი შვედური, დანარჩენი კი უცხოური ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. 1996 წელს მარგარეტა იალკეუსმა მიიღო ჯილდო, როგორც წლის საუკეთესო ვოკალისტმა. მომდევნო წელი შეიძლება ჯგუფის წლად მოინათლოს: წლის საკონცერტო ალბომი, საუკეთესო ორიგინალური პოპ-სიმღერა და საუკეთესო ჯაზური სიმღერა -ასეთია მიღებული ჯილდოების ჩამონათვალი. მარგარეტა იალკეუსი ზედიზედ მეორედ აღიარეს წლის მომღერლად.
XS
SM
MD
LG