Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიმონ რეტლის სადირიჟორო ხელოვნება


ნიუ-იორკის ერთ-ერთ პერიოდულ გამოცემაში ამას წინათ გამოქვეყნდა საინტერესო კარიკატურა: დირიჟორი იყურება პარტიტურაში, სადაც ნოტების ნაცვლად გამოსახულია ხელების მოძრაობა. საქმეში ჩაუხედავი ადამიანისათვის დირიჟორი ძალიან ჰგავს სპორტულ მწვრთნელს: მაგალითად, რეპეტიციის დროს, მწვრთნელის მსგავსად, ის მრავალჯერ იმეორებს მითითებებს მანამდე, სანამ მისი გუნდი მთლიანად არ შეასრულებს დავალებას.

სინამდვილეში, დირიჟორის პროფესია ბევრად უფრო რთულია. მუშაობის ტექნიკური ასპექტების გარდა, რომლებშიც ტემპის დადგენა, შესრულების სინქრონიზაციის უზრუნველყოფა, სხვადასხვა ინსტრუმენტის ბგერების დაბალანსება იგულისხმება, კარგი დირიჟორი მუსიკოსებზე თითქმის მისტიკურ გავლენას ახდენს. რთულ ემოციებს და იდეებს იგი მიმიკისა და ჟესტის საშუალებით გადასცემს. გარდა გამოცდილებისა, ეს განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს.

ამჟამად სიმფონიური ორკესტრების და მათი მუსიკალური ხელმძღვანელების წინაშე რთული პრობლემა დგას: ვინაიდან კლასიკური მუსიკის პოპულარობა დღითი დღე მკვეთრად ეცემა, საკონცერტო დარბაზში მსემენელის დასაბრუნებლად არატრადიციული რეპერტუარის შესრულება, პროგრამის სანახაობრივი მხარის გაფართოება, დირიჟორების ახალი თაობის მოწვევაა საჭირო.

შემთხვევითი როდია, რომ ბოლო ხანს ვენის სახელმწიფო ოპერაში, ნიუ-იორკის, ბოსტონის, ფილადელფიის, კლივლენდის, ვენის, ბერლინის ფილარმონიის ორკესტრებში შეიცვალა მთავარი დირიჟორი. მსოფლიოში სახელგანთქმულ სიმფონიურ კოლექტივებს შორის პირველი ადგილი ამჯერად, უდავოდ, ბერლინის ფილარმონიის ორკესტრს ეკუთვნის. 2002 წლიდან “ბერლინერ ფილარმონიკერს” სათავეში 47 წლის ინგლისელი დირიჟორი სერ საიმონ რეტლი ჩაუდგა.

მსოფლიოში ეს ერთადერთი ორკესტრია, რომელიც თავის მთავარ დირიჟორს თვითონ ირჩევს. საოცარია, 128 მუსიკოსიდან 113-მა ხმა მისცა ბრიტანელ ხელოვანს. არადა, ორკესტრის სადირიჟორო პულტთან მის წინამორბედებს შორის ვილჰელმ ფურტვენგლერი, ჰერბერტ ფონ კარაიანი, კლაუდიო აბადო იყვნენ.

საიმონ რეტლი 1955 წლის 19 იანვარს დაიბადა ლივერპულში. მისი მშობლები და უფროსი და შუსანი მუსიკის ენთუზიასტები იყვნენ. მშობლიურ ქალაქში საიმონი ხშირად ესწრებოდა კონცერტებს, უსმენდა მალერის, სტრავინსკის, იანაჩეკის, შოსტაკოვიჩის, გერშვინის, ბარტოკის, ბრიტენის ნაწარმოებებს, რომლებსაც სიმფონიური ორკესტრი ჩარლზ გრუვზის და ჯონ პრიჩარდის დირიჟორობით ასრულებდა. 16 წლის ასაკში ჭაბუკი ლონდონის სამეფო სამუსიკო აკადემიის სადირიჟორო განყოფილებაზე შევიდა. 1974 წელს მან ჯონ ფლეიერის სახელობის დირიჟორთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მიიღო, რასაც ცნობილ სიმფონიურ კოლექტივებთან თანამშრომლობა მოჰყვა. რეტლმა განსაკუთრებით გაითქვა სახელი ბირმინგემის სიმფონიურ ორკესტრთან მუშაობის პერიოდში. პროვინციული ორკესტრი მაესტრომ მსოფლიო კლასის კოლექტივად აქცია.

ბერლინის ფილარმონიული ორკესტრისთვის, ამ რესპექტაბელური და კონსერვატიული კოლექტივისთვის, რეტლი, ერთი შეხედვით, სრულიად არაორდინარული ფიგურაა: აწეწილი თმა, ჩაცმულობის ექსტრავაგანტური სტილი ორკესტრის, როგორც იტყვიან, “იმიჯს” არ შეესაბამება. “პოპ-ვარსკვლავი სადირიჟორო პულტთან” - ასე წერდა პრესა მაესტროზე. ფაქტი კი ფაქტად დარჩა: სწორედ საიმონ რეტლმა მოუღო ბოლო ორკესტრის შედარებით წყნარ ცხოვრებას. კოლექტივის შემოქმედებაში მან სიმკვირცხლე, სიმძაფრე, ავანტიურულ-პროვოკაციული ელემენტი შეიტანა. შესაბამისად, როგორც კლასიკოსების, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები სრულიად ახლებურად აჟღერდა. თუმცა უკეთესია თვით მაესტროს მოვუსმინოთ:

”ბოლო წლებში ბევრი რამ შევიტყვე. ორკესტრის მუსიკოსებმა მითხრეს, რომ ზოგიერთი დირიჟორი, რომელთანაც ისინი მუშაობდნენ, ამჟამად ცოცხალი აღარ არის. მუსიკოსების აზრით, დადგა დრო აითვისონ ის პრინციპები, რომლითაც დირიჟორთა ახალი თაობა ხელმძღვანელობს. პირადად ჩემთვის მუსიკაში არ არსებობს რაიმე გამართლებული ან გაუმართლებელი, არ ვარ მუსიკის შესრულების რომელიმე სტილის ხელოვნური დაკანონების მომხრე.”

დრო განსჯის, იქცევა თუ არა საიმონ რეტლის აზრი დირიჟორთა ახალი თაობის მანიფესტად.
XS
SM
MD
LG