Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის ტაქტიკა ჩეჩნეთში სტალინური მემკვიდრეობიდან არის ნასესხები


ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი
ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი
სტალინი, მართალია, ცოცხალი აღარ არის, მაგრამ არსებობს რამდენიმე ადგილი, სადაც ამაში ეჭვის შეტანა შეიძლება გეპატიოთ. ვგულისხმობ, მაგალითად, ჩეჩნეთს, რუსეთის ყველაზე უფრო არასტაბილურ რესპუბლიკას.

პრესრელიზები, რომლებიც მოსკოვის რკინის კაცის, რამზან კადიროვის პრესცენტრიდან ნიაღვრად მოედინება, იმდენადაა შეზრდილი ბოლშევიკურ პროპაგანდასთან, რომ ზოგჯერ მათი ცალკეული აღვირახსნილი პასაჟის წაკითხვისას თვალწინ დაგიდგებათ ულვაშებიანი სტალინი, რომელიც თითს მუქარით იშვერს თქვენკენ. საბჭოთა დიქტატორს, ჯოჯოხეთის რომელი გარსიდანაც უნდა იყოს იგი გამოხმობილი, გაუჭირდებოდა სცენაზე გაჯიბრებოდა ჩეჩნეთის ახალგაზრდა, მლიქვნელობით გაუმაძღარ ლიდერს.

ხუთი წლის წინ, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერი გახდა, კადიროვმა ენერგიულად დაიწყო საკუთარი პიროვნების კულტის შექმნა და, ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან განსხვავებით, არასოდეს უდარდია იმაზე, რომ რამპის შუქმა, შესაძლოა, დააზიანოს მისი კომპლექცია. წვერმოშვებული კადიროვის პორტრეტები თქვენ შემოგცქერით შენობებიდან, ოფისების კედლებიდან და ავტომობილების საქარე მინებიდან. თავისი ფორმით, სტალინელი კადიროვის პიროვნების კულტი აღმოსავლური დესპოტიზმისა და კრიმინალის ნაზავს წარმოადგენს.

ისინი, ვინც უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში რუსეთის ჩეჩნურ პოლიტიკას ქმნიდა, როგორც ჩანს, გულდასმით სწავლობდნენ საკუთარი ხელისუფლების საფრთხეთა გამკლავების სტალინურ მეთოდოლოგიას. ეს იმას ჰგავს, რომ ვინმემ, ვისაც მოსვენებას არ აძლევს რუსეთის მიერ 1994-1996 წლების ჩეჩნეთის ომის დროს გამოვლენილი დამამცირებელი რეციდივები, ”ევრიკა” შესძახოს: ”რატომ არ შეიძლება ჩეჩნეთს ისევე მოექცე, როგორც სტალინი მოექცა დასავლეთ უკრაინას (ანდა ბალტიის ქვეყნებს, ან, თუნდაც, ჩეჩნეთს 1940 წელს)?”

მემკვიდრეობა იოსებ სტალინისა, რომელსაც შარშან რუსეთის ტელევიზიის მაყურებლები ხმას აძლევდნენ როგორც უდიდეს რუსს,წარმოადგენს კონტრპარტიზანულ სტრატეგიას, რომელსაც რუსეთის ძალები 1999 წელს ჩეჩნეთის მეორე საომარი კომპანიისას იყენებდნენ.

ეს სტრატეგია, მოდიფიცირებული სადღეისო კონტექსტისა და რეალობების გათვალისწინებით, კოორდინირებულ პოლიტიკურ და სამხედრო ნაბიჯებს აერთიანებს არაკონვენციურ ტაქტიკასთან, რაც მოიცავს პროპაგანდას, საინფორმაციო ომს, ეკონომიკურ ქმედებებს, ინტერნირებას, წმენდის ოპერაციებს, მძევლების აყვანის საწინააღმდეგო ზომებს და, რაც ყველაზე მთავარია, ლოკალური ჯგუფებისა და კლანების კოოპტირებას.

2000 წლის ივლისში ვლადიმირ პუტინმა, სეპარატისტული ჩეჩნეთის - რესპუბლიკა იჩქერიის - ყოფილი მუფტი და რამზანის მამა, ახმედ ჰაჯი კადიროვი, ტერიტორიის გარდამავალი ადმინისტრაციის მეთაურად დანიშნა, რასაც ის, იმ დღიდან მოყოლებული, შესაძლოა, ნანობდეს. კადიროვ უფროსი, რომელმაც 1990-იან წლებში რუსეთის მკაცრი კრიტიკით გაითქვა სახელი, არა მხოლოდ აქტიურად თანამშრომლობდა რუსეთის საოკუპაციო ჯართან, არამედ ბევრს ცდილობდა, რათა რუსეთის ფედერალური სააგენტოებისთვის ჩამოერთმია და საკუთარ ხელში აეღო ჩეჩნეთისა და, განსაკუთრებით, ნავთობისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის სადავეები.

არანაკლებ ოთხი წლის განმავლობაში, არალოიალური მოხელეების ჩანაცვლებით და მნიშვნელოვან თანამდებობაზე საკუთარი მომხრეების დანიშვნით, აჰმედ ჰაჯი კადიროვმა შეძლო თავისი მმართველობის ქვეშ გაეერთიანებინა ჩეჩნეთი. ხოლო მას შემდეგ, რაც 2004 წლის მაისში ახმედ კადიროვი ბომბის აფეთქებით მოკლეს, პუტინს სხვა არჩევანი აღარ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ მისი ტვირთი დაეკისრებინა რამზანისათვის, რომელიც მამის მრავალრიცხოვან უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

თუ წარსულს თვალს გადავავლებთ, რუსეთის ერთ-ერთი არასტაბილური რეგიონის ლიდერად 28 წლის გაუნათლებელი ბიჭის დანიშვნა მძიმე გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს იყო ერთადერთი რამ, რაც შეეძლო იმ დროს გაეკეთებინა პრეზიდენტ პუტინს, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ჩეჩნეთის გამო კუთხეში იყო მიმწყვდეული.

შეუზღუდავი ძალაუფლება და ასტრონომიული თანხებით დაფინანსება, რაც კადიროვმა და მისმა პირადმა გასამხედროებულმა ჯგუფმა რუსეთის საომარ ოპერაციაში მონაწილეობის სანაცვლოდ ფედერალური მთავრობისგან მოითხოვა, ფაუსტისეული გარიგება იყო.
.
თუმცა გარიგება, რამაც კადიროვის პოლიტიკური მომავალი უზრუნველყო, ბევრი უდანაშაულო (და არცთუ მთლად უდანაშაულო) სიცოცხლის ფასად დაჯდა. ეს ყველაფერი ახლა თავს შეახსენებს პუტინს.

გასული თვის ბოლოს შეიარაღებულ პირთა მცირე ჯგუფი დუბაიში, მისსავე საცხოვრებელ სახლთან ახლოს, თავს დაესხა და მოკლა სულიმ იამადაევი, აჰმედ ჰაჯი კადიროვის ყოფილი მომხრე.

5 აპრილს დუბაის პოლიციამ მკვლელობის დამკვეთად დაასახელა ადამ დელიმხანოვი, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი და რამზან კადიროვის ახლო ნათესავი. დელიმხანოვმა, რომელსაც მხარს კადიროვი უჭერს, დანაშაულში ყოველგვარი მონაწილეობა უარყო. კადიროვის სხვა მტრები ბოლო თვების განმავლობაში სხვადასხვა დედაქალაქში დახოცეს. ჩეჩნეთი დღეს 1930 და 1950-იანი წლების საბჭოთა კავშირს იმეორებს, იმ დროის საბჭოთა კავშირს, როდესაც ძალაუფლებისათვის ბრძოლაში სტალინი სისტემატიურად კლავდა თავის კრიტიკოსებსა და მოწინააღმდეგეებს.

ყველაზე უფრო ცილისმწამებელ ადამიანსაც კი არასოდეს დაუდანაშაულებია რუსეთის პრემიერ-მინისტრი სტალინელობაში. საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ყველა ამ სამწუხარო ამბის მიუხედავად, პუტინმა იცის, რომ სტალინური მეთოდების გამოყენება ფატალური შეცდომებით დასრულდა ყველგან, სადაც კი ის აამოქმედეს. მაშ, რატომ აძლევს იგი ამ მეთოდების კვლავ და კვლავ გამოყენების უფლებას ჩეჩნეთში, რომელიც ბოლო ადგილია, სადაც მათ წარმატებით იყენებენ?

პუტინის დათმობები არა მხოლოდ ლოიალურად განწყობილი დეფიციტური კვალიფიციური კადრების სასოწარკვეთას იწვევს, არამედ ფრანკეშტეინის სტილის აბსოლუტურ ქედმაღლობაშიც პოულობს ასახვას. ეს ხაზს უსვამს მოსკოვის გულგრილობას, გააცნობიეროს ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი წარუმატებელი პოლიტიკის მასშტაბები და პუტინის, როგორც ლიდერისა და მენეჯერის, პერსონალური შეცდომები. კადიროვმა ისწავლა ამ წარუმატებლობის კაპიტალიზაცია. პუტინი კი, როგორც ჩანს, შეგნებულად შეეგუა იმ ფაქტს, რომ კადიროვის პათოლოგიური ტენდენციებით წელშია გაწყვეტილი.

ამ დროს კი, მსოფლიოში გაბნეული მრავალი ჩეჩენი, რომლებიც მოულოდნელად გაცოფებული მკვლელების პოტენციურ სამიზნედ გადაიქცნენ, თავს იმხნევებენ და მომავალი თავდასხმებისა და სისხლისღვრისთვის ემზადებიან.
XS
SM
MD
LG