Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებისწინა მოლოდინი: ვინ როგორ ემზადება 21 მაისისთვის?


21 მაისს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. ამ დღეს საქართველო კიდევ ერთხელ მოექცევა გამადიდებელი შუშის ქვეშ. არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გამოცდაც იქნება.

ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები აცხადებენ, რომ არჩევნები იქნება სამაგალითო, თუმცა ოპოზიციას ასეთი დაპირების არ სჯერა. ოპოზიცია ელის და წინასწარვე საიმისოდაა განწყობილი, რომ არჩევნები სამართლიანი არ იქნება და ამიტომ მისი წარმომადგენლები 21 მაისს, ღამით, თბილისში საპროტესტო აქციის გამართვისთვის ემზადებიან.

საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები 21 მაისს დილის 8 საათზე გაიხსნება. არჩევნები ქვეყნის ტერიტორიაზე 86 ოლქში გაიმართება. არჩევნების მიმდინარეობას მეთვალყურეობას უცხოელი და ადგილობრივი დამკვირვებლები გაუწეევენ. საგულისხმოა, რომ 21 მაისის არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებლები უფლებრივად გათანაბრებულნი იქნებიან საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს არ სჭირდებათ საკუთარი გეგმის შეთანხმება ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, მათი წარმომადგენლები არ არიან შეზღუდულნი და, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი ამბობს, შეუძლიათ ხმის მიცემის პროცედურას დააკვირდნენ, სადაც უნდათ, საქართველოს ნებისმიერ მხარეში, ნებისმიერ უბანზე.

[ლევან თარხნიშვილის ხმა] ”არჩევნები იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე და, მე იმედი მაქვს, ჩაივლის წყნარ ვითარებაში.”

ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილი, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პროცესები ხელისუფლების ქმედებების შესაბამისად განვითარდება. ოპოზიციაში წინასწარ უცხადებენ არჩევნებს უნდობლობას. იქ მიაჩნიათ, რომ ამ არჩევნებში მმართველი ძალა აუცილებლად უნდა დამარცხდეს და, თუ ასე არ მოხდა, თუ დამარცხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებში არ აისახა, ხალხი ქუჩაში უნდა გამოვიდეს. საპროტესტო აქცია უკვე დაიგეგმა 21 მაისს, ღამით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან... საპროტესტო აქციები იგეგმება საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მაგალითად, ზუგდიდში.. ”გაერთიანებული ოპოზიციის” მაჟორიტარი კანდიდატის კობა დავითაშვილის თქმით, ზუგდიდში აქცია 22 მაისს უნდა გაიმართოს... რატომ იგეგმება საპროტესტო გამოსვლები წინასწარ, არჩევნებამდე? შეკითხვას კობა დავითაშვილი ასე უპასუხებს:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”მე ვარ ნარაზენში, ზუგდიდის რაიონში, და მიმტკიცებს კომისიის წარმომადგენელი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე ნარაზენის მოსახლეობა გაიზარდა 300 კაცით და თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, უნდა იყოს ეს აქცია თუ არა.”

კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ 21 მაისის არჩევნები შექმნის საფუძველს საპროტესტო გამოსვლებისთვის. პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირება, რომ 21 მაისს არჩევნები უნდა იყოს არა მარტო სამართლიანი და გამჭვირვალე, არამედ სამაგალითო რეგიონის ქვეყნებისთვის, ოპოზიციაში რეალურ დაპირებად არ მიაჩნიათ... რატომ? - ამაზე საუბარს რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი იწყებს იმის აღნიშვნით, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ ეტყობა, რომ ის შეგუებულია გარდაუვალ მარცხს...ხიდაშელი სხვა მოსაზრებებსაც გამოთქვამს, - ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილი ჰქონდა ძალადობას, ოპოზიციის წარმომადგენლების დაშანტაჟებას და ამ საქმეში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების გამოყენებას. ეს ყველაფერი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის წევრი და შეკითხვას, რესპუბლიკელები მიიღებენ თუ არა მონაწილეობას 21 მაისის ღამით თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაში, უპასუხებს:

[თინა ხიდაშელის ხმა] ”ოპოზიცია კი არ გეგმავს აქციას, აქციაზე ხალხი გამოჰყავს ხელისუფლებას, ხელისუფლების ქმედებებს, რესპუბლიკური პარტია იყო ხალხთან და იქნება ხალხთან.”

ხალხმა კი საზოგადოების გარკვეული ნაწილის ქუჩაში გამოსვლამდე, 21 მაისს, არჩევანი უნდა გააკეთოს და არჩევნების შედეგებმა უნდა აჩვენოს, ვინ იქნება ამ არჩევნებში გამარჯვებული და ვინ - დამარცხებული... შეფასებებს, რაღა თქმა უნდა, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გააკეთებს.. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 20 მაისს რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას თქვა, რომ კომისიამ მაქსიმალურად იზრუნა იმისთვის, რომ 21 მაისს კომისიების დონეებზე აღარ განმეორდეს 5 იანვარს გამოკვეთილი პრობლემები, რომ შეფასებებში აღარ აღინიშნოს ისეთივე ქაოსურობა ხმების დათვლის პროცესში. ვნახოთ, არჩევნებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება...
XS
SM
MD
LG