Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

3:0 რეზოლუციის მომხრეთა სასარგებლოდ, დოკუმენტი კი მაინც ვერ მიიღეს


გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაიმართა განხილვა რეზოლუციისა, რომლის პროექტი, დემოკრატ კონგრესმენ რობერტ უექსლერის თაოსნობით, გასულ კვირაში მიიღო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა.

რეზოლუციის ტექსტი მკაცრად ჰგმობს საქართველოს მისამართით მოსკოვის მიერ ბოლო ხანს გადადგმულ ნაბიჯებს, კერძოდ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან პირდაპირი ოფიციალური კავშირების დამყარების შესახებ, აგრეთვე საქართველოს კუთვნილი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდებას. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

საკომიტეტო განხილვისგან განსხვავებით, სადაც ცხარე კამათი გაიმართა, წარმომადგენელთა პალატაში დოკუმენტზე მსჯელობას დებატები არ მოჰყოლია: რეზოლუციის შესახებ აზრი კონგრესის სამად სამმა წევრმა გამოთქვა (ორმა დემოკრატმა და ერთმა რესპუბლიკელმა) და სამივემ მის მიღებას დაუჭირა მხარი. თუმცა, რეზოლუციის მიღება ვერ მოხერხდა, რადგან სხდომას კონგრესმენთა საკმარისი რაოდენობა არ ესწრებოდა და კვორუმი არ შედგა.

რეზოლუციის ტექსტი, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასებულია, როგორც “პროვოკაციული და სახიფათო”, და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის “ძირგამომთხრელი”, ქებით მოიხსენია დემოკრატმა კონგრესმენმა კალიფორნიის შტატიდან დაიან უოტსონმა. მისი თქმით, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აგრესორია, ხოლო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი – პოლიტიკოსი, რომელიც პრობლემების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობს.

[დაიან უოტსონის ხმა]: “ასეთი მტრული ქმედებები აშკარა კონტრასტს ქმნის საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ მცდელობასთან, კავკასიაში არსებული ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად გამონახოს მშვიდობიანი საშუალება, რომელიც დროის გამოცდას გაუძლებს. როგორც მან მართებულად აღნიშნა, არ არსებობს საკითხი, რომლის მოგვარება აფხაზებთან მოლაპარაკების გზით არ შეიძლებოდეს.”

დაიან უოტსონს დაეთანხმა რესპუბლიკელი კონგრესმენი ტედ პო ტეხასის შტატიდან. მისი თქმით, დადგა დრო, შეერთებული შტატების მთავრობა გამოეთხოვოს იმედს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების საქმეში რუსეთს სასიკეთო წვლილის შეტანა სურს. პოს აზრით, სრულიად აშკარაა, რომ რუსეთს საქართველოს დასჯის სურვილი ამოძრავებს.

[ტედ პოს ხმა]: “ჩემი აზრით, იყო დრო, როცა შეიძლებოდა გვქონოდა იმედი, რომ რუსეთი სამართლიან და კონსტრუქციულ როლს ასრულებს საქართველოს რესპუბლიკაში არსებული სეპარატისტული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. სამწუხაროდ, ჩვენი ოპტიმიზმი თითქმის ამოიწურა. ახლა აშკარა ხდება, რომ რუსეთს საქართველოში დესტაბილიზაციის შეტანა სურს. იგი მიზნად ისახავს, შეარყიოს საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარება და, საბოლოო ანგარიშით, მისი სუვერენობა.”

ტედ პოს შემდეგ სიტყვა მოითხოვა პენსილვანიის შტატის წარმომადგენელმა ალისონ სუორცმა. დემოკრატმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი ქცევა მას საქართველოს სუვერენობის დაცვისკენ უბიძგებს. სუორცმა განსაკუთრებით მძაფრად გააკრიტიკა მოსკოვის გადაწყვეტილება, პირდაპირი ოფიციალური კავშირები დაემყარებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან.

[ალისონ სუორცის ხმა]: “ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის უხეიროდ შენიღბული მცდელობა, მიიერთოს რეგიონები, რომლებიც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ნაწილებს წარმოადგენს. ეს ქმედება დაგმო საერთაშორისო თანამეგობრობამ, ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური კავშირის ჩათვლით, რომელიც ჩვენთვის ნატოს სახელით უფროა ცნობილი. მიუხედავად ამისა, რუსეთმა ანგარიში არ გაუწია საერთაშორისო აზრს და სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ კიდევ უფრო დაძაბა ვითარება რეგიონში.”

ალისონ სუორცმა იგულისხმა 20 აპრილის ინციდენტი, როცა რუსეთის კუთვნილმა მოიერიშემ (სავარაუდოდ “მიგ-29”-მ) საქართველოს უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი ჩამოაგდო. კონგრესმენმა დასძინა, რომ საქართველო შეერთებული შტატების ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა რეგიონში და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონი ასეთ “ახლო მეგობარს” მხარში ამოუდგეს.

რეზოლუციის მიღების წინააღმდეგ არავინ გამოსულა, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დოკუმენტის მიღება კვორუმის არარსებობის გამო ვერ მოხერხდა. რეზოლუციაზე კენჭისყრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
XS
SM
MD
LG