Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან რუსი სამხედრო, რომელიც განმუხურის ინციდენტის დროს სამშვიდობო ძალების სარდლის მითითებებს ასრულებდა


ალექსეი პავლუჩკო, რომელიც განმუხურის ინციდენტის დროს სამშვიდობო ძალების სარდლის სერგეი ჩაბანის მითითებებს ასრულებდა,

სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლებულია. გავრცელებული ცნობებით, პავლუჩკოს გათავისუფლების მიზეზი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება გახდა. ალექსეი პავლუჩკო ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში გენერალ-მაიორმა აჩილოვმა შეცვალა, მაგრამ ამით არაფერი იცვლება. საქართველოს მხარე მიიჩნევს, რომ სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსი არ დასჯილა შეცდომის ან დანაშაულისთვის. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ფიქრობს, რომ სამშვიდობო ძალების სარდლის, ჩაბანის, დავალების შემსრულებელს დავალების ცუდად შესრულება არ აპატიეს. რა იგულისხმება ამაში?

”მას უნდა ჩაეყვანა მძევლები სოხუმში, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწია”, - აცხადებს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალების შტაბის უფროსის ალექსეი პავლუჩკოს გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, პავლუჩკოს გარდა, დაისაჯა რუსი ჯარისკაცი, რომელმაც განმუხურის ინციდენტი ვიდეოფირზე გადაიღო, რაც ცოტა მოგვიანებით საქართველოს მხარეს ჩაუვარდა ხელში. კილანავას გარდა, სხვებიც ფიქრობენ, რომ სამშვიდობო ძალების შტაბის მეთაური სარდლის მიერ დასახული მიზნის მიუღწევლობის გამო გაათავისულეს და არა რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამო. კოტე გაბაშვილის აზრით, მიზანი იმ მომენტისთვის იყო ქართველი პოლიციელების დამცირება და მათ მიმართ რუსი ჯარისკაცის ძალის დემონსტრირება. გაბაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობისთვის ამ მიზნის მიღწევა მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში - მაშინ, როცა საქართველოში იწყებოდა ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ხელისუფლების წინააღმდეგ. პოლიციელების დამცირება მოხდა, მაგრამ შემდეგ ყველამ ნახა რუსი ჯარისკაცების უკუსვლა. ამას გარდა, რუსეთის მხარის მიერ გადაღებული და ქართველების ხელში აღმოჩენილი ვიდეომასალა.... კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ განმუხურის ინციდენტის დეტალებს საქართველოს მხარე კიდევ უფრო ფართო სამსჯავროზე გაიტანს - სამშვიდობო ძალების საქმიანობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო შეხედულების ჩამოსაყალიბებლად:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ამას გააკეთებს ბეჟუაშვილი ევროკავშირის მინისტერიალზე, ამას გააკეთებენ ნინო ბურჯანაძე და გია ბარამიძე ბრიუსელში. კიდევ უფრო მეტი რეაქცია იქნება გაეროში და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაძევება გახდეს რეალობა. ”

რუსეთის სამშვიდობო ძალების გაძევება რთული საქმეა - თან, ძალიან რთული...

მართალია, გაეროს უშიშროების საბჭომ, როგორც იქნა, გაიზიარა საქართველოს წინადადება აფხაზეთში 14 წლიანი სამშვიდობო პროცესის შესწავლის თაობაზე, საქართველოს კიდევ დიდი ძალისხმევა მართებს იმისთვის, რომ პროცესი შეისწავლონ და, ბოლოს და ბოლოს, გააკეთონ დასკვნა იმის შესახებ, თუ რატომ და ვისი მიზეზით აღმოჩნდა არაეფექტიანი 14 წლიანი სამშვიდობო პროცესი.

მანამდე რუსეთთან ურთიერთობაში საქართველომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების სარდლის, პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებული სერგეი ჩაბანის გაწვევასაც კი ვერ მიაღწია. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა საბჭომ საქართველოს ტერიტორიაზე არასასურველ პირს უფლებამოსილება გაუგრძელა. საქართველოს მხარე ამ გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს აყენებს, რადგან, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დებულებით, სამშვიდობო ძალების სარდალი ინიშნება თანამეგობრობის მეთაურთა გადაწყვეტილებით, თანამეგობრობის საგარეო საქმეთა მინისტრთა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს ერთობლივი წარდგინებით. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ სერგეი ჩაბანის უფლებამოსილება გაგრძელდა თანამეგობრობის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით და რუსეთის თავდაცვის მინისტრის წარდგინებით:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”ეს ქვეყანა გაეროში დაფიქსირებულია, რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ, ერთიან ტერიტორიად, ეს არის საქართველოს ტერიტორია და როცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა და პრეზიდენტის თხოვნა, რომ ეს ადამიანი ჩაითვალოს პერსონა ნონ-გრატად, არ არის გათვალისწინებული, ეს არის სერიოზული დარღვევა დიპლომატიური ეტიკეტის. ”

შეგახსენებთ: სერგეი ჩაბანი საქართველოს პრეზიდენტმა პერსონა ნონ-გრატად განმუხურის ინციდენტის აღკვეთის შემდეგ გამოაცხადა. ეს 30 ოქტომბერს მოხდა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის თავდაცვის მინისტრთა საბჭომ კი მას მანდატი 27 ნოემბერს გაუგრძელა.
XS
SM
MD
LG