Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 720-ე გამოშვება

ყოველკვირეულ რადიოჟურნალში ჯერ გამოვეხმაურებით ერთ თარიღს - ის საქართველში ომბუცმენის ინსტიტუტის შემოღებას უკავშირდება; გიამბობთ ერთ საღამოზე, რომელზეც ცნობილი გერმანისტი, ნოდარ კაკაბაძე გაიხსენეს, და ვისაუბრებთ იმაზეც, რით დაიმსახურა ძველი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩისათვის სახელის მინიჭება ფრანგმა მოგზაურმა შარდენმა. დაბოლოს, მოვუსმენთ ქართულ პოპსიმღერას, რომელიც, როგორც ირკვევა არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს.

[მუსიკა]

ომბუდსმენის ინსტიტუტის დაარსებიდან 10 წელი გავიდა

წამყვანი:
29 ოქტომბერს 10 წელი შესრულდა, რაც საქართველოში ომბუდსმენის ინსტიტუტი შეიქმნა. საიუბილეო თარიღი ომბუდსმენის ოფისს არ გადაუხდია - სამწუხაროდ, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებით, გარკვეულ სფეროებში ვითარების გამოსწორების მიუხედავად, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა არსებობს. რამდენად გაამართლა ომბუდსმენის ინსტიტუტმა? - ამ კითხვით თამარ ჩიქოვანმა ადამიანის უფლებათა დამცველი ქართული ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართა.

[ ნანა კაკაბაძის ხმა] ”ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პირველი ომბუდსმენი ვინ იქნებოდა ამ ინსტიტუტის წონისა და სახელისთვის. მაგალითად, პოლონეთში პირველი ომბუდსმენი იყო ისეთი, რომ პრეცედენტები შექმნა, როგორი უნდა ყოფილიყო ომბუდსმენი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იკითხოთ, პოლონეთის ომბუდსმენზე დადის ლეგენდები.”(სტილი დაცულია)

თამარ ჩიქოვანი:
ნანა კაკაბაძე, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის”, იხსენებს, რომ თავის დროზე, ამ 10 წლის წინ, ლეგენდად იქცა მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილება პირველ ომბუდსმენად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის დანიშვნის შესახებ. პირველი ომბუდსმენის საქმიანობა 2 წელი გაგრძელდა და ვადაზე ადრე შეწყდა: ის პოლიტიკაში წავიდა. მეორე ომბუდსმენმაც ვადაზე ადრე შეწყვიტა თავისი მოვალეობის შესრულება - ის 2003 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა. მესამე, დღევანდელი, ომბუდსმენი სოზარ სუბარი მოვალეობის შესრულებას 2004 წელს შეუდგა. ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი ასეთ პარალელს ავლებს:

[ გელა ნიკოლეიშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ინსტიტუტმა ვერ მოგვცა მოსალოდნელი ეფექტი, მაგრამ ბოლო წლებში, განსხვავებით ხელისუფლებებისგან, - ყოველი შემდგომი პარლამენტი წინაზე უარესია, - მე ომბუდსმენის ინსტიტუტზე პირიქით ვიტყოდი: ყოველი შემდგომი ომბუდსმენი იყო წინაზე უკეთესი.”(სტილი დაცულია)

გელა ნიკოლეიშვილის აზრით, ბოლო 2 წლის მანძილზე ომბუდსმენი სულ უფრო ეფექტურად იყენებს იმ ბერკეტებს, რომელიც კანონით აქვს მინიჭებული. სხვა საკითხია, რომ ომბუდსმენის კრიტიკაზე რეაქცია ყოველთვის კონსტრუქციული არ არის:

[ გელა ნიკოლეიშვილის ხმა] ”ბოლო წელიწად-ნახევრის თუ 2 წლის განმავლობაში ის, ასე თუ ისე, აკმაყოფილებს მოთხოვნებს: ძალიან ხშირად გამოდის მწვავედ კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით და აყენებს იმ პრობლემებს, რომლებიც უხერხულია ხელისუფლებისთვის. ამიტომაც დაიმსახურა ხელისუფლებისგან, ხშირ შემთხვევაში, არათუ შენიშვნები, ლანძღვა-გინებაც, ოპოზიციის მომხრის იარლიყი. ომბუდსმენი - კარგი ომბუდსმენი - ხელისუფლებისთვის არც უნდა იყოს მისაღები.”(სტილი დაცულია)

ვისთან თანამშრომლობს ომბუდსმენის ინსტიტუტი? - სოზარ სუბარი ამბობს, რომ მისი პოტენციური და რეალური პარტნიორები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან:

[ სოზარ სუბარის ხმა] ”ძირითადად, ეს არის ჩვენი რესურსი, თუმცა, იგივე ფსიქიატრიულის მონიტორინგში ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვთანამშრომლობთ რამდენიმე ორგანიზაციასთან, როცა ვინმეს სჭირდება საადვოკატო დახმარება - ეს არის ”კავშირი 21-ე საუკუნე”, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი ”ემპატია”. ასე რომ, ბევრთან ვთანამშრომლობთ, მაგრამ, ძირითადად, ეს არის ჩვენი რესურსები.”(სტილი დაცულია)

[ ჟურნალისტის ხმა] მახსოვს, წინა თავდაცვის მინისტრის პერიოდში პრობლემა იყო შეიარაღებული ძალების მონიტორინგი. ახალი მინისტრის დროს თუ მოგვარდა ეს პრობლემა?

[ სოზარ სუბარის ხმა] ”გრძელდება პრობლემები და ერთადერთი თავდაცვის სამინისტროა, სადაც გვაქვს პრობლემები შესვლაზე და მონიტორინგზე. სხვაგან, შესაძლოა, იყოს სურვილი შეგვიშალონ ხელი, მაგრამ იშვიათად გადადის ეს ქმედებაში. თავდაცვის სამინისტრო ჯერჯერობით აუღებელია და არ ვიცი, როგორ ვაპირებთ ნატოში გაწევრიანებას - დახურული არმიით ნატოში, არა მგონია, მიგვიღონ. მარტო ტანკი არ არის საკმარისი. საჭიროა სამოქალაქო კონტროლი. სახალხო დამცველი სახალხო კონტროლის განმახორციელებელია. სამოქალაქო კონტროლი შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე სფეროს - ეს არის ბიუჯეტის ხარჯვის კანონიერება კონტროლის პალატის მხრიდან; ბიუჯეტის დახურული მუხლების ხარჯვა პარლამენტის ნდობის ჯგუფის მხრიდან და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა სახალხო დამცველის მხრიდან. და როცა ამის საშუალება არ გეძლევა, საბჭოთა არმიის ტიპი გამოდის.”(სტილი დაცულია)
[ ჟურნალისტის ხმა] ანუ არაფერი შეცვლილა?
[ სოზარ სუბარის ხმა] ”არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი წერილი მივწერე მინისტრს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. დღეს ხელი მოვაწერე წერილს, რომელსაც ვუგზავნი ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს. უცნაური შემთხვევა გამოვლინდა: ამ კომიტეტმა დააფიქსირა, რომ ჰაუპტვახტებში იყო საშინელი მდგომარეობა - სიტყვასიტყვით გავიმეორებ: წინასწარი დაკავების საკანი, სადაც 24 საათი ჰყავდათ დაკავებულები, მოგვაგონებს კუბოს და არა ოთახს; რაც შეეხება საკანს, სადაც 30 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პირები იმყოფებიან, შუასაუკუნეების დილეგის შემდეგ, მსგავსი არაფერი გვინახავსო. საბოლოო დასკვნაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, ხაზგასმულია, რომ ისინი მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ დახურა ეს ჰაუპტვახტები. ეს ინფორმაცია მათ აქვთ ჩვენი მთავრობისგან. ჰაუპტვახტი არ დახურულა და დღემდე ფუნქციონირებს.” (სტილი დაცულია)

ალბათ, ეს შემთხვევაც მოხვდება სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელზეც სოზარ სუბარი ახლა მუშაობს. გეტყვით იმასაც, რომ პარლამენტში წარსადგენი ანგარიში ამჯერად რეკორდული მოცულობისაა - 700 გვერდზე მეტი.

[მუსიკა]

მცდარი კალენდარული თარიღი და ჟან შარდენის ღვაწლი თბილისისათვის

წამყვანი:
”1699 წლის 2 ნოემბერს დაიბადა ჟან შარდენი, ფრანგი ვაჭარი, მოგზაური, მხატვარი, ავტორი წიგნისა ”მოგზაურობა საქართველოში” ”- ამგვარ ჩანაწერს ამოიკითხავთ 2 ნოემბრის გვერდზე რამდენიმე ქართული კალენდარში. ეს ნაწილობრივ მართალი და ნაწილობრივ მცდარია. საქმე იმაშია, რომ 2 ნოემბერს მართლაც დაიბადა ჟან შარდენი, თუმცა ცნობილი ფრანგი ფერმწერი ჟან ბაპტისტ-სიმონ შარდენი და არა ის ჟან შარდენი, რომელმაც აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც იმოგზაურა. ვინ იყო, რა როლი ითამაშა და რით დაიმსახურა ძველი თბილისის ერთ-ერთი კოლორიტული ქუჩისათვის სახელის მინიჭება ფრანგმა შარდენმა - ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს.

ალექსანდრე ელისაშვილი:

პირველ რიგში რამდენიმე არსებითი შეცდომის გასწორება - ის, რომ 2 ნოემბერს 1699 წლის დაიბადა არა ჩვენთვის, ქართველებისთვის მნიშვნელოვანი ჟან შარდენი, არამედ სხვა - ფერმწერი ჟან შარდენი, ეს უკვე ვთქვით. ისიც ვთქვათ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი ჟან შარდენი მხატვარ ჟან შარდენზე მთელი ნახევარი საუკუნით ადრე 1643 წელს მოევლინა ამ ქვეყანას. ისიც დავაზუსტოთ, რომ ჟან შარდენი იყო ავტორი წიგნისა ”მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”, სადაც საქართველოზეც იყო საკმაოდ დაწვრილებითი საუბარი, თუმცა საქართველოში მოგზაურობაზე მას ცალკე წიგნი არ დაუწერია. მოგზაური ჟან ბაპტისტ შარდენი, მოგვიანებით კი ინგლისურ ყაიდაზე სახელგადაკეთებული სერ ჯონ შარდენი პარიზში დაიბადა, მდიდარი იუველირი ფრანგის, თუმცა აღმსარებლობით პროტესტანტის ოჯახში. იმ პერიოდში მთელს საფრანგეთში პროტესტანტებს ავიწროვებდნენ და ეს იყო ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც შარდენმა ცხოვრების დიდი ნაწილი ჯერ აღმოსავლეთის ქვეყნებში გაატარა, შემდეგ კი ინგლისის ქვეშევრდომი გახდა და ლონდონში აღესრულა კიდეც. მის საფლავის ქვაზე დღემდე ამგვარი წარწერაა ”სერ ჯონ შარდენი - სახელი გაითქვა მოგზაურობით”. უფრო ზუსტი ალბათ ის არის, რომ ჟან შარდენმა სახელი საკუთარი მოგზაურობის ცოცხალი და შთამბეჭდავი აღწერით გაითქვა. მის აღწერილობებს აღტაცებაში მოჰყავდათ ჟან ჟაკ რუსო, ვოლტერი, მონტესკიე და სხვები, მაგრამ რამდენად იყო და არის მნიშვნელოვანი შარდენის ნაშრომები საქართველოსთვის, რამდენად დაიმსახურა მან თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ქუჩისათვის მისი სახელის მინიჭება. ამ კითხვით თბილისის ისტორიის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნეს, ისტორიკოს თემურ ბერიძეს მივმართეთ:

[თემურ ბერიძის ხმა] როგორ არ დაიმსახურა კაცო, დიდი მოგზაური იყო, დაგვიტოვა მისმა მხატვარმა თბილისის პანორამა და აღწერა ბრწყინვალედ თბილისი, მეტი რა გინდა. რამდენი კაცია არაფერი გაუკეთებია და თბილისში მისი ქუჩებია.

ბატონ თემურმა კიდევ უფრო დააზუსტა შარდენის დამსახურება პირველ რიგში მეჩვიდმეტე საუკუნის თბილისის წინაშე. როგორც ცნობილია თბილისში ჟან შარდენი 1671 წელს იმყოფებოდა:

[თემურ ბერიძის ხმა] აღწერა სამეფო ნადიმი, აღწერა თბილისი. დაიხატა მისი, გრელო ჰყავდა თანამხლებლად, ჩამოყვანილი ჰყავდა მხატვარი, იმ მხატვარმა დახატა თბილისის პანორამა, რომელიც ერთ-ერთი უძველესია, იმაზე ადრეული ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. პანორამა ბრწყინვალედ გაკეთებული საქმე. ის, რომ მხატვარმა გააკეთა. თვითონ აღწერილი აქვს ეკლესიები, სამეფო სასახლე, მოედანი, სავაჭროები და ყველაფერი, რაც მაშინ იყო თბილისში.

რაც შეეხება შარდენის ქუჩას, ქუჩას, რომელიც დღევანდელ თბილისში კაფეებისა და რესტორნების სიუხვით გამოირჩევა, საუკუნეების მანძილზე აქ სავაჭროები იყო გამართული, თავად ქუჩა კი გადახურული იყო და სახელიც აქედან მომდინარეობდა. 1958 წელს კი, თბილისის დედაქალაქობის 1500 წლისთავთან დაკავშირებით ქალაქის და ქვეყნის მაშინდელმა მესვეურებმა ჟან შარდენი გაიხსენეს და ბნელი რიგი შარდენად გადანათლეს.



ალექსანდრე ელისაშვილი
რადიო ”თავისუფლება”, თბილისი

[მუსიკა: სიმღერა ნინი ბადურაშვილის შესრულებით]
წამყვანი:
საქმე ეხება ნაცად, ეფექტიან ხერხს ჯარისკაცების მორალური მზადყოფნის განსამტკიცებლად: სამხედრო ბაზაზე ჩადის მომხიბვლელი გარეგნობის მსახიობი ან მომღერალი ქალი, რომელიც ჯარისკაცებს სამშობლოსა და ეროვნული ერთობის დაცვას შთააგონებს. ისტორიული კადრები ამ როლში ლეგენდარულ მარლენე დიტრიხს და მერლინ მონროს გვაჩვენებს. საქართველოს შემთხვევაში კი ეკრანებზე ბოლოხანს გამოსულ ვიდეოკლიპში ვიხილეთ ნინი ბადურაშვილი.

ეკრანზე ვუყურებთ ახალგაზრდა მშვენიერ ქალს, რომელიც სამხედრო ბაზას მოივლის, ვიდრე სცენაზე ავიდოდეს: “მშვიდობა ვუსურვოთ აფხაზეთსო” მღერის პოპ-ვარსკვლავი, თუმცა მუსიკის თანმხლები ვიდეოკადრები - ნაკლებად მშვიდობიან შთაბეჭდილებას სტოვებს.

[მუსიკა: სიმღერა ნინი ბადურაშვილის შესრულებით]

აფეთქებები და შვეულმფრენების გუგუნი გასდევს ფონად სიმღერას, რომელიც ხოტბას ასხამს გმირებს, ფსოუს წყალს რომ დალევენ, გმირებს, რომლებიც საქართველოს დროშას ააფრიალებენ აფხაზეთში.

ვიდეოკლიპი გასული თვის ბოლოს გამოჩნდა ეკრანებზე და უმალვე მიიპყრო ყურადღება - გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები, ზოგი გენდერული სტერეოტიპების გამოყენებას აკრიტიკებს, ზოგი მილიტარიზმის პროპაგანდას. ორივე ასპექტზე - ცოტა მოგვიანებით. ჯერ კი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, გიორგი გაბაშვილს მოვუსმინოთ: საქმე ის არის, რომ მისმა სამინისტრომ და არა თავდაცვის უწყებამ (რაც თითქოს უფრო ლოგიკური იქნებოდა) დააფინანსა ბადურაშვილის სიმღერის ვიდეოკლიპი.

[გიორგი გაბაშვილის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

გაბაშვილი დასძენს, რომ ვიდეოკლიპი მომღერლის ინიციატივით შეიქმნა. რაც შეეხება დაფინანსებას, საამისოდ კულტურის სამინისტრომ 50 000 ლარი გაიღო.

ახლა კი კრიტიკულ შეფასებებს დავუბრუნდეთ. აი, რას ამბობს ვიდეოკლიპის შესახებ გენდერის ექსპერტი თამარ საბედაშვილი: [თამარ საბედაშვილის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

ნინი ბადურაშვილის ვიდეოკლიპი პოპკულტურის - მილიტარიზმის პოპულარიზაციისთვის გამოყენების მხოლოდ ერთი მაგალითია. პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე შეგვახსენებს, რომ არაერთი ცნობილი ხელოვანი, მათ შორის მომღერლები, მწერლები, საჯაროდ გამოხატავენ მხარდაჭერას სამხედრო სფეროს გაძლიერებისადმი, რომ აქამდეც არაერთ პოპ-მუსიკოსს გადაუღია ვიდეოკლიპი სამხედრო ბაზებზე, რომ შარშანწინ საქართველოს მმართველმა პარტიამ შემოიღო კონკურსი სახელწოდებით “პატრი-ნოტი”, რომლის მიზანიც საუკეთესო პატრიოტული სამღერებისა და სამხედრო მარშების გამოვლენაა.

ჯარის პოპულარიზაცია ეროვნული იდენტურობის განმტკიცების სამსახურში დგას, ხოლო რაც შეეხება ეროვნულ იდენტურობის გაგებას - ამ მხრივ ბოლო წლებში საყურადღებო ცვლილება შეინიშნება. ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გიგა ზედანია როგორც აღნიშნავს [გიგა ზედანიას ხმა - იხ. აუდიოვერსია]

ეს, ახალი კონცეფცია ესადაგება ხელისუფლების მიერ არაერთხელ, საჯაროდ გამოთქმულ სურვილს, მშვიდობიანი გზით აღადგინოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, შექმნას პირობები საიმისოდ, რომ სეპარატისტული რეგიონების მოსახლეებმა თავი იგრძნონ საქართველოს სასურველ, სრულუფლებიან მოქალაქეებად. მაგრამ მეორე მხრივ, ნაციონალისტური, მილიტარისტული იმპულსების გაძლიერებამ, რომლის წყაროდაც ზოგს სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა, ზოგს მილიტარისტული განწყობის გამომხატველი ვიდეოკლიპები მიაჩნია, ხელს შეუშლის სეპარატიზმის შედეგად გაუცხოებული ადამიანების გულის მოგებას. პუბლიცისტი ნინია კაკაბაძე აუცილებლად მიიჩნევს აქცენტის გაკეთებას სამშვიდობო დიალოგის აუცილებლობაზე.
[ნინია კაკაბაძის ხმა - იხ. აუდიოვერსია]

ასე რომ, გამოდის, სამხედრო სფეროს პოპულარიზაცია - სათანადო კონტექსტში - მისაღებად შეიძლება მივიჩნიოთ. ფილოსოფოს გიგა ზედანიას კი არა მარტო მისაღებად - აუცილებლადაც მიაჩნია ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა. საქმე ეხება ჩამოყალიბების რთულ პროცესში მყოფ ახალგაზრდა სახელმწიფოს, რომელმაც უნდა გაუწიოს პოპულარიზაცია პოლიციას და არმიას:

[გიგა ზედანიას ხმა - იხ. აუდიოვერსია]

[მუსიკა: სიმღერა ნინი ბადურაშვილის შესრულებით]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG