Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება? ამ საკითხზე ვაშინგტონში სამდღიანი კონფერენცია გაიმართა


როგორ უზრუნველვყოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარება? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ კენჭისყრის შედეგმა ზედმიწევნით ზუსტად ასახოს ელექტორატში რეალურად არსებული განწყობილება?

როგორ მოვახერხოთ წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობაში კენჭისყრის სუბიექტების დაფინანსების წყაროთა გამომზეურება? ამ საკითხებზე მსჯელობას მიეძღვნა სამდღიანი კონფერენცია, რომელიც გასული კვირის მიწურულს გაიმართა ვაშინგტონში. რადიო "თავისუფლების" ვაშინგტონელი კორესპონდენტის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა.

მსოფლიო საარჩევნო ორგანიზაციის კონფერენცია წლეულს უკვე მეოთხედ ჩატარდა და ამჯერად მისი სახელწოდება იყო "ყოველი ხმა მნიშვნელოვანია". შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს არჩევნების მოწყობასთან დაკავშირებულ მრავალ საკითხზე, მათ შორის საარჩევნო კამპანიაში მედიის როლზე.

კონფერენციის დელეგატებს შორის იყო მაზლუმ ბარალიუ, კოსოვოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი. მისთვის ფორუმში მონაწილეობა განსაკუთრებით საინტერესო იყო, რადგან კოსოვოში წლეულს ორი არჩევნები უნდა გაიმართოს: ადგილობრივი და სოყოველთაო.

სერბიის ამ პროვინციაში გაეროს საგანგებო წარგზავნილის მარტი აჰტისაარის გეგმის თანახმად, კოსოვოს პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს ორი ახალი საარჩევნო კანონი, რომლებიც შემდეგ საარჩევნო კომისიამ პრაქტიკულად უნდა განახორციელოს. მაზლუმ ბარალიუს თქმით, ვაშინგტონში ის კოლეგების გამოცდილების გასაცნობად და კონტაქტების დასამყარებლად ჩავიდა.

[მაზლუმ ბარალიუს ხმა] "ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ვისწავლოთ, გავიცნოთ კოლეგები, ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, გავცვალოთ ინფორმაცია, შევხვდეთ საარჩევნო კომისიების წევრებს. ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან ჩვენი ქვეყანა ამჟამად სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესშია."

ერთ-ერთი ექსპერტი, რომელსაც მაზლუმ ბარალიუ კონფერენციაზე შეხვდა, მარცინ ვალეცკი იყო - წარმოშობით პოლონელი ამერიკელი სპეციალისტი, რომელიც ანტიკორუფციულსა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების პროგრამებს ახორციელებს. აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული ამ პროგრამების მიზანია, გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებს ხელი შეუწყოს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში (სხვათა შორის, ვალეცკის საქართველოშიც უმუშავია).

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან, ჰეთერ მაჰერთან საუბარში ვალეცკიმ აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ საკუთარი საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად დახარჯული ფულის საკითხი ერთ-ერთი უმთავრესია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ხშირად ესა თუ ის კრიმინალური დაჯგუფება ან ბიზნეს-ჯგუფი ამ გზით ცდილობს არჩევნების შედეგზე თავისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას. მეორე: ვალეცკის თქმით, სახსრების უქონლობის გამო, მოქალაქეთა 99 პროცენტს საშუალება არა აქვს, არჩევნებში კენჭი იყაროს. და მესამე: საარჩევნო კამპანიები სულ უფრო მეტად ემსგავსება შეჯიბრს იმაში, თუ ვინ მეტ ფულს დახარჯავს კამპანიაში წარმატების მოსაპოვებლად. ამავე დროს, ვალეცკი ამბობს, რომ შეინიშნება დადებითი ტენდენციებიც, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ საზოგადოება სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენს დაფინანსების წყაროებისადმი.

[მარცინ ვალეცკის ხმა] "ვფიქრობ, შეფასების კრიტერიუმები იცვლება და პოლიტიკოსება ეს უნდა გაითვალისწინონ. 21-ე საუკუნეში საზოგადოებრივი აზრი, უწინდელთან შედარებით, განსხვავებულად აფასებს პოლიტიკას, პოლიტიკურ მოღვაწეებს, პოლიტიკურ პარტიებს. მათ აღარ აძლევენ უფლებას, ისე იმოქმედონ, როგორც მე-19 ან მე-20 საუკუნეში მოქმედებდნენ. გაიზარდა მოლოდინის ხარისხი, მომთხოვნელობის დონე, და ხალხი პოლიტიკოსებს ანგარიშის ჩაბარებას სთხოვს."
XS
SM
MD
LG