Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მიმართ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოიყვანეს


დღეს დილით ბაღდადში სისრულეში მოიყვანეს სასიკვდილო განაჩენი ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ტაჰა იასინ რამადანის მიმართ.

სასამართლომ ერაყის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დამნაშავედ სცნო 1982 წელს, ქალაქ დუჯაილში ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციაში, რომლის მსვლელობაში 148 შიიტი დახოცეს.

რამადანი სადამ ჰუსეინის მთავრობის მეოთხე მაღალჩინოსანია, რომელიც სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ თუ წინა სამ შემთხვევას ახლდა მძაფრი კრიტიკა თვით სიკვდილით დასჯის პროცედურის მისამართით - გავიხსენოთ თუნდაც სადამ ჰუსეინის ჩამოხრჩობა და მისი ამსახველი ვიდეოკადრები - ამჯერად, როგორც ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, ყველაფერმა წესისა და რიგის თანახმად ჩაიარა.

რამადანის სიკვდილით დასჯას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ ის შიიტი მაჰმადიანები, რომლებმაც სადამ ჰუსეინის რეჟიმის სისასტიკე საკუთარ ტყავზე გამოსცადეს. შესაბამისად, უცხოელ კორესპონდენტებს არ გასჭირვებიათ ბაღდადის ქუჩებში მათი მოძებნა, ვინც კმაყოფილებას გამოხატავდა ტაჰა იასინ რამადანის ჩამოხრჩობის გამო. რეიტერის კორესპონდენტთან საუბარში ბაღდადელმა საბაჰ ქააბიმ ქებით მოიხსენია სასამართლო პროცესი და თქვა, რომ განაჩენი სამართლიანი იყო.

[საბაჰ ქააბის ხმა] "ეს სასამართლო მხოლოდ მთავრობის მიერ შექმნილი სასამართლო არ არის. ეს ერაყელი ხალხის სასამართლოც არის. მოხარული ვართ, რომ მან ასეთი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო."

კიდევ ერთი ბაღდადელის, კადიმ ჯაბარის თქმით, რამადანის სიკვდილით დასჯამ შვება მოუტანა მრავალ ერაყელს.

[კადიმ ჯაბარის ხმა] "ერაყელი ხალხისთვის ეს დიდი ბედნიერებაა. ტაჰა იასინ რამადანმა და მისმა თანამზრახველებმა დიდი ზიანი მიაყენეს ერეყელებს. მათ გაგვანადგურეს. ცოცხლად გადარჩენილთაგანაც კი დღეს ბევრი იტანჯება."

ტაჰა იასინ რამადანი 2003 წლის აგვისტოში დაატყვევეს ერაყელმა ქურთებმა, რომლებმაც მოგვიანებით ის აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებს გადასცეს. თავდაპირველად რამადანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ეს გადაწყვეტილება უფრო მკაცრი განაჩენით - სიკვდილით დასჯით შეიცვალა.
XS
SM
MD
LG