Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იხსენებენ ლეონიდ ბრეჟნევს საქართველოში?


მშვიდობისთვის ბრძოლა და ჰელსინკის ხელშეკრულების გაფორმება, დისიდენტების დევნა-დაპატიმრება და ჩეხეთში ჯარების შეყვანა,

ებრაელთა რეპატრიაციის დაწყება და ავღანეთში ინტერნაციონალური მისიით წითელი არმიის შეჭრა - ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქმედებებისა, რომელიც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანისა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თამჯდომარის ლეონიდ ბრეჟნევის სახელს უკავშირდება. ძვირფასი ლეონიდ ილიას ძე, როგორც მხცოვან გენერალურ მდივანს მოფერებით პატარა ოქტომბრელები და პიონერები ეძეხდნენ, საბჭოთა კავშირს მთელი 18 წლის განმავლობაში მართავდა. ისტორიკოსთა მტკიცებით, რომ არა ბრჟნევი და მისი პირმშო „ზასტოი“, ანუ „უძრაობის ხანა“ წითელი იმპერიის მკვიდრად ნაშენი და მლიონობით უდუანაშაულო ადამიანის სიხლით გამოკვებილი სხეული კიდევ კარგა ხანს იდგებოდა ფეხზე. დღეს ჩვენ გავიხსენებთ ლეინიდ ბრეჟნევს, ათასობით ანეკდოტის პერსონაჟსა და საბჭოთა იმპერიის ყველაზე კოლორიტულ მმართველს,რომელსაც 2006 წლის 19 დეკემბერს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.

ლეონიდ ბრეჟნევი - კაცი რომელიც საბჭოთა იმპერიას სათავაში მთელი 18 წლის განმავლობაში ედგა, 100 წლის წინ უკრაინის ქალაქ კამენსკოეში, მუშის ოჯახში დაიბადა. როგორც ირკვევა, პროფესიით მიწისმზომელს ხარისხიანი განათლება არ მიუღია, ასპარეზად კი ახალგაზრდა ბრეჟნევმა კომუნისტური პარტიის წიაღი აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული წარმატებებისთვის არ მიუღწევია, ბედიის ირონიით თუ შემთხვევითობის წყალობით 1964 წელს, ნიკიტა ხრუშოვის შინაპატიმრობაში აყვანის შემდეგ, კომუნისტურ პარტიას ლიდერად სწორედ რომ ლეონიდ ბრეჟნევი მოევლინა. საბჭოთა ხალხი სტალინისა და ხრუშჩოვის შემდეგ, ახალ ბელადს უმართავდა ოვაციას.

[ისმის მქუხეარე ტაში, ისმის ბრეჟნევის ხმა] „ძვირფასო მეგობრებო! პატივცემულო სტუმრებო!“

ლეონიდ ბრეჟნევს, როგორც ისტორიკოსები ამტკიცებენ, ძალაუფლების მოსაპოვებლად, თითქმის არაფერი გაუკეთებია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული ამბობს, რომ შეთქმულების ორგანიზატორებმა ბრეჟნევს ლეღვის ფოთლის როლი არგუნეს.

[ვახტანგ გურულის ხმა] „ეს იყო აბსალუტურად შემთხვევით პიროვნება ამ თანამდებობაზე. როგორ აირჩიეს? იმ დროის შედარებით ნიჭიერმა ხალხმა: სემისჩასტნიხმა, შელეპინმა, შელესტმა და სხვებმა ლეონიდ ბრეჟნევი წამოსწიეს, იმიტომ, რომ ხრუშჩოვს შეეძლო ამათი დარბევა და თუ დაისჯებოდა, კედელთან დააყენებდნენ ეონიდ ბრეჟნევს, თუ გაიმარჯვებდნენ, ამ ვიგინდარას ადვილად გადააგდებდნენ, მაგრამ ეს ვიგინდარა იმათზე უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა ხელისუფლების შენარჩუნების თვალსაზრისით“.

ხელისუფლება კი მართლაც შეინარჩუნა, თუმცა მისი მმართველობის წლებში აყვავდა ჩრდილოვანი ეკონომიკა და კორუფცია, რომელმაც მთელი სახელმწიფო აპარატი მოიცვა. ლეონიდ ბრეჟნევი სტალინის მსგავსად რკინის ხელით როდი მართავდა. მისი არ ეშინოდათ, განსაკუთრებით მმართველობის უკანასკნელ წლებში, ყოველ შემთხვევაში ანეკდოტებს, რომელშიც გენერალური მდივანი ნახევრად სულელი და გამოჩერჩეტებული მოხუცის როლში გვევლინებოდა, საბჭოთა მოქალაქეები ხმამაღლა და ყოველ ნაბიჯზე ჰყვებოდნენ. საინტერესოა, როგორ იხსენებენ თბილისელები ლეონიდ ბრეჟნევს?

[მამაკაცის ხმა] „ბრეჟნევის პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. მას რეპრესიები არ ჩაუტარებია არც სტალინივით და არც ხრუშჩოვივით. იყო თავისთვის. თვითონაც ცხოვრობდა და სხვებსაც აცხოვრებდა. ეს იყო და ეს“.

[მამაკაცის ხმა] „სასაცილო იყო მისი ხელმძღვანელობაც, მისი ყოფნაც, მისი არყოფნაც. ბოლო ორი წელიწადი მე მგონი საერთოდ არ იყო და მის ნაცვლად ქვეყანას სხვთა მართავდა“.

უნდა ითქვას, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ლეონიდ ბრეჟნევი საქართველოს დედაქალაქს სტუმრობდა. გენერალური მდივანი თბილისს 1981 წლის 23 მაისს, საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავზე ეწვია. მასპინძელთა შორის იყო ცენტრალური კომიტეტის მაშინდელი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი.

[ჯუმბერ პატიაშვილის ხმა] „უკვე ხანდაზმული იყო. ძლივს მოძრაობდა. ეს უმოძრაობა ემჩნეოდა ყველაფერს: მოქმედებას, საუბარს... სპეციალური ტრიბუნა გააკეთეს სასტუმრო აჭარასთან, კონსტიტუციის მოედანზე, ლიფტი დაამონტაჟეს იმის გამო, რომ კიდეზე ასვლა არ შეეძლო. გარდა ამისა, იუმროის გრძნობაც ჰქონდა. უყვარდა ცირკი, უყვარდა ილუზიონისტები.მახსოვს აქ რომ ჩამოვიდა, საგანგებოდ მისთვის ცნობილი ილუზიონისტი დიკ ჩიტაშვილიც კი ჩამოიყვანეს, რათა მისთვის ნომერი ეჩვენებინა“..

თუმცა, ბრეჟნევის საამებლად მარტო ილუზიონისტები როდი ირჯებოდნენ. სამამულო ომში, ყირიმში, „მცირე მიწაზე“ გამოჩენილ ვითომ გმირობაზე ლეონიდ ბრეჟნევმა მოგონებები დაწერა, რასაც პოეტებმა ლექსები, ხოლო კომპოზიტორებმა სიმღერები მოაყოლეს.

[ისმის სიმღერა „მცირე მიწაზე“]

„მცირე მიწას“ ბრეჟნევმა სხვა ტექსტები, ამჯერად შრომის გიმრობის სხვა მაგალითები - - „აღორძინება“ და „ყამირი“ დაამატა, თუმცა ისტორიკოსი ვახტანგ გურული ამბობს, რომ სინამდიველეში ლეონიდ ბრეჟნევი არ იჩენდა პოლიტიკისადმი ჯეროვან ინტერესს და ქვეყნის მართვაშიც ზერელედ მონაწილეობდა. რა იყო ამის მიზეზი?

[ვახტანგ გურულის ხმა] „ეს იყო აბსულუტურად უნიჭო კაცი, რომელსაც არ ჰქონდაარც პოლიტიკოსის, არც დიპლომატის, არც მხედართმთავრის არანიარი ნიჭი. არ უფიქრია, მაგრამ 24 საათიც რომ ეფიქრა სახელმწიფოს მართვაზე, არფერი გამოუვიდოდა, იმიტომ, რომ ყველაფერში ხელს შეუშლიდა ორი ძალიან დიდი უარყოფითი თვისება: სიზარმაცე და ლოთობა. ის იყო გამოუსწორებელი ზარმაცი და გამოუსწორებელი ლოთი“.

გამოუსწორებელმა ზარმაცმა და გამოუსწორებელმა ლოთმა, როგორც ვახტანგ გურული ლეონიდ ბრეჟნევს უწოდებს, 1979 წელს გამოუსწორებელი შეცდომაც დაუშვა, როცა საბჭოთა ჯარები ავღანეთში შეიყვანა. ხანგრძილვმა ომმა გეგმიურ და ისედაც მყიფე საბჭოთა ეკონომიკას ძირი გამოუთხარა, რის შედეგადაც ლეონიდ ბრეჟნევს, გარდაცვალებიდიან სულ რაღაც ათი წლის თავზე, საბჭოთა კავშირიც მიჰყვა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG