Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მემარჯვენე ოპოზიცია” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის


საქართველოს პარლამენტში მხარეები - ვგულისხმობთ უმრავლესობას და “მემარჯვენე ოპოზიციას” - ერთმანეთს ახალ-ახალი ინიციატივების გამოტანაში ეჯიბრებიან.

პირველად ”მემარჯვენე ოპოზიცია” გამოვიდა ინიციატივით, ტელეკომპანია “202” -თან დაკავშირებული სკანდალისა და ბექაურ-რამიშვილის საქმის შესასწავლად შექმნილიყო დროებითი საგამოძიებო კომისია, ამის შემდეგ კი ფრაქცია ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნას კომისია, ბექაურ-რამიშვილის საქმის კი არა, დეპუტატების ბიზნესინტერესების გამოსაძიებლად. უმრავლესობას სურს, პროცესი საბაჟო ტერმინალ ”ოპიზასთან” მიმართებით ბექაურის ინტერესების გამორკვევით დაიწყოს და სხვების - მათ შორის, ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული ოპოზიციონერი დეპუტატების - ბიზნესინტერესების შესწავლით გაგრძელდეს.

ამ ინიციატივის სააშკარაოზე გამოტანისთანავე ”მემარჯვენეები” ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების
მოთხოვნით გამოვიდნენ. რა არგუმენტებს ეფუძნება ეს მოთხოვნა და როგორია მასზე უმრავლესობის - და არა მარტო უმრავლესობის -წარმომადგენლების რეაქცია?

”მემარჯვენე ოპოზიციის” ახალი ინიციატივის არგუმენტი ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაშია ჩამოყალიბებული. განცხადება კი შემდეგი შინაარსისაა: ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება, საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები ყოველდღიურად ფეხქვეშ თელავენ კონსტიტუციასა და კანონებს, სასამართლო უსიტყვოდ ასრულებს პროკურატურის დავალებებს, ქვეყნის ძირითად კანონში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ თავი ისეთსავე სიმბოლურ ჩანაწერად იქცა, როგორიც ეს საბჭოთა კონსტიტუციაში იყო, თავისუფალი სიტყვა და თავისუფალი აზრი სერიოზული საფრთხის ქვეშაა, საქართველოს პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების მოკრძალებულ დანამატად გადაიქცა, მან დიდი ხანია დაკარგა საზოგადოების ნდობა და დეპუტატის მანდატის მქონე ადამიანთა უფუნქციო თავყრილობას წარმოადგენს. ამგვარ სიტუაციაში რევოლუციური კატაკლიზმების თავიდან აცილებისა და ქართული სახელმწიფოს იდეის გადარჩენის ერთადერთი ლეგიტიმური, კონსტიტუციური გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

განცხადების ავტორები და მასზე ხელისმომწერი დეპუტატები (ხელმომწერები კი ჯერჯერობით მხოლოდ ”მემარჯვენე ოპოზიციის” წარმომადგენლები არიან) მოუწოდებენ პრეზიდენტს და საპარლამენტო უმრავლესობას, გამოიყენონ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

[დავით გამყრელიძის ხმა] ”მე ხელს ვაწერ პირველი ამ განცხადებას და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რევოლუციური კატაკლიზმების თავიდან ასაცილებლად და მშვიდობიანი გზის მოსაძებნად ეს არის ერთადერთი გზა. ეს არის ჩვენი მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯი, გაწვდილი ხელი უმრავლესობისა და პრეზიდენტის მიმართულებით.”

ეს განცხადება ”მემარჯვენე ოპოზიციის” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გაშუქდა. ჩვენ დაგვაინტერესა, როგორი იყო უმრავლესობის წარმომადგენელთა რეაქცია მემარჯვენეების ახალ ინიციატივაზე და გიგა ბოკერიას დავუკავშირდით. მისი პასუხი იყო ძალიან მოკლე:

[გიგა ბოკერიას ხმა] ” ღიმილის გარდა, სხვა რეაქციას ვერ მოვიფიქრებ; ისიც, გამეცინა ერთხელ და მეორეჯერ გაცინებას არ ვაპირებ.”

უმრავლესობას ”მემარჯვენე ოპოზიციის” ახალ ინიციატივაზე გაეღიმა; რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს ”რესპუბლიკური პარტიიდან” და ”კონსერვატორებისგან”, დავით ბერძენიშვილმა მიიჩნია, რომ “მემარჯვენე ოპოზიციის” ინიციატივა პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ ახალი სალაპარაკო თემის შექმნაზე უნდა იყოს გათვლილი. ”უმრავლესობა ინიციატივას, რა თქმა უნდა, არ მიიღებს და “მემარჯვენეებსაც” მიეცემათ საბაბი იმის სათქმელად, რომ უმრავლესობას ახალი არჩევნების ეშინია,” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დავით ბერძენიშვილმა და შეკითხვას, მოაწერენ თუ არა ხელს რესპუბლიკელები ”მემარჯვენე ოპოზიციის” განცხადებას, უპასუხა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ” ვნახოთ. მოვიფიქრებთ. ჩვენთვის ეს არ ქმნის პრობლემას. პრობლემა არის ის, რომ ხელმოწერებით ეს საკითხი არ წყდება. ”

ასევე ფიქრობს კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კობა დავითაშვილიც. ვინაიდან, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი პარლამენტს ითხოვს მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში, მაგალითად, თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს მინისტრთა კაბინეტს ან ჩააგდებს ბიუჯეტის პროექტს. ხელმოწერების საფუძველზე პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არა აქვს, ამიტომ კობა დავითაშვილს საჭიროდ მიაჩნია, დაიწყოს მოძრაობა კონსტიტუციაში შესაბამისი შესწორების შესატანად.

“მემარჯვენეები” ფიქრობენ, რომ თუ უმრავლესობის წევრები და მათთან ერთად პრეზიდენტი გაიზიარებენ ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, გამონახავენ კიდეც მოთხოვნის რეალიზაციის კონსტიტუციურ გზას. მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ასე მოხდეს.
XS
SM
MD
LG