Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელიან საქართველოში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა სამიტისგან


საქართველოს პრეზიდენტი ყაზანშია, სადაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების მეთაურთა

სამიტში იღებს მონაწილეობას. შექმნის დღიდან მკვდრადშობილად მონათლული თანამეგობრობის სამიტის მიზნად ამჯერადაც მისი სტრუქტურების რეფორმირების მიღწევა დასახეს, თუმცა დსთ-ს უფრო ეფექტიან გაერთიანებად გარდასახვას ნაკლებად ელის ვინმე, მით უფრო - თბილისში. ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის ერთადერთ გამართლებად თანამეგობრობის სამიტებზე პრეზიდენტების - განსაკუთრებით კი, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტების - პირისპირ შეხვედრებს მიიჩნევენ. ისინი ყაზანის სამიტისგან რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში გარკვეული სიახლის წარმოჩენას ელიან და მეტს არაფერს.

ყაზანში დაწყებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრას საქართველოში განსაკუთრებულ მოლოდინს არც მმართველი გუნდის წარმომადგენლები უკავშირებენ და არც მათი ოპონენტები. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში არ აინტერესებთ, თანამეგობრობის ლიდერთა შეხვედრის მიმართ აქ ერთადერთი ინტერესი არსებობს - რას შეცვლის ის პრობლემური ურთიერთობების მქონე ქვეყნების და, პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”პირადად მე ასეთი შეხვედრებისგან ველი იმას, რომ გაირკვევა ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან. დსთ-ს არავითარი პერსპექტივა არა აქვს, სინამდვილეში ეს არის იმის საშუალება, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ და მოილაპარაკონ. საქართველოს და რუსეთს მოსალაპარაკებელი ბევრი აქვთ მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ”

ამბობს ოპოზიციონერი პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი. ბოლოს და ბოლოს, დაიწყებს თუ არა რუსეთი საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის ზრუნვას, ამის თქმა არც მას და არც სხვას არ შეუძლია. ყაზანში რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობების გარკვევის სერიოზული მოლოდინიც არ არსებობს, თუმცა პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა ჩვენთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ ყაზანის შეხვედრები ურთიერთობებს კიდევ უფრო არ გააფუჭებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”რეალობები ბოლო შეხვედრიდან შეიცვალა - ბევრი რამ მოხდა უკრაინაში, ყირგიზეთში, გარკვეული გეოპოლიტიკური გადააზრება იმ რეგიონისა, სადაც ვცხოვრობთ, ამიტომ შეხვედრები საინტერესო უნდა იყოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი რეალურად მაინცდამაინც უარყოფითად არ არის განწყობილი. მაგრამ რადგან შეხვედრა მაინც რუსეთში ხდება, არა მგონია, ასე იყოს. პუტინმა გარკვეული პოლიტიკური ნაბიჯების დაგეგმვა მაინც უნდა მოახერხოს.”(სტილი დაცულია)

”თუ საქართველოს მიმართ რადიკალურ განცხადებებს ექნება ადგილი, არ არის გამორიცხული გაკეთდეს განცხადება თანამეგობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესახებ, თუმცა არა მგონია, ასე მოხდეს,” - აღნიშნა კოტე გაბაშვილმა და იქვე განმარტა: ასეთი განცხადებები პირისპირ შეხვედრებზე - მით უფრო, სამიტებზე - ნაკლებად კეთდებაო. აქვე შევნიშნავთ, რომ ყაზანის სამიტის გახსნამდე რუსეთის მედიაში გაჩნდა ვერსია, რომლის მიხედვით, უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტები ამ სამიტზე გააკეთებენ განცხადებას თანამეგობრობიდან მათი ქვეყნების გასვლის თაობაზე.

რეალურად რა არის მოსალოდნელი ყაზანის სამიტისგან? ამ შეკითხვით პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელსაც მივმართეთ:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”უკრაინამ უნდა განაცხადოს, საერთო ეკონომიკურ სივრცეში იქნება თუ დასავლეთისკენ იღებს გეზს; რუსეთი შეეცდება შეინარჩუნოს თანამეგობრობა და მისთვის ახალი ხასიათი გამონახოს. ”

ალექსანდრე რონდელის თქმით, ამას გარდა, ალბათ, გაკეთდება ერთგვარი მუქარანარევი განცხადებები იმ ქვეყნების გასაგონად, რომლებსაც არ სურთ რუსეთთან ერთად ყოფნა, განცხადებები იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნებს ენერგომატარებლები საერთაშორისო ფასებით მიეწოდებათ.


XS
SM
MD
LG