Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული კინოს “რეანიმაციის” პროცესი, როგორც ჩანს, მართლაც


ქართული კინოს “რეანიმაციის” პროცესი, როგორც ჩანს, მართლაც,

დაიწყო. პრემიერას ლევან თუთბერიძის ფილმისა “მოგზაურობა ყარაბახში”, რომელიც მარტის დასაწყისში გაიმართა კინოთეატრ “ამირანში”, მოჰყვა პირველი ჩვენება ლევან ზაქარეიშვილის სურათისა “თბილისი-თბილისი”, ფილმისა, რომლის გადაღებას რეჟისორი თითქმის ათი წლის წინ შეუდგა; მას შემდეგ ლევან ზაქარეიშვილის სურათს ჯერ სათაური შეუცვალეს (თავდაპირველად ფილმს “თბილისი-სტამბული” ერქვა), მერე ოპერატორები, მსახიობები... ბოლოს და ბოლოს, ფილმის დასასრულებლად ფული ბადრი პატარკაციშვილის ფონდმა გამოყო. “თბილისი-თბილისი” პრაღაში გაახმოვანეს და გასულ კვირას კინოთეატრ “ამირანში” უჩვენეს. პრაღაში გაახმოვანა თავისი “მოგზაურობა ყარაბახში” ლევან თუთბერიძემაც.. საერთოდ, ამ ორ სურათს ბევრი აქვს საერთო. დავიწყოთ იმით, რომ ორივე ლევანი ერთი თაობის წარმომადგენელია, ორივე 80-იან წლებში მოვიდა კინოში და, ბუნებრივია, რომ ახალ ფილმებში ორივე რეჟისორი სწორედ 80-იანი წლების ქართული “ახალგაზრდული კინოს” ესთეტიკის აღორძინებას ცდილობს. ორივე სურათი მოკლებულია 90-იანი წლების ქართული კინოსთვის დამახასიათებელ ყალბ პათოსს, გაუმართლებელ მისტიციზმს და ორივე რეჟისორი ცდილობს დაუბრუნოს კინო რეალობას, სიმართლეს. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი მაინც განასხვავებს “ყარაბახსა” და “ თბილისს”.. ტექნიკური თვალსაზრისით, ლევან თუთბერიძის სურათი ევროპული კინოს სტანდარტებს უახლოვდება. 90-იანი წლების საქართველოს, უფრო სწორად, კავკასიის გარემო იმდენადაა რეალისტური, რამდენადაც რომანტიზირებულია,… მაშინ როცა ლევან ზაქარეიშვილის ფილმში ეგრეთ წოდებულ “კინემატოგრაფიულ ჭუჭყს” ბლომად აღმოაჩენთ. თუმცა ეს ფრაგმენტულობა, უდიერი მონტაჟი და ასინქრონულობა ტექნიკური წუნის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რადგან ამ შემთხვევაში ფორმა, მართლაც, ჰარმონიულად უკავშირდება შინაარსს;… “თბილისი-თბილისი” მოკლებულია ყველანაირ რომანტიზაციას, ნოსტალგიას..... შეიძლება ითქვას, რომ ესაა ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფილმი ქართული კინოს ისტორიაში, თემურ ბაბლუანის “უძინართა მზის” შემდეგ.. ქვეყანა, რომელიც ბაზრობად იქცა, ქვეყანა, სადაც ყველაფერი იყიდება, თბილისი – გადაღებული ისე, თითქოს ამ ქალაქს არც რუსთაველის პროსპექტი ჰქონდეს, არც ნარიყალა, არც მეტეხი.. მხოლოდ – ბაზრობა, ჯიბის ქურდებით, მათხოვრებით, მეძავებით, ნარკომანებით და ჯიხურის გამყიდველით, რომელიც საბჭოთა ეპოქაში კინოდრამატურგიის კურსს კითხულობდა თეატრალურ ინსტიტუტში.

საქართველოს დედაქალაქის ასეთმა სურათმა, რასაც აქ ფინალურ ტიტრებზე რევაზ ლაღიძის სიმღერა “თბილისო” ემატება, ნიაზ დიასამიძის შესრულებით (ეს ძალიან სევდიანი “თბილისოა”), შესაძლებელია, გააღიზიანოს რომანტიკულ-პოეტური ხელოვნების მოყვარულები. მაგრამ ლევან ზაქარეიშვილმა გაგვახსენა, რომ კინოფილმი მხატვრული ნაწარმოებია. რეჟისორის მიზანი მხატვრული სახის შექმნა უნდა იყოს და არა სტერეოტიპის დამკვიდრება. მისთვის კი ასეთი თბილისია საქართველოს დედაქალაქის მხატვრული სახე. კინოს ენა გადაჭარბებულ პირობითობას ვერ იტანს, მაგრამ კინოს ენა არც სატელევიზიო რეპორტაჟის ენას გულისხმობს. ლევან ზაქარეიშვილის ფილმში ეს ბალანსი მეტ-ნაკლებად დაცულია... ამას აღიარებენ ის კრიტიკოსებიც, რომელთაც “თბილისი - თბილისი” არ მოეწონათ. ერთ-ერთი მათგანი ნინია კაკაბაძეა.

[ნინია კაკაბაძის ხმა] “ყველაზე მეტად რაც მომეწონა ლევანის ფილმში, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი არ მომეწონა, ამ სურათის ყურებისას არ გამიჩნდა აზრი, რომ ეს იყო; სინამდვილის გრძნობა აქ შთამბეჭდავია, მე დავინახე, რომ ეს იყო, არის და იქნება კიდეც.. ძალიან დამაჯერებლად იყო ეს პატარ-პატარა ისტორიები გადმოცემული, სიღრმეში შევიდა ავტორი.”(სტილი დაცულია)

განსხვავებით ნინია კაკაბაძისგან, რომელსაც “ქართული ნეორეალიზმის” პერსპექტივების მაინცდამაინც არ სჯერა, ჩვენი მეორე თანამოსაუბრე, კინოკრიტიკოსი თეო ხატიაშვილი, ლევან ზაქარეიშვილის ფილმის პრემიერას მნიშვნელოვან მოვლენად მიიჩნევს თანამედროვე ქართულ კინოში:

[თეო ხატიაშვილის ხმა] “მიუხედავად იმისა, რომ სიყალბისა და პათეტიკის ელემენტები შეიმჩნევა, მაინც ესაა, მართლაც, გულწრფელად შეწუხებული ადამიანის ხედვა და პოზიცია, რომელიც განგაწყობს ფიქრისთვის. აქ ჩანს დრამატურგია, რაღაც ვითარდება, მიუხედავად იმისა, რომ ფრაგმენტების სახითაა მოცემული. ეს კი ქმნის მხატვრულ ნაწარმოებს.”

ახალი ქართული ფილმი “თბილისი-თბილისი”, რომელიც მალე გამოვა ეკრანებზე, ქართული კინოს დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრის საბაბად იქცა. რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში კინოკრიტიკოსი ქალბატონებისგან “მოხვდათ”, პირველ რიგში, უფროსი თაობის რეჟისორებს, იმათ, ვისი სახელებითაც ამაყობს ქართული კინო,… უფრო სწორად, ამ რეჟისორების მიერ 90-იან წლებში გადაღებულ სურათებს. “ქართველი 60-იანელებისა” და “70-იანელების” ფილმებში მისტიციზმის, ირაციონალიზმის მომძლავრებას თეო ხატიაშვილი ხსნის, როგორც თავად აღნიშნავს, “გარკვეული კომპლექსებით”:





[თეო ხატიაშვილის ხმა] “უფროსი თაობის რეჟისორები ისევ ცდილობდნენ აბსტრაქტული, ინტელექტუალური კინოს კეთებას და ერთგვარი თავის არიდება სიციალური თემატიკისგან - ეს უფრო თავის არიდებაა იმ საბჭოური პერიოდიდან, როცა ეს გარკვეულ იდეოლოგიასთან ასოცირდება. ბუნებრივია, როცა სოციალურ თემატიკას იღებ, შენ გარკვეულ პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავ და ამას დღემდე გაურბიან ქართველი რეჟისორები, რადგან ეშინიათ, რომ ვინმემ არ მიაკეროს მემარცხენეობა, კომუნისტობა, რაც დღემდე ჩვენთან სალანძღავად ითვლება.”(სტილი დაცულია)

არსებითად ეს არა იმდენად ქართული კინოს, რამდენადაც მთელი კულტურის პრობლემაა. სოციალური თემა – არაპრესტიჟულად ითვლება. მით უმეტეს, რომ ფილმის წარმოების პროცესი საქართველოში უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს..ამასობაში ესა თუ ის სოციალური პრობლემა შეიძლება მოგვარდეს.. ამიტომ რა საჭიროა სოციალური პრობლემატიკა, როცა არსებობს ქართული კინოს ტრადიცია – ეზოპეს სტილი და სიცოცხლის “მითოლოგიზაცია”.

[ნინია კაკაბაძის ხმა] “ეს ითვლება აპრობირებულ ფორმად. დარწმუნებულები არიან, რომ რადგან ამ ფორმამ იმუშავა, ამავე ფორმით უნდა განვაგრძოთ. მე უფრო გამიხარდება, თუ გაჩნდება ახალი სკოლა, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ძველი ქართული კინო არ მიყვარს.. მე ვფიქრობ, რომ არაა აუცილებელი დავეყრდნოთ მამების, ან ბაბუების თაობას – ტრადიციის გაგრძელება არ გულისხმობს “განმეორებას”, ტრადიცია შეიძლება იცოდე და შექმნა ახალი.”

ამბობს კინოკრიტიკოსი ნინია კაკაბაძე.… მისი კოლეგა თეო ხატიაშვილი კი შეგვახსენებს როგორ იქცეოდნენ ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები მაშინ, როცა ქვეყანაში კინოკრიზისზე იწყებოდა ლაპარაკი. შეგვახსენებს ფრანგულ “ახალ ტალღას” – 50-იანი წლების ბოლოს ფრანგულ კინოში მოსულ ახალ თაობას, რომელმაც “მამიკოების კინოს” ომი გამოუცხადა, მაგრამ საყრდენი წერტილი მაინც დაიტოვა – ეგრეთ წოდებული “ბაბუების კინო”, შეგვახსენებს 60-იან წლებს დასავლეთ გერმანიაში, სადაც იგივე მოხდა – ახალგაზრდა რეჟისორებმა მამები კონფორმიზმში დაადანაშაულეს, თანამოაზრეებად კი 20-იანი წლების გერმანელი რეჟისორები აირჩიეს.


[თეო ხატიაშვილის ხმა] “არსებობდა ტრადიციული გარღვევა საზღვრებიდან, იგივე “მემარცხენეობა” საქართველოში, კინემატოგრაფისტებშიც და არა მარტო კინოშიც. ქართველმა რეჟისორებმა ცოტა უფრო ღრმად რომ ჩაიხედონ თავიანთი კინოს ისტორიაში, ალბათ, აღმოაჩენენ ბევრ საინტერესოს.. შეიძლება არა მარტო ქართულში, იგივე გერმანულში, ფრანგულში.
ტრანსფორმაცია სჭირდება ყველაფერს, რადგან ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა – რომ ჩვენ ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით, იმის მიუხედავად, რომ მოხდა “ვარდების რევოლუცია”....არაფერი შეიცვლება, თუ არ მოხდება ცვლილებები ცნობიერებაში. გამახსენდა, ამას წინათ სტუდენტებს ვუამბობდი სიურრეალისტებზე და მაშინ ვთქვი, რომ ერთადერთი, რაც მაკავშირებს ფუნდამენტალიზმის გამოვლინებასთან, ესაა უკურეაქციის იმედი – იმედი, რომ საქართველოშიც გაჩნდებიან სიურრეალისტები.”(სტილი დაცულია)

საქართველოში სიურრეალისტები უკვე ჩნდებიან. სიურრეალისტური აბსურდის ელემენტები წარმოჩნდება ფილმში “მოგზაურობა ყარაბახში”.. უცხო თვალისთვის სიურრეალისტურ სურათს ჰგავს საქართველოს დედაქალაქი ფილმში “თბილისი-თბილისი”.… სხვა საქმეა, რომ ეს სიურრეალიზმი, ანუ “ზერეალიზმი”, ჩვენი მაყურებლისთვის მეტისმეტად ნაცნობია.. იმდენად ნაცნობი, რომ ლევან ზაქარეიშვილის ფილმის დასრულებისას, სწორედ მაშინ, როცა “თბილისო” ჟღერდა, ნიაზ დიასამიძის შესრულებით, დარბაზში მაყურებლის უმრავლესობამ ცრემლი ვერ შეიკავა.

20-იანი წლების სიურრეალისტებზე ვიღაცას ეცინებოდა, ვიღაც ბრაზდებოდა....21-საუკუნის დასაწყისში ქართველი კინოსიურრეალისტები მაყურებელს ატირებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG