Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ივერიიდან” გამოსახლებული დევნილების უმეტესობამ ბინების შეძენა ვერ მოახერხა


თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მდებარე სასტუმრო “ივერია” ერთ თვეზე მეტია, რაც დევნილებისაგან დაცარიელდა. დედაქალაქის მერიის ძალისხმევითა და

გერმანული ოპერატორი კომპანიების ფინანსური მხარდაჭერით, სასტუმროდან ორი კვირის განმავლობაში 327 ოჯახი იქნა გასახლებული. ყოველ დაკავებულ ოთახზე გაცემულმა ფულადმა კომპენსაციამ 7 ათასი, ჯამში კი - 2 მილიონი დოლარი შეადგინა.
კომპენსაცია, როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, ბინების შესაძენად გაიცა, თუმცა გამოსახლების დასრულებიდან ერთი თვის თავზე ირკვევა, რომ დევნილთა უმეტესობას კვლავ არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი ფართი. მათი უმეტესობა ან ნათესავებთან აფარებს თავს, ან ნაქირავებში ცხოვრობს.

[ქალბატონის ხმა] “ხვალიდან ვაწყობთ ლტოლვილთა გრანდიოზულ მიტინგს, მივდივართ რუსეთის საელჩოსთან ლოზუნგებით, ვყრით ქართულ პასპორტებს, მოვითხოვთ რუსეთის მოქალაქეობას, აფხაზეთის დამოუკიდებლობას, აფხაზეთში დაბრუნებას.”

ასე ემოციურად გამოხატავდნენ თავიან გულისწყრომას ჯერ კიდევ თვე-ნახევრის წინ სასტუმრო “ივერიაში” მცხოვრები დევნილები. ისინი, გამოსახლების ვადის გადაწევის პარალელურად, კომპენსაციის მოცულობის გაზრდასაც ითხოვდნენ. მიუხედავად რადიკალური განცხადებებისა, მერიამ უკან არ დაიხია. შედეგად, 28 აგვისტოს თბილისის ცენტრში მდებარე სასტუმრო “ივერია” დევნილებისგან მთლიანად დაცარიელდა. არადა, საბჭოთა კავშირის დროს აგებული ეს მრავალსართულიანი შენობა თითქმის ცამეტი წლის განმავლობაში, ფანერებაკრული აივნებისა და გასაშრობად გამოფენილი ჭრელა-ჭრულა სარეცხის წყალობით, დაკარგული აფხაზეთის ლამის ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოდ ითვლებოდა. სასტუმრო “ივერიაში” პირველი დევნილები ხომ ჯერ კიდევ სოხუმის დაცემამდე, 1992 წლის ოქტომბერში, გაგრის დაკარგვის პირველ დღეებში, გამოჩნდნენ. მათ შორის იყო 82 წლის ტერენტი ჩარკვიანი, რომელიც დევნილობის პირველ დღეებს ასე იხსენებს:

[ტერენტი ჩარკვიანის ხმა] “1992 წლის 17 ოქტომბერს… 2 რიცხვიდან წამოვედი გაგრიდან. შემთხვევით შევედი “ივერიაში” და მითხრეს, დირექტორი არისო… გვარი დამავიწყდა… ჩვენთან ჩამოდიოდნენ, მე მაშინ “დომ ოტდიხის” დირექტორი ვიყავი და მიცნობდნენ ყველანი… შევედი და ვუთხარი, ასეთი და ასეთი მდგომარეობა მაქვსო. კი, მოგცემთო, მაგრამ გასაღები არ მაქვს ახლაო და ორშაბათს მოდიო, მითხრა. კი ბატონო-მეთქი და მივედი. მომცეს გასაღები და ვცხოვრობდი იქ.”(სტილი დაცულია)

ჯამში, ბატონმა ტერენტიმ სასტუმრო “ივერიაში”, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, 12 ხანგრძლივი წელი გაატარა. ამ შენობასთან მას ბევრი ტკბილი თუ მწარე მოგონება აკავშირებს, თუმცა, ამის მიუხედავად, “ივერიიდან” გამოსახლების გამო გული არ სწყდება:

[ტერენტი ჩარკვიანის ხმა] “გული რაზე უნდა დამწყდეს? იმაზე მწყდება, რომ ბინა მაქვს მოსაძებნი, თორემ ერთი ოთახის ნაცვლად თუ სამ ოთახს ვიშოვი, მაგის გამო გული არ დამწყდება. მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიშოვე… ”

ჩემი რესპონდენტი იმედოვნებს, რომ მიღებული კომპენსაციის ფასად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას შეძლებს, თუმცა ფასების მკვეთრი მომატების გამო ბატონმა ტერენტიმ, ისევე როგორც სასტუმროდან გამოსახლებულთა თითქმის ოთხმოცმა პროცენტმა, ბინების შეძენა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

[ტერენტი ჩარკვიანის ხმა] “ესე იგი, ჩემი შვილიშვილის მულის ოჯახში ვცხოვრობთ. ისინი თავად წასული არიან, მოსკოვში ცხოვრობენ თუ სადღაც, ვერ გეტყვით.” (სტილი დაცულია)

გაგრელი დევნილის მსგავსად, ასევე საკუთარი ბინის გარეშეა დარჩენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა და განსახლების მინისტრი ნინო თოდუა, რომელიც ოჯახის ცხრა წევრთან ერთად სასტუმრო “ივერიაში” 1997 წლიდან ცხოვრობდა. ქალბატონ ნინოს, როგორც თავად ამბობს, ძალიან გაუჭირდა შეჩვეულ ადგილთან განშორება. “ივერიის” დატოვებამ მას დევნილობის პირველი დღეები გაახსენა:

[ნინო თოდუას ხმა] “მე ვიტყოდი, რომ ზუსტად აფხაზეთის დაკარგვის მომენტი დამიდგა. მაინც სადღაც ვფიქროდი, რომ ნუთუ მართლა ხელმეორედ მომიწია გადევნილება… მაშინდელ უიმედობას დღევანდელს ვერ შევადარებ, მაგრამ თვით შეგრძნება ნამდვილად, აი, ასეთი იყო.”(სტილი დაცულია)

ქალბატონი ნინო კომპენსაციის სახით მიღებული ფულადი დახმარების გამო კმაყოფილებას გამოთქვამს და იმედოვნებს, რომ შვილებთან ერთად ორ-სამ თვეში საცხოვრებელი ფართის პრობლემასაც მოაგვარებს. თუმცა ამის გაკეთება რომ იოლი არ არის, ეს უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრი მატებიდანაც კარგად ჩანს. სად და რა ფართობის შეძენა შეიძლება მიღებული კომპენსაციის საფასურად? ამ კითხვას კომპანია “სიგმას” დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი ასე უპასუხებს:

[ზურაბ ლაჩაშვილის ხმა] “ოროთახიანი ბინის, ერთოთახიანის, სამოთახიანის - გააჩნია სართულსა და ადგილს. მესამე მასივში, ვარკეთილში, გლდანი, მუხიანი, თემქა, ფონიჭალა და ასეთები…”

“ივერიიდან” გამოსახლებული დევნილები უძრავ ქონებაზე ფასების დაცემას ელოდებიან და არ ჩქარობენ. მათთვის თბილისში შეძენილი ბინებიც ხომ დროებითი საცხოვრებელია. ისინი ხომ აფხაზეთში, საკუთარ სახლებში, დაბრუნებას აპირებენ:

[ტერენტი ჩარკვიანის ხმა] “მე თავიდან ვამბობდი და დღესაც ვიძახი: ამ წლოვანების ვარ და მე დავბრუნდები და სხვისი არ ვიცი. მე უნდა დავბრუნდე!”

ეს იყო გაგრიდან დევნილი ტერენტი ჩარკვიანი, 82 წლის.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG