Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი ჰააგაში მიმდინარე სამიტის ფონზე


ჰოლანდიის დედაქალაქ ჰააგაში 8 ივლისს გაიმართა ევროკავშირ-უკრაინის სამიტი, რომელიც პირველია მას შემდეგ, რაც 1მაისს კავშირის აღმოსავლეთით გაფართოება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ბლოკის ათი ახალი წევრიდან, 8 ყოფილი საბჭოთა ბანაკის წარმომადგენელია. ამჯერად ჰოლანდიაში გამართული ორმხრივი სამიტი, რომლის მუშაობაში უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და ევროკომისიის მოქმედი თავმჯდომარე რომანო პროდი ღებულობდნენ მონაწილოებას, უკრაინა-ევროკავშირის შემდეგომ თანამშრომობის საკიხებს მიეძღვნა.

მოლოდინის მიუხედავად, ჰააგაში გამართულ სამიტზე, ვერ მოხერხდა უკრაინა-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ხელმოწერა. მიზეზი ორმხრივია, ახალი გამოწვევები, რასაც ევროკავშირის მომავალი წევრობა უკრაინის წინაშე აყენებს და თავად უკრაინის მოთხოვნები, რომლებიც აღემატება ბლოკის მიერ შეთავაზებულ შესაძლებლობებს.

ჰოლანდიაში, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაში, 8 ივლისს გამართულ ევროკავშირ-უკრაინის სამიტზე, პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას, როგორც გაზეთი "უკრაინსკაია პრავდა" წერს, დაავიწყდა ეთქვა მთავარი – სურს თუ არა უკრაინას ევროკავშირის წევრობა? სამაგიეროდ ლეონიდ კუჩმამ აქტიური თანამშრომლობის სანაცვლოდ უკრაინის როგორც საბაზრო ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს სტატუსის აღიარება, ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაცია, სხვადასხვა სამრეწველო პროგრამებთან და ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაშვება მოითხოვა.

მაგრამ უკრაინის მხრიდან ასეთი მტკიცე მოთხოვნების დაყენება, არყევს ევროკავშირს, რომელიც თავის მხრივ კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ "სამეზობლო პოლიტიკის პროგრამა" თუ "სამოქმედო გეგმა" არ ნიშნავს ბლოკში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას. მით უფრო, რომ, როგორც ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადეგნელმა, რეიო კემპინენმა ჩვენი რადიოს თანამშრომელს განუცხადა, ევროკავშირი მოელის უკრაინისგან უფრო მკაფიო ინდიკატორებს, როგორიცაა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების გარანტიები. თანაც, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები თარიღის მოახლოებასთან ერთად კავშირის შეშფოთება კიდევ უფრო იზრდება, ამბობს ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი.

[რეიო კემპინენის ხმა] " ჩვენ აგრეთვე ხაზს ვუსვამთ უკრაინაში 2004 წლის ოქტომბრისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობას და მის ჩატარებას მყარი დემოკრატიული გარანტიების პირობებში, ჩვენ აგერთვე ხაზს ვუსვამთ თავისუფალი, დაბალანსებული და მიუკერძოებელ მედიის მიერ წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების მნიშვნელობას".

ევროკავშირის შეშფოთება უკრაინაში პრესის თავისუფლების ხარისხით, სრულიად გასაგებია. როგროც ჩვენთან სატელეფონოს საუბარში ცნობილმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ვლადიმერ პოლოხალომ აღნიშნა, მთავრობის მიერ კონტოლირებადი უკრაინული მას-მედია, უკვე აშკარად მუშაობს სახელისუფლებო კანდიდატის, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის სასარგებლოდ, რაც არჩევნების მანიპულაციის ალბათობას ზრდის.

[ვლადიმერ პოლოხალოს ხმა] "საქმე ისაა, რომ უკრაინაში ძირითადი მას-მედია ან უშუალოდ ხელისუფლების, ან ფინანსურ-პოლიტიკური კლანების მიერ კონტროლდება, ისინი კი თავის ფართობს არა ვიქტორ იუშჩენკოს, არამედ სახელისუფლებო კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩის აგიტაციისთვის გამოიყენებენ, რაც უკვე დაწყებულია. ის, რომ საპრეზიდენტო არჩევენებზე უკრაინაში ბინძურ მანიპულაციებს ექნება ადგილი, ამაში არათუ ექსპერტებს, არამედ უფრო ფართო საზოგადოების წარმომადგენლებსაც არ ეპარებათ ეჭვი."

მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ბლოკის თავდაცვითუნარიანობის განმტკიცებაში. გარდა ამისა, როგორც ევროკავშირის ოფიციალურმა წამრომადგენელმა რეიო კემპინენმა განაცხადა, ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, თუკი კიევი შესაბამისობაში მოიყვანს სატარიფო და ფასწარმოქმნით პოლიტიკას. რაც შეეხება უკრაინისათვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის მინიჭებასა და ევროკავშირთან "სამოქმედო გეგმის" ხელმოწერას, ამ საკითხებს, მომდევნო უკრაინა-ევროკავშირის სამიტი, სჩანს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მიუბრუნდება.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG