Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მესამე სექტორი კრიზისს განიცდის


გასული წლის ნოემბერში საქართველოში განვითარებულ მოვლენებში, რომელსაც “ვარდების რევოლუციად” მოიხსენიებენ, ერთ-ერთი ძირითადი როლი შეასრულეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ანუ მესამე სექტორმა. ამ სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებმა მაშინ საზოგადოებაში სამოქალაქო ცნობიერების გაღვიძება და მობილიზება შეძლეს, თუმცა რევოლუციის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ახლა საზოგადოება - და არამხოლოდ ქართული - ნაკლებად კრიტიკულია საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ, რაც სულაც არ უწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიისა და ღია სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. ამას კარგად ხედავს არასამთავრობო სექტორი და გამოსავალი გზების ძიებითაა დაკავებული.

ის, რაც შევარდნაძის ხელისუფლების დროს დაუშვებელი და წარმოუდგენელი იყო, დემოკრატიის ტალღაზე მოსული ახალი ხელისუფლებისათვის თითქმის მუშაობის წესად იქცა. ლაპარაკია საპროტესტო აქციების დარბევასა თუ უსანქციო დაპატიმრებებზე. ბოლო დროს ხელისუფლება იმდენად გათამამდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლების ყველაზე დაუძინებელი მტრები ”კმარას” აქტივისტებიც კი ვეღარ ფარავენ თავიანთ აღშფოთებას:

[“კმარას” აქტივისტის ხმა] ”ჩვენ ვიბრძოდით შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ და ვებრძოდით სწორედ ასეთ ძალადობას. დღეს უარესი ხდება. მართალია, ეს ხელისუფლება ხალხის ნებას ემყარება, მაგრამ თუ ვერ დავინახავთ და ვერ ვხედავთ იმას, რომ ისინი ხალხს ყურადღებას აქცევენ, შესაბამისად “კმარას” უფრო ხმამაღლა დავუძახებთ მას.”

ეს განცხადება თეა თუთბერიძემ, მოძრაობა ”კმარას” ერთ-ერთმა ლიდერმა 2 ივლისს თბილისის მერიის წინ გააკეთა.
“კმარას” აქტივისტების აღშფოთება 1 ივლისს მერიის შენობის წინ მოქალაქეთა მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციის სასტიკმა დარბევამ გამოიწვია. თუ “კმარამ” ხელისუფლების ძალისმიერ ნაბიჯებზე პოსტფაქტუმ რეაგირება მაინც მოახდინა, ამასაც ვერ ახერხებენ არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლები. ამის მიზეზების გასაანალიზებლად და მესამე სექტორის მდგრადობის შესანარჩუნებელი გზების გამოსანახად 3 ივლისს სასტუმრო “თორში” საქართველოში მოქმედი ძირითადი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს - სოროსის ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის დავით დარჩიაშვილის თქმით, ქვეყანაში შექმნილმა ახალმა ვითარებამ არასამთავრობო სექტორი რთულ ვითარებაში ჩააყენა, რადგან მესამე სექტორის ლიდერთა დიდი ნაწილი ხელისუფლებაში გადავიდა:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”და ეს ძველი მეგობრობა, ძველი ურთიერთგაგება და ახალი როლები ჯერ მთლად კარგად ერთმანეთს ვერ მოერგო. არასამთავრობო სექტორი მაინც, გარკვეულწილად, ეგრეთ წოდებული ვოჩ დოგია, მაკონტროლებელია ხელისუფლების. მაგრამ ამ დროს ის ხალხია, ვისთან ერთადაც ვაკონტროლებდით ძველ ხელისუფლებას. და, აი, რანაირად უნდა მოხდეს გაგება ამისა, რა ფორმებით უნდა ხორციელდებოდეს ურთიერთობა, ეს ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელია. ეს ერთი პრობლემაა.”

დავით დარჩიაშვილის აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მეორე პრობლემას კადრების დეფიციტი წარმოადგენს. ის, როგორც დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი, აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციათა გასაძლიერებლად დამატებითი პროგრამების განხორციელებაა საჭირო:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”მთლად თავიდან არა, მაგრამ რაღაც ღონისძიებები, რაც ითვლებოდა, რომ უკვე წარსულს ჩაბარდა, შეიძლება, გარკვეულწილად, კიდევ იყოს განსახორციელებელი.”

მუშაობის თავიდან დაწყების აუცილებლობის შესახებ საუბრობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ლიდერი თინათინ ხიდაშელიც:

[თინათინ ხიდაშელის ხმა] ”დაახლოებით ისეთივე მუშაობა უნდა დავიწყოთ უცხოელებთან, როგორც 1995-96 წლებში იყო. მე კარგად მახსოვს, როდესაც 1996 წელს სტრასბურგში ჩავედით, როგორც გიჟებს, ისე გვიყურებდნენ, იმიტომ რომ შევარდნაძეზე ცუდ რაღაცეებს ვამბობდით. დაახლოებით ამ ტიპის საქმე გვაქვს ახლა გასაკეთებელი. ამ ბოლო 6 თვის განმავლობაში ძალიან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულებაა, როდესაც აკრიტიკებ ხელისუფლებას.”

თინათინ ხიდაშელის თქმით, ეს განსაკუთრებით შეიმჩნევა საერთაშორისო სამთავრობო ორგანიზაციათა მხრიდან, ისევე როგორც ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისგან. ხოდაშელის აზრით, ამ ეტაპზე მესამე სექტორის მთავარ ამოცანას მითების ნგრევა წარმოადგენს, მითებისა, რომელიც ეგრეთ წოდებული “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ჩამოყალიბდა. ანალოგიურად ფიქრობს სოროსის ფონდის დირექტორი დავით დარჩიაშვილიც. მისი აზრით, არასამთავრობო სექტორს, გარკვეულწილად, ხელისუფლების ოპოზიციონერი პოლიტიკური პარტიების როლის შესრულებაც კი მოუწევს საქართველოში პლურალიზმის შესანარჩუნებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG