Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბენდუქიძე ტოტალურ პრივატიზებას იწყებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თავისი თამამი იდეების რეალიზაციას იწყებს და ფართომასშტაბიანი პრივატიზაციის განხორციელებას აპირებს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე კახა ბენდუქიძესა და სახელმწიფო მინისტრ გურამ აბსანძეს შორის მცირედი შელაპარაკებაც მოხდა. რას გულისხმობს ეკონომიკის მინისტრის ლიბერალური საპრივატიზაციო გეგმა?

საქართველოს მთავრობა წელიწად-ნახევარში სახელმწიფო ობიექტების მთლიან პრივატიზებას გეგმავს. მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა კახა ბენდუქიძემ პრივატიზების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარმოადგინა.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანი ობიექტების - რკინიგზის, საზღვაო პორტების, აეროპორტების, ფოსტის, გაზმომარაგებისა და ენერგეტიკის ობიექტების - გაყიდვა თანდათანობით მოხდება. დანარჩენი სახელმწიფო საწარმოების, რომელთა რაოდენობა 1800-მდეა, სწრაფი პრივატიზაცია განხორციელდება. მანამდე სახელმწიფომ ამ ობიექტებს ტრანსფორმაციის წინადადება შესთავაზა:

[კახა ბენდუქიძის ხმა ] “შევთავაზეთ ამ ხელშეკრულების ტრანსფორმაცია, რაც მათ საშუალებას მისცემდა იმ პირობებში, თუ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხდიდნენ მნიშვნელოვან თანხებს, ჩვენ მზად ვართ გარკვეული აქსელერაცია მოგვეხდინა ამ ხელშეკრულებების და ეს პირობითი საკუთრება გადაიქცეს ნორმალურ კერძო საკუთრებად.”(სტილი დაცულია)

პირველი პრივატიზაცია კი უახლოეს დღეებში აჭარაში ტურისტული ობიექტების გაყიდვით დაიწყება. ”ტურისტული ობიექტები პირველად იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გაკეთდეს, რათა შემდეგი სეზონისთვის მზად იყოს,” - აღნიშნავს ბენდუქიძე.

ქართულ ეკონომიკაში ასევე შემოდის პრივატიზების ახალი ფორმა, რომელსაც ”საერთაშორისო გაყიდვა“ ჰქვია და იგი აუქციონისა და პირდაპირი მიყიდვის პრინციპებს აერთიანებს.

ბენდუქიძის ლიბერალური პრივატიზების გეგმამ მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრ გურამ აბსანძის უკმაყოფილება გამოიწვია. სახელმწიფო მინისტრს მიაჩნია, რომ ქონების გასხვისების ეს ვარიანტი ქართველებს მოსამსახურე ერად გვაქცევს.

[გურამ აბსანძის ხმა] “საქართველოს მოსახლეობამ უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა პრივატიზაციაში და არა იმ ხალხმა, რომელმაც ერთხელ დიდი ფული უკვე იშოვა პრივატიზაციით - თან გაურკვეველია, რა გზით და როგორ. ”

სახელმწიფო მინისტრი ფიქრობს, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა წარმოშობისაა კაპიტალი:

[გურამ აბსანძის ხმა] “ფულს სუნი უდის და უნდა გაითვალისწინონ.”

მსხვილ სახელმწიფო საწარმოებთან ერთად “ბენდუქიძის გეგმა” კულტურის ობიექტების, მაგალითად, ფილარმონიის გაყიდვასაც ითვალისწინებს, რის გამოც თავის შიშს ვერც კულტურის მინისტრი გოკა გაბაშვილი მალავს:

[გოკა გაბაშვილის ხმა] “ეს შენობები გასხვისდეს, შეიცვალოს ფუნქცია და ამ შენობების ქონება გამოყენებული იქნეს სხვა მიზნებით და არა კულტურული მიზნებით, ეს არ უნდა მოხდეს.” (სტილი დაცულია)

როგორც ჩანს, ეკონომიკის მინისტრის რადიკალური ლიბერალიზმი არათუ საზოგადოების, კაბინეტის წევრებისთვისაც “ყურის მომჭრელია”. საინტერესოა, რომ ბენდუქიძის ოპონენტებს ტოტალური პრივატიზაცია, მართალია, ეხამუშებათ, მაგრამ გაპარტახებული და უპერსპექტივო სახელმწიფო ქონების რეანიმაციის სხვა ალტერნატიულ გზას ვერ გვთავაზობენ.
XS
SM
MD
LG