Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ედპ-ტრადიციონალისტების" მემარჯვენე კოალიცია საპარლამენტო არჩევნებისათვის ემზადება


ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და ტრადიციონალისტთა კავშირის პოლიტიკური კოალიცია არსებობის ორიოდ კვირას ითვლის. ამის მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს მემარჯვენე

მოძრაობა წარმოადგენს მომავალი ხელისუფლების ალტერნატიულ ძალას. მემარჯვენე ალტერნატივის პირველ კონფერენციაზე, 29 დეკემბერს, საჯაროდ გაცხადდა, რომ კოალიციის შექმნის ერთადერთი მიზანი არსებულ პოლიტიკურ სივრცეში რეალურ მემარჯვენე ძალთა გაერთიანების ჩამოყალიბებაა. მოლაპარაკებების პროცესი დაწყებულია. კოალიციის წევრობის კანდიდატებად "ახალ მემარჯვენეებსა" და "მრეწველთა პარტიას" ასახელებენ. "მემარჯვენე ალტერნატივა" ჯერჯერობით ორპარტიულია - ამის მიუხედავად, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა" და "ტრადიციონალისტთა კავშირის" ლიდერები აცხადებენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მათ სავალდებულო შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ.

ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა" და ტრადიციონალისტთა კავშირის" კოალიცია დროებით ხელისუფლებასთან დაპირისპირებულ ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. 29 დეკემბერს გამართულ კონფერენციაზე კი, კოალიციის სამოქმედო სტრატეგიის გარდა, დეკლარირებულ იქნა ახალ ხელისუფლებასთან დაპირისპირების ძირითადი მიზეზები: მართვისა და რეფორმირების ბოლშევიკური მეთოდები, "ვარდების რევოლუციის" კადრების რევოლუციად გარდაქმნა. ტრადიციონალისტთა ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოში, მემარჯვენე ალტერნატივის გარდა, აღარ დარჩა ძალა, რომელიც წინ აღუდგება დროებითი - და შემდგომ უკვე ახალი - ხელისუფლების სახელმწიფოსთვის სახიფათო ნაბიჯებს.

[აკაკი ასათიანის ხმა] "დადგმულიც რომ იყოს, ეს ყველა შემთხვევაში ნიშნავს არათანმიმდევრულობას - იმას, რომ არ არის მწყობრი გეგმა, არც, ვთქვათ, ეკონომიკაში, არც, ვთქვათ, საგარეო პოლიტიკაში. ჩვენ ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს. არც საკადრო საკითხებში, არც სახელმწიფოს მოწყობაში რამე იცით რომელიმემ? აი, 4-ის მერე, იცით რომელიმემ რამე, გარდა დაჭერებისა? კი, ბატონო, დაიჭირონ, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. დასაჭერი, მართლაც, ბევრია. ხო, მაგრამ, რამე იცის ვინმემ? მე მოსმენილი მაქვს ორად ორი რამ - რომ დაიჭერენ ყველას, რომ პუტინი შესანიშნავი კაცია და რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინა თავის ხელში, რაც მე, პირადად, არ მომწონს ამ პუტინის და რუსეთის."(სტილი დაცულია)

ამასთან, აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ მემარჯვენე ალტერნატივა იბრძვის გამარჯვებისთვის, ზოგადად, და არა საარჩევნო ბარიერების გადასალახად. იმავე მოსაზრებას იზიარებს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და კოალიციის გენერალური მდივანი ბაჩუკი ქარდავა. მისი თქმით, კოალიცია არის პოლიტიკური და არა საარჩევნო ალიანსი.

[ბაჩუკი ქარდავას ხმა] "სწორედ ამ გაერთიანებამ მაქსიმალურად უნდა მოახერხოს, რომ კოსმოპოლიტური ინტერნაციონალური დემოკრატიიდან ქვეყანა წავიდეს იმ მიმართულებით, რომ განვითარდეს ეროვნული დემოკრატიის კუთხით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მემარჯვენე ძალების კონსოლიდაცია მოხდება და ეს ეროვნული ელემენტი პოლიტიკურ საქმიანობაში კვლავ სერიოზულად იქნება შემოტანილი."

მემარჯვენე კოალიციის პირველი კონფერენციის დელეგატებს ორატორებმა არაერთხელ შეახსენეს, რომ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა და ტრადიციონალისტთა კავშირს დრომოჭმულ და დაუძლურებულ ხელისუფლებასთან კი არა, გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან, საბჭოთა კავშირთან და რუსეთის იმპერიასთან, ბრძოლის გამოცდილება აქვთ. ეს წინააღმდეგობის ძალა წარმოადგენს კოალიციის თავისებურ სავიზიტო ბარათსაც. როგორც ყრილობაზე ითქვა, მემარჯვენე ალტერნატივის ადგილობრივი საბჭოების შექმნა უახლოეს ხანში სრულიად საქართველოს მასშტაბით უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG