Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოს გაკვეთილი არჩევნების წინა პერიოდის საქართველოსთვის


15-16 ოქტომბერს ბაქოში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს. საქართველოს საინფორმაციო საშუალებებში წამყვანი ადგილი დაიკავა საუბარმა მეზობელ სახელმწიფოში ჩატარებულ არჩევნებზე,

რომელსაც ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის სისხლიანი შეტაკება მოჰყვა. გამოხმაურება ამ ფაქტზე ასეთია: პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჰეიდარ ალიევის შვილს ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა გამარჯვება, შევარდნაძის ოპოზიციის წარმომადგენლებმა კი ბაქოში განვითარებული მოვლენების გამო აზერბაიჯანის ხელისუფლება გააკრიტიკეს. აზერბაიჯანში ჩატარებულ არჩევნებსა და მის შედეგად წარმოშობილ დაპირისპირებას საპარლამენტო არჩევნების მომლოდინე საქართველოში ერთგვარ გაკვეთილად განიხილავენ, თუმცა ფიქრობენ, რომ არჩევნებზე შევარდნაძის ხელისუფლება ვერ გაბედავს იმის გაკეთებას, რაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაბედა.


აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნების შედეგების წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, ილხამ ალიევს გამარჯვება ერთ-ერთმა პირველმა ედუარდ შევარდნაძემ მიულოცა.
"წინასწარი მონაცემებით, ალიევმა ხმების 75 პროცენტი მიიღო, საბოლოო შედეგები ორ-სამ დღეში დაზუსტდება, მაგრამ მე მინდა, ჩემი სახელით და ქვეყნის სახელით, მას გამარჯვება მივულოცო", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთის ეკონომიკური ფორუმის გახსნაზე და იქვე იმედი გამოთქვა, რომ აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ის ტრადიციები, რომლებსაც საფუძველი მან და ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარეს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რა თქმა უნდა, არ გაუპროტესტებიათ ის, რაც ბევრმა და, მათ შორის, პირველ რიგში, ბაქოში მყოფმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა გააპროტესტეს.


[ ეუთოს დამკვირვებლის ხმა] " ხდება კანონის დარღვევა, კანონის მასშტაბური, შთამბეჭდავი დარღვევა და ეს ყველაფერი ხდება მმართველი ძალის მხრიდან."

სისხლიანი შეტაკება პოლიციასა და ოპოზიციას შორის - ასეთია აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების სამწუხარო შედეგი. საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართული ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის კი, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა პროტესტის ის ტალღა, რომელმაც ბაქოს არჩევნებთან დაკავშირებით გადაუარა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მაია ნადირაძე ფიქრობს, რომ აზერბაიჯანის სისხლიანი არჩევნების გამო დამნაშავე მხოლოდ ხელისუფლებაა.

[მაია ნადირაძის ხმა] " აზერბაიჯანში არ არის ისეთი ანტაგონიზმი ალიევის შვილის მიმართ და მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანელმა ხალხმაც კი, რომელსაც განსხვავებული მენტალიტეტი აქვს, გაბედა და გამოთქვა სერიოზული პროტესტი. როცა ქვეყანაში არის არეულობა, როცა პოლიცია მიდის და სცემს საკუთარ ხალხს, ეს არ არის ხალხის ბრალი, არც ოპოზიციის ბრალი, ეს არის ხელისუფლების ბრალი. "

ბაქოში პოლიციასა და ხალხს შორის შეტაკების ამსახველ უმძიმეს კადრებს, რასაც საქართველოში მთელი დღის მანძილზე ადევნებდნენ თვალს, შეშფოთებასთან ერთად ერთგვარი შიშიც უნდა გამოეწვია, არჩევნების შიში. მაგრამ აქ არ ფიქრობენ, რომ 2 ნოემბერს შევარდნაძის ხელისუფლება წავა იმაზე, რაზეც აზერბაიჯანში ალიევის ხელისუფლება წავიდა. ოპტიმიზმი რამდენიმე მიზეზით აიხსნება. მათგან პირველი ის არის, რომ, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, საქართველოში ძალაუფლებისთვის ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი 2 ნოემბრის არჩევნებზე კი არა, 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დადგება. მეორე - ოპოზიცია აზერბაიჯანში გაცილებით სუსტია, ვიდრე საქართველოში, და მესამე - დასავლეთიდან დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში უფრო აქვს მხარდაჭერა, ვიდრე აზერბაიჯანში, სადაც უფრო სკეპტიკურად უყურებენ დემოკრატიის მომავალს.

2 ნოემბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება - არჩევნებამდე, რომელიც საქართველოსთვის გადამწყვეტ გამოცდად განიხილება.
XS
SM
MD
LG