Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნების წინა პერიპეტიები საქართველოში - გაბერილი საარჩევნო სიები და დაპირისპირებები, რომლებიც უფრო და უფრო ღრმავდება


არჩევნებამდე 23 დღით ადრე საქართველოში საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე აღიარებს, რომ საარჩევნო სიები გაბერილია, გაყალბებულია. ამ ფაქტს ვერც სახელისუფლებო ბლოკში უარყოფენ,

თუმცა საარჩევნო სიებში შექმნილ სერიოზულ გაუგებრობაზე პასუხისმგებელს საკუთარ რიგებში ვერ ხედავენ. გამოსავლისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური სამუშაო ჯგუფები გამოყო, რომლებმაც საარჩევნო სიების დაზუსტებაზე უნდა იმუშაონ. ამავე მიზნისთვის ოპოზიცია შერეული სამუშაო ჯგუფების შექმნის ინიციატივით გამოვიდა. საარჩევნო სიების პრობლემა პოლიტიკური დაპირისპირების გაღრმავების ერთ-ერთი მიზეზი ხდება, თუმცა მიზეზები სხვაც ბევრია. პარასკევს თბილისის ცენტრში მოძრაობა "კმარას" აქტივისტები დააკავეს. მათი საპროტესტო აქცია "სახელისუფლებო ბლოკის" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას დაუკავშირდა.

მაშინ, როცა სახელმწიფო კანცელარიის ეზოში სახელისუფლებო ბლოკი საარჩევო პროგრამის პრეზენტაციას იწყებდა, მოძრაობა "კმარას" აქტივისტებმა იქვე სამგლოვიარო გვირგვინები მიზიდეს. მათ ხელისუფლების გასვენება უნდა გაეთამაშებინათ. "კმარა სახელისუფლებო ბლოკი! უნიტაზებში სახელისუფლებო ბლოკი!" - ასეთი იყო კმარელების მოწოდებები, რომლებიც სახელისუფლებო ბლოკის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის დაწყების წინ კანცელარიასთან გაისმოდა. ამ მოწოდებებით შექმნილი ხმაურის აღკვეთა პოლიციამ ტრადიციული მეთოდით სცადა. კმარელები სცემეს, რამდენიმე მათგანი დააპატიმრეს კიდეც, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

[ ხმა: საპროტეტოს აქციის დარბევია]

სამართალდამცავებმა "კმარას" საპროტესტო აქციის აღკვეთა მანამდე მოახერხეს, სანამ "სახელისუფლებო ბლოკის" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე პრეზიდენტი ჩაბრძანდებოდა. აქედან გამომდინარე შეძახილები - "კმარა სახელისუფლებო ბლოკი!" მას არ გაუგონია. ბლოკის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მშვიდ ვითარებაში შედგა. ყველაზე საინტერესო მასზე ის იყო, რომ შევარდნაძემ რუსეთის პრეზიდენტი ჰიტლერს შეადარა, მეზობელ სახელმწიფოებზე შესაძლო პრევენციული დარტყმების თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო. მანამდე, თავად შევარდნაძის ხელისუფლების მოქმედების გეგმა შეადარა გებელსის გეგმას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ, სახელისუფლებო ბლოკის სპიკერის მიერ მისი და ნინო ბურჯანაძის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში დადანაშაულების გამო. ირინა სარიშვილი-ჭანტურიას მიერ გამოთქმული ბრალდება ახლა ბლოკის სხვა წარმომადგენლებმაც აიტაცეს. არჩევნების წინა ვითარების შესწავლის მიზნით თბილისში ჩამოსულ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს ოპოზიციურმა ძალებმა მიაწოდეს ინფორმაცია გაბერილი საარჩევნო სიების არსებობისა და პოლიციის გააქტიურის თაობაზე, სახელისუფლებო ბლოკის წევრებმა კი მათ უთხრეს, რომ საქართველოში ზოგიერთი პოლიტიკური ძალა საარჩევნო კამპანიას უცხო ქვეყნიდან მიღებული თანხით აწარმოებს.

[ირაკლი გოგავას ხმა] "უამრავი შავი ფული იხარჯება. საიდან აქვთ ეს ფული? ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთიდან აქსიონენკო აფინანსებს ჟვანიას და "იმიჯ-კონტაქტი" - რუსეთის სპეცსამსახურების ფირმა".

ირაკლი გოგავას ასეთი განმარტების მიუხედავად, ევროპელმა სტუმრება შეშფოთება მაინც პოლიციის გააქტიურებისა და საარჩევნო სიებში არსებული პრობლემების გამო გამოხატეს. საარჩევნო სიებში წარმოქმნილ გაუგებრობებთან დაკავშირებით, ეხება ეს ამომრჩეველთა გამოტოვებასა თუ სიებში ზედმეტი ამომრჩევლების შეყვანს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პარასკევს ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა მიაკითხეს. მათგან "ახალმა მემარჯვენეებმა" სიების გადასამოწმებლად შერეული ჯგუფების შექმნის წინადადება წამოაყენეს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ნანა დევდარიანმა კი დაიტოვა იმედი, რომ პოლიტიკური ძალებისგან თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფებისგან მიწოდებული მონაცემების ძირითად მონაცემებთან შედარებით, საარჩევნო სიებში არსებული დარღვევების აღმოფხვრა მოხერხდება.
არჩევნებამამდე 20 დღეზე ცოტა მეტი რჩება.
XS
SM
MD
LG