Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ბოლო შანსის პირისპირ


"2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება. თუ ეს არჩევნები არ ჩატარდება საქართველოს კანონმდებლობისა და ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დაცვით,

უმაღლესი წარმომადგენლობითი ინსტიტუტი დაკარგავს საზოგადოების ნდობას, საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი კი სერიოზულ დარტყმას მიიღებს", - ასეთი განცხადებით დატოვეს თბილისი მაღლი რანგის ამერიკელმა სტუმრებმა - ადამიანებმა, რომლებმაც არჩევნების წინა პერიოდში საქართველოში ვიზიტით დაადასტურეს, რომ დასავლეთში დიდი დაინტერესებაა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
რა შეცვალა მათმა სტუმრობამ არჩევნებისადმი საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებაში? .

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოში ჩამოსულმა დელეგაციამ ქვეყნის მთავრობას წინსაარჩევნო რეკომენდაციები დაუტოვა. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, საჭიროა პრეზიდენტმა და მინისტრებმა ნათელი და მკაცრი მითითებები მისცენ ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციას, რათა მათ შეინარჩუნონ სრული ნეიტრალიტეტი ყველა პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის მიმართ.

სწორედ ამ რეკომენდაციაზე რეაგირებად უნდა მიგვეჩნია ოთხშაბათს სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის სამხარეო რწმუნებულების შეკრება, თუმცაღა, რწმუნებულებმა პრეზიდენტთან შეხვედრის წინ არ დამალეს, რომ მათდამი დაქვემდებარებულ მხარეებში სახელისუფლებო ბლოკის მაღლი პროცენტით გამარჯვებაა გარანტირებული.

[ემზარ კვიციანის ხმა] " სახელისუფლებო ბლოკს, წინასაწარი მონაცემებით, მგონი, სრული, 100 პროცენტიანი მხარდაჭერა ექნება".

სახელისუფლებო ბლოკის 100-პროცენტიანი გამარჯვება ემზარ კვიციანმა კოდორის ხეობაში ივარაუდა. ჟურნალისტებს ოდნავ ნაკლები წინასწარი მაჩვენებელი შესთავაზა პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთში გელა კვარაცხელიამ.

[გელა კვარაცხელია ხმა] "როგორ გეკადრებათ, რა ნახევარზე მეტი, 70 პროცენტზეა ლაპარაკი".

როგორც ჩანს, რწმუნებულები პრეზიდენტთან შეხვედრაზე სწორედ იმ მიზნით შევიდნენ, რომ მასთან "სახელისუფლებო ბლოკის" მაღალი შანსები დაედასტურებინათ. როგორც ჩანს, მათ არაფერი იცოდნენ იმაზე, თუ რა მოსთხოვეს ამერიკელმა სტუმრებმა მთავრობას ადგილობრივ ხელმძღვანელებთან მიმართებით და თავისდაუნებურად აჩვენეს, როგორი წარმოდგენა აქვთ ადგილობრივი ხელისუფლების როლზე არჩევნებში. რწმუნებულებმა და პრეზიდენტმა დახურულ კარს მიღმა ისაუბრეს, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი ბოჭორიძემ განმარტა, რომ კანცელარიაში შეკრებილებმა 2 ნოემბრის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების გეგმა შეათანხმეს. ბოჭორიძის თქმით, გაიცა დავალება - რწმუნებულებმა ყველა საშუალება გამოიყენენ არჩევნებზე სიმშვიდის შესანარჩუნებლად და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მუშაობის ნორმალური პირობების შესაქმნელად. სიმშვიდის დაცვისთვის გადაწყვეტილია რეგიონებში ადგილობრივი სამსახურების სრული მობილიზაცია, ამას გარდა, შეთანხმებულია, რომ არჩევნების წინ რეგიონებში არ დაიშვას მიტინგების ჩატარება. დაავალა თუ არა პრეზიდენტმა რწმუნებულებს საარჩევნო პროცესებში სრული ნეიტრალიტეტის დაცვა, უცნობი რჩება. თუმცა, საეჭვოა, ასეთ დავალებას სამხარეო ხელმძღვანელებში გაენელებინა "სახელისუფლებო ბლოკის" გამარჯვების უზრუნველყოფის მოთხოვნილება.
მაშინ, როცა კანცელარიაში ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნების ამოცანებს და სამხარეო სამსახურების მობილიზაციის გეგმას ათანხმებდნენ, თბილისის ცენტრში მოძრაობის გადაკეტვა მოუხდათ "აღორძინების" აქტივისტებს და მათ მხარდამჭერებს. ამის მიზეზი გახდა გასროლა, რომელიც ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "აღორძინების თბილისის ორგანიზაციის ახალგაზრდული კავშირის "კონფერენციის გახსნის წინ გაისმა.
"აღორძინებაში" მომხდარს პროვოკაციად აფასებენ.
XS
SM
MD
LG