Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო და საქართველოს პრობლემები. რასზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ასამბლეაზე გამოსვლისას


ამერიკის შეერთებული შტატებში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ასამბლეის წინაშე მოხსენებით წარსდა. გაეროში მისი მოხსენება თბილისის დროით 3

ოქტომბრის გამთენიისას მოისმინეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში შეეხო სხვადასხვა საკითხებს და მათ შორის, რაღა თქმა უნდა, აფხაზეთის პრობლემას.

"უკვე 75-მა სახელმწიფომ გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიიღოს გენერალურ დებატებში. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა თქვენთვის , სახელმწიფოების მეთაურებისთვის, რათა დაუდასტუროთ ერთმანეთს საერთო სურვილი დღეს არსებული პრობლემების გადასჭრელად, ესენია: სიაღატაკე, გარიყვა, კონფლიქტები, ტერორიზმი და ასე შემდეგ. თქვენი პირადი დასწრება ნიუ-იორკში სექტემბრის დამლევს მიანიშნებს თქვენს მხარდაჭერას გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და მისი იდეალებისადმი. მოუთმენლად ველი თქვენთან შეხვედრას ". - ასეთი შინაარსის წერილით მიიწვია გაეროს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მეთაური გაეროს გენერალურ ასამბლეზეა, მაგრამ შევარდნაძე ნიუ-იორკში არ წასულა. მის ნაცვლად გენერალურ ასამბლეაზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე საქართველოს პრეტენზიებით საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი წარსდგა. თავის გამოსვლაში ის შეეხო სხვადასხვა თემას, იქნებოდა ეს გაეროს რეფორმირების, მსოფლიოს მდგრადი განვითრებისა თუ საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები. მაგრამ, მთავარი მაინც აფხაზეთის პრობლემა იყო. ამ პრობლემაზე საუბრისას მენაღარიშვილმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის მანევრები აფხაზეთში, რაშიც იგულისხმებოდა სხვადასხვა სახის შეთანხმებები აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხდება და წარმოდგენს საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა რუსეთის სამშვიდობო ძალების აბსოლუტურ არაეფექტურობაზე აფხაზეთში და იქვე აფხაზეთში ვითარების კიდევ უფრო გართულების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გუდაუთაში რუსეთის სამხედრო ბაზის არსებობა დაასახელა. მოითხოვა რუსეთმა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება, რომლის მიხედვით გუდაუთის ბაზის პრობლემა კარგა ხნის წინ უნდა მოხსილიყო.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] "ბატონო პრეზიდენტო, ვიმედოვნებთ, რომ 300 ათასი იძულებით გადაადგილებული პირის იმედგაცრუებისკენ არ მივდივართ. უნდა გაორმაგდეს ძალისხმევა იმისთვის, რომ აფხაზთა მხარემ პოლიტიკური მოლაპარაკებების საფუძვლად მიიღოს ბოდენის დოკუმენტი, რაც თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილებას გულისხმობს. მხოლოდ გაეროს გაზრდილი როლითა და საერთაშორისო საზოგადოების ნებით შეიძლება აფხაზ სეპარატისტთა იძულება - წავიდნენ დათმობებზე. თუკი ეს ასე არ მოხდება, საქართველოს მთავრობას სხვა არაფერი დარჩენია იმის გარდა , რომ გაეროს უშიშროების საბჭოს გაეროს ქარტიის მეშვიდე მუხლის ამოქმედების მოთხოვნით მიმართოს".

ასეთი პათოსის იყო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა. მაგრამ ეს იყო გამოსვლა გენერალურ დებატებში და რა უნდა შეცვალოს დებატებმა, როცა გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებებს არ შეუძლია რაიმეს შეცვლა.
XS
SM
MD
LG