Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიდერები და პოლიტიკური მოტივაცია


ქართული პოლიტიკის ყველაზე აქტიური პერსონაჟები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან,

მაგრამ მათი დაყოფა მაინც შესაძლებელია ორ ბუნებრივ ჯგუფად: ძველი და ახალი თაობის ლიდერებად. ამგვარი შეფასება უკავშირდება არა იმდენად ასაკს, რამდენადაც პოლიტიკურ მოტივაციას. მოტივაციის ფაქტორი კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.



არსებობს ორი მთავარი მოტივი, რომელიც ნებისმიერ სფეროში მოღვაწე ლიდერის სახეს და საქმიანობის არსს განსაზღვრავს. პირველი - ძალაუფლების მოტივია, მეორე კი - მიღწევის მოტივი. ქართულ რეალობაში ძველი თაობის პოლიტიკოსების წამყვანი მოტივი ძალაუფლებაა, ახალი თაობის პოლიტიკოსების საქამიანობას კი მიღწევის მოტივი განაპირობებს.

ამ მოვლენის ახსნა ბოლო ათწლეულების ისტორიას უკავშირდება. ძველი თაობის პოლიტიკოსები თავის კარიერას საბჭოთა პერიოდში აგებდნენ. ეს კი გამორიცხავდა ნებისმიერ მოტივს, ძალაუფლების მოტივის გარდა. საბჭოთა კავშირი ხელოვნური სახელმწიფო იყო და ხელოვნური წესებით ცხოვრობდა. მიღწევებიც ხელოვნურად იქმნებოდა და ემსახურებოდა არა ხალხს, არამედ ლიდერის ძალაუფლების გამყარებას. იმ პერიოდში, როდესაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა ორი პროცესი: კორუფციასთან ბრძოლა და სახალხო მეურნეობის ყველა დარგში მაჩვენებლების ხელოვნური გაზრდა - ორდენების და ჯილდოების მოპოვების მიზნით. საბჭოთა კავშირში ყოველთვის იყვნენ სოციალისტური შრომის ხელოვნური გმირები, რომლებსაც ისეთ მიღწევებს მიაწერდნენ, ადამიანის შესაძლებლობებს მკვეთრად რომ აღემატება.

ასეთ ქვეყანაში, სადაც რეალური მიღწევებისთვის მოტივაცია არ არსებობდა, რადგან ყველა მაჩვენებელი გაყალბებული იყო, პოლიტიკურ ელიტაში დამკვიდრების ერთადერთ გზად ძალაუფლებისთვის ბრძოლა რჩებოდა. ამ ბრძოლას კი თავისი წესები აქვს. პოლიტოლოგიურ ლიტერატურაში ჩამოთვლილ ამ წესებს თვალს თუ გადავავლებთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ საბჭოთა პერიოდიდან დამოუკიდებელ საქართველოში შემობიჯებული ლიდერები საქმიანობის მთავარ მოტივს - ძალაუფლების წყურვილს - ვეღარასოდეს შეიცვლიან.

ძალაუფლების მოტივი პოლიტიკურ ლიდერს აიძულებს, თავისი კერძო ინტერესები საზოგადოებრივი ინტერესების ტერმინოლოგიით შენიღბოს; ასეთი ლიდერისთვის აუცილებელია, რომ თავად იყოს პროცესების წარმმართველი და მასზე გავლენას ვერავინ ახდენდეს; მისთვის დამახასიათებელია დადებითი ურთიერთობების დეფიციტი და ძლიერი ეგოცენტრული ამბიცია. ძალაუფლების მოტივის მქონე ლიდერებს მოსწონთ ურთიერთობის მონოლოგური სტილი: ან თავად საუბრობენ გაუთავებლად, ან უსიტყვოდ უსმენენ ოპონენტს და მასთან დიალოგში არ შედიან. სამაგიეროდ, ასეთი ლიდერები პარტნიორსაც და ოპონენტსაც აბნევენ იმ სხვაობით, რომელიც ყოველთვის არსებობს ოფიციალურ პროპაგანდასა და კონფიდენციურ შეტყობინებებს შორის, ესე იგი საჯაროდ ერთს ამბობენ, საიდუმლო ვითარებაში კი - სულ სხვას. რაც მთავარია, ძალაუფლების მოტივის მქონე ლიდერს შემოქმედებითი მართვის უნარი შეზღუდული აქვს, არ უყვარს რისკი, ცვლილებები და არსებულ ვითარებას ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს.

სულ სხვაგვარია ლიდერი, რომლის საქმიანობას მიღწევის მოტივაცია უდევს საფუძვლად. იგი შეუპოვარია, ინიციატივიანი და ძლიერ არის ორიენტირებული დასახულ მიზანზე. ძალაუფლებაც იმისათვის სჭირდება, რომ თავის მიზნებს მიაღწიოს; და როდესაც ხელისუფლების სათავეში ექცევა, კიდევ მეტად მიზანსწრაფული ხდება. ასეთ ლიდერს უყვარს ცვლილებები, გარდაქმნები. მიღწევის ლიდერის ბუნებას ზედმიწევნით ხსნის გურამ რჩეულიშვილის ცნობილი ფრაზა, რომ "ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში". შესაბამისად, მიღწევის მოტივაციის მქონე ლიდერი ენერგიული და დაუღალავია. მეტად აფასებს და უფრთხილდება საკუთარ დამოუკიდებლობას. ძალაუფლების მოყვარული ლიდერებისგან განსხვავებით, მიღწევის მოტივის მქონე ლიდერებს უყვართ რისკი. მათთვის დამახასიათებელია აკრძალული ილეთების გამოყენება, თანაც, მეტ-ნაკლებად საჯაროდ; და ამის არც ერიდებათ, რადგან, ფაქტობრივად, იზიარებენ დევიზს, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. სპეციალურ ლიტერატურაში აღნიშნულია ერთი დეტალი, რომელიც მეტად დააინტერესებს ქართველ ამომრჩეველს: მიღწევის მოტივაციის ამოცნობა იმითაც შეიძლება, რომ ასეთი ლიდერის გამოსვლებში ხშირია სხვადასხვა სახელმწიფოს შედარება საკუთარ ქვეყანასთან. არის საქართველოში ასეთი ენერგიული ლიდერი, რომელსაც მართლაც უყვარს უცხო ქვეყნების დასახელება ამა თუ იმ პოლიტიკურ კონტექსტ ში!

ის რეალობა, რომ ძალაუფლების მოტივაცია ძველი თაობის პოლიტიკოსებს ახასიათებთ, მათი ძველი ცხოვრებიდან და დახურული კონკურენციიდან მომდინარეობს. ახალი თაობის ლიდერებს კი თავის დამკვიდრება გაცილებით საჯარო პირობებში უხდებათ, რაც ბუნებრივ უპირატესობას ანიჭებს სწორედ მიღწევის და არა ძალაუფლების მოტივაციას.
XS
SM
MD
LG