რას მოუტანს პოლიტიკური საბჭო სახელისუფლო ბლოკს?
პრესის ერთსულოვანი ვერსიით, პოლიტიკური საბჭოს იდეა ავთანდილ ჯორბენაძის ძალაუფლების შესაზღუდად დაიბადა. შესაბამისად, იდეის ავტორად გამოცხადდა დედაქალაქის მერი ვანო ზოდელავა, რომელსაც სახელმწიფო მინისტრთან სერიოზული კონფლიქტი აქვს. პარალელურად, პრესაში "გაჟონა" საიდუმლო სოციოლოგიური კვლევის შედეგმა, რომლის თანახმადაც, სახელისუფლო ბლოკის ლიდერებს შორის ვანო ზოდელავას რეიტინგი 33%-ია, ავთანდილ ჯორბენაძის კი - მხოლოდ 10%.
ასეთი მკაფიო ფონის მიუხედავად, თუკი სახელისუფლო ბლოკში გადაწვეტილებების მიღების მექანიზმი თვისებრივად შეიცვლება, შეუძლებელია ცვლილებების მთავარი სუბიექტი ავთანდილ ჯორბენაძე აღმოჩნდეს. სახელისუფლო ბლოკი არ შემოკრებილა სახელმწიფო მინისტრის ირგვლივ და ჯორბენაძე არ არის ის ფიგურა, რომლის გადაწყვეტილებებს უკრიტიკოდ გაიზიარებენ ბლოკის სხვა ლიდერები. სახელმწიფო მინისტრი მხოლოდ შუამავალია, რომელიც თანაბლოკელებს პრეზიდენტის სურვილებს და გადაწყვეტილებებს აცნობს. ბლოკში მეტ-ნაკლები თანხმობა სუფევს იმის ხარჯზე, რომ მასში მოქმედებს ვერტიკალური დაქვემდებარების პრინციპი: ედუარდ შევარდნაძის ნება და მისდამი მორჩილება.
სახელისუფლო ბლოკისგან განსხვავებით, ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხერხდა სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიციას არა ერთი, არამედ რამდენიმე ლიდერი ჰყავს. მათ მიერ ერთიანი გადაწყვეტილებების მიღებას კონსენსუსი სჭირდება. ჰორიზონტალური ურთიერთობისთვის კი ოპოზიციური სპექტრი მზად არ აღმოჩნდა.
თუ სახელისუფლო ბლოკი პოლიტიკურ საბჭოს ჩამოაყალიბებს და გადაწყვეტილებებს კენჭისყრით მიიღებს, ეს ნიშნავს ბლოკში დღემდე არსებული ვერტიკალური დაქვემდებარების შეცვლას ჰორიზონტალური ურთიერთობებით. ეს ნიშნავს, რომ ბლოკს აღარ ეყოლება ავტორიტეტი, რომელიც ყველა საკითხს ერთპიროვნულად გადაწყვეტს. უფრო მეტიც, შესაძლოა, საბჭო სწორედ იმისთვის იქმნება, რომ პრეზიდენტი ბლოკს ნელ-ნელა ჩამოშორდეს და არჩევნებში არბიტრის ფუნქცია იტვირთოს.
მაგრამ რამდენად არიან მზად სახელისუფლო ბლოკის ლიდერები ჰორიზონტალური ურთიერთობისთვის? შეძლებენ კი ისინი საერთო ენის მოძებნას საარჩევნო სტრატეგიისა და ტაქტიკის საკითხებზე? ერთიან სიაში კვოტების გაყოფაზე? სახელისუფლო რესურსის გადანაწილებაზე? კოლექტიური გადაწყვეტილებები ყოველთვის უფრო ძნელი მისაღებია, ვიდრე ერთი და აღიარებული ლიდერის მორჩილება.
წინასწარ მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პოლიტსაბჭოს შექმნა სახელისუფლო ბლოკისთვის ორ საფრთხეს მოიცავს: პრეზიდენტის დისტანცირებას არჩევნებისგან და, შესაბამისად, ბლოკის ლიდერებს შორის ურთიერთობის კიდევ მეტად დაძაბვას. მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოს ამოქმედება სახელისუფლო ბლოკის საქმიანობას გაცილებით საინტერესოს გახდის თავად ლიდერებისთვისაც, პრესისთვისაც და საზოგადოებისთვისაც.