Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მასის ფაქტორი ქართულ რეალობაში


საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, ბოლოხანს ერთსა და იმავე რეალობას ასახავს: საქართველოში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს

ლეიბორისტულ პარტიას და მის ლიდერს - შალვა ნათელაშვილს. ბოლო თვეებში ასეთი შედეგით დასრულდა ყველა გამოკითხვა, ჩატარებული მემარჯვენე თუ მემარცხენე პარტიების მიერ, უცხოელი თუ ქართველი სოციოლოგების მიერ.

ადამიანები, რომლებსაც აოცებთ შალვა ნათელაშვილის წარმატებები პოლიტიკურ ასპარეზზე, ალბათ, იმ რეალობას გულისხმობენ, რომ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შემთხვევითი ფიგურაა. მას არ ჰყავს სტაბილური თანამებრძოლები და არ გააჩნია ძლიერი პარტიული სტრუქტურა. ლეიბორისტების საარჩევნო წარმატებები უკვალოდ ქრება არჩევნებს შორის პერიოდში. და მაინც, ყოველ მომდევნო არჩევნებში შალვა ნათელაშვილს კიდევ მეტი მხარდამჭერი უჩნდება.

რას ეფუძნება ლეიბორისტული პარტიის მიმართ გამოვლენილი სიმპათია და ნდობა? საზოგადოების ნაწილს მოსწონს პარტიის ლიდერის პრიმიტიული ლოზუნგები და არანაკლებ პრიმიტიული მჭევრმეტყველება. საზოგადოების მეორე ნაწილს კი აოცებს პირველთა პოლიტიკური გემოვნება.

შალვა ნათელაშვილი მასის ლიდერია. ეს არის ადამიანი, რომელიც ამომრჩეველს ათავისუფლებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობისგან და ყველა პრობლემის მომგვარებლად საკუთარ თავს სთავაზობს. ლეიბორისტების ლიდერს არ სჭირდება საზოგადოება, რომელიც იკითხავს: “როგორ?” მას სჭირდება მასა, რომელიც, უბრალოდ, დაიჯერებს, რომ შესაძლებელია სწავლა და სამედიცინო მომსახურება გახდეს უფასო, ყველა სტრატეგიული ობიექტი საქართველოს ხალხს დაუბრუნდეს და ემსახუროს თავდაუზოგავად, ერთბაშად დამყარდეს სამართლიანობა და წესრიგი, მთავრობა გარდაიქმნას პატიოსან და ხალხის ერთგულ გუნდად.

ერთი შეხედვით, საოცარია, რომ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ ენდობა პოლიტიკოსს, რომელიც, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ცხოვრების მეყსეულ შეცვლას გეგმავს, თითქოს, ჯადოსნური ჯოხის მფლობელი იყოს. ჩვეულებრივმა ადამიანებმა არ იციან, როგორ შეიძლება, აიღო არაფერი და მიიღო ყველაფერი. მაგრამ არის ასეთი ლიდერი, ლიდერი, რომელმაც იცის ის, რაც ჩვენ არ ვიცით.

თუ კარგად დავაკვირდებით, შალვა ნათელაშვილი, მის მხარდამჭერებთან ერთად, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების ბუნებრივი ნაყოფია. ჩვენს ქვეყანაში ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღება დიდ იშვიათობად იქცა, რაც ბუნებრივად აისახა პოლიტიკაზეც.

თუ ახალგაზრდულ რადიო- და ტელეგადაცემებს თვალყურს მივადევნებთ, ყველაზე ხშირად მოვისმენთ ერთსა და იმავე დიალოგს წამყვანსა და მაყურებელს შორის: “როგორ ხარ?” “ძაალიან კარგად”. ეს გადაცემები მეტად პოპულარულია და მათი სულისკვეთება ქართველ ახალგაზრდებს უნერგავს აზრს, რომ ყველანი ძალიან კარგად ვართ. არავის უჩნდება შეკითხვა: რატომ ვართ ძალიან კარგად, როცა, სინამდვილეში, კარგად სულაც არ ვართ. კიდევ მეტიც, ამ საყოველთაო კარგადყოფნის ფონზე საზოგადოებას აღიზიანებს ახალგაზრდობის სწორედ ის ნაწილი, რომელიც საჯაროდ ამბობს “კმარა!”.

ინდივიდუალური აზროვნების დეფიციტია პარლამენტშიც, ხოლო მთავრობაში ასეთი რამ საერთოდ არ არსებობს. კონსტიტუციის თანახმად, თითოეული მინისტრი თავის დარგში პრემიერ-მინისტრის უფლებებით არის აღჭურვილი. ის ფაქტი, რომ მინისტრები გადაწყვეტილებებს არ იღებენ, მათი პიროვნული უსუსურობის შედეგი არ არის, რაც მკაფიოდ წარმოაჩინა ზურაბ ნოღაიდელმა. ფინანსთა ექს-მინისტრმა მინისტრობის პერიოდში გადაწყვიტა, რომ შეექმნა ახალი, პროგრამული ბიუჯეტი, რომელიც ოდიოზურ ფონდებს გააუქმებდა და კორუფციის ხვრელებს დაგმანავდა. პრეზიდენტმა მინისტრის პირადი ინიციატივა არ მოიწონა, ბიუჯეტი კი სანაგვეში გადაისროლა - ასე უიღბლოდ დასრულდა ინდივიდუალიზმის გამოვლენის ფრიად იშვიათი შემთხვევა საქართველოს მთავრობაში. დღეს გაჩნდა ფრაზა, რომ “მთავრობას საქმის კეთებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული”.

ამ ფონზე გასაკვირი მხოლოდ ის იქნებოდა, ქართული პოლიტიკის წიაღს შალვა ნათელაშვილი რომ არ წარმოეშვა - ლიდერი, რომელმაც იცის ის, რაც ჩვენ არ ვიცით. ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, “შალვა ნათელაშვილი ქართული საზოგადოებისთვის დასმული დიაგნოზია”. რა მოგველის ამ დიაგნოზის პატრონებს, საკითხავი ახლა ეს არის.
XS
SM
MD
LG