Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნები და ტელევიზია


ტელევიზიის როლი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში შეუცვლელია, განსაკუთრებით - საქართველოში, სადაც გაზეთები მცირე ტირაჟით გამოიცემა და ცუდად იყიდება.

ამიტომ საზოგადოება უკვე მიეჩვია, რომ არჩევნების წინ ახალი ტელეკომპანიები იხსნება, ძველები კი ახლებურად საქმიანობენ.

ის ფაქტი, რომ საარჩევნო სპექტრი გაყოფილია ორ ბანაკად, ხელისუფლებად და ოპოზიციად, ყველაზე მკაფიოდ ტელეკომპანიების საქმიანობაში ჩანს. მაყურებელს ამა თუ იმ ტელეარხის პოლიტიკური ინტერესები თუ სიმპათიები გაცილებით შენიღბული სახით მიეწოდება საღამოს საინფორმაციო პროგრამების საშუალებით. სამაგიეროდ, ღამის ეთერები - თემების და სტუმრების შერჩევის კრიტერიუმით, შეკითხვების ხასიათით და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის კონკრეტული ფორმებით - გარკვეულ პოლიტიკურ ტენდენციებზე მიუთითებს.

ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს სამ გადაცემას: კოკა ყანდიაშვილის საავტორო პროგრამას “რა ხდება”, ეკა ხოფერიას “ღამის კურიერს” და ინგა გრიგოლიას “ღამის მზერას”. ეს გადაცემები ზოგადი სტრუქტურით ერთმანეთს ჰგავს, კონკრეტული შინაარსით კი მკვეთრად განსხვავებულია. მათ შორის ყველაზე მეტად პოლიტიზებულია “ღამის კურიერი”, რასაც სერიოზული მოტივაცია ახლავს. ამ გადაცემაში, კონკურენტულ გადაცემებთან შედარებით, ყველაზე მეტი დრო ეთმობა ოპოზიციის ბანაკს, მის ლიდერებს და მათი პოზიციის გაცნობას მაყურებლისთვის აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.

საქმე ისაა, რომ სახელისუფლო ბანაკის ლიდერები დებატებში საკმაოდ უმწეოდ გამოიყურებიან. მათ გამოცდილებაც ნაკლები აქვთ, ვიდრე ამჟამინდელ ოპოზიციურ ლიდერებს და სათქმელიც ბევრი არაფერი გააჩნიათ. ამიტომ პოლიტიკური დებატების ცენტრი სწორედ “ღამის კურიერშია”, ხოლო სახელმწიფო ტელევიზიაში ძირითადი აქცენტი არაპოლიტიკურ თემებზეა გადატანილი. “ღამის კურიერში” ხდება იმის წარმოჩენა, რითიც ძლიერია ოპოზიცია, ხოლო გადაცემაში “რა ხდება” მეტი დრო გასართობ ნაწილს ეთმობა.

პოლიტიკური თემების ანალიზი და განხილვა ძლიერი მხარეა “ღამის მზერისთვისაც”. მაგრამ ტელეკომპანია “მზე” ჯერჯერობით მაყურებლის მოზიდვაზე, გადმობირებაზე მუშაობს და ამიტომ კვირაში ორჯერ მაინც დღის მთავარი თემის შერჩევისას პოლიტიკას გვერდს უვლის. სამაგიეროდ, “ღამის მზერა” პირველდამწყებია, რომელიც დღის თემად მაყურებელს სთავაზობს პრობლემების “მოყვითალო” ვერსიებს: უნდა ტარდებოდეს თუ არა სექსუალური აღზრდის გაკვეთილები საშუალო სკოლაში? უნდა იდგმებოდეს თუ არა აკადემიური თეატრის სცენაზე ეროტიკული სპექტაკლები? თავისთავად, ეს პრობლემები “ყვითელი” სულაც არ არის, მაგრამ კონკრეტული ფორმა, რომლითაც მათ განიხილავენ “ღამის მზერაში”, პირველ რიგში, მაინც მაყურებლის მიზიდვას ისახავს მიზნად. “ღამის მზერის” ნეიტრალური პოლიტიკური პოზიცია იმაზეც შეიძლება მიუთითებდეს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ტელეკომპანია “მზე” თავის პოლიტიკურ სიმპათიებს არ გამოამჟღავნებს, ესე იგი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მხოლოდ საზოგადოების მზერის და ნდობის მოპოვებას შეეცდება.

პოლიტიკით დაინტერესებულ მაყურებელს ვთავაზობთ, ყურადღება მიაქციოს ერთ დეტალს: კოკა ყანდიაშვილი თავისი გადაცემის პირველ ნაწილს, როგორც წესი, წარმართავს იმ სულისკვეთებით, რომ პოლიტიკა თამაშია, რომ ყველაფერი ჩვეულებრივი ამომრჩევლის მიღმა წყდება და რომ ჩვენი ხმა, ალბათ, ვერაფერს შეცვლის. საქმე ისაა, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს ამომრჩევლის ნაკლები აქტიურობა, რადგან ყოველი გამოუყენებელი ბიულეტენი გაყალბების წყაროა. რაც შეეხება “ღამის კურიერს”, ამ გადაცემაში, პირიქით, ხშირად გაისმის მოწოდება სამოქალაქო აქტიურობისკენ. გადაცემის სტუმრები ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ სწორედ მისი ხმა შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი.

სატელევიზიო ჟურნალისტების საქმიანობაზე დაკვირვება საშუალებას იძლევა წინასწარ ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლების საარჩევნო სია უფრო მეტად საზოგადოებრივი იქნება; ხოლო ოპოზციის სია - უფრო მეტად პოლიტიკური. აქვე უნდა ითქვას, რომ კოკა ყანდიაშვილის გადაცემის მესამე - ოჯახური - ნაწილი წარმატებული სიახლეა, საარჩევნო ტექნოლოგიის თვალსაზრისით. გადაცემის ეს ნაწილი მაყურებელს იზიდავს თავისი არააგრესიული, თხრობითი ხასიათით. საზოგადოებისთვის ცნობილი პიროვნებები თავისი ადამიანური სახით გვევლინებიან, რაც ამომრჩევლის სიმპათიას აღვიძებს და ქმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში, მეტ-ნაკლებად, ყველაფერი რიგზეა. გადაცემა “რა ხდება” ნაირსახეობაა სიმღერისა “გიხაროდენ”, რომელმაც წინა არჩევნებში ხელისუფლებას დიდი სამსახური გაუწია.

წინასაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ჟურნალისტები, როგორც წესი, თავს არ ზოგავენ. არჩევნების შედეგიც მათ საქმიანობაზე გაცილებით მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე რიგითი მაყურებელი აცნობიერებს, როდესაც ყოველდღიურად, ღამის 11 საათზე, უბრალოდ, მათ შორის არჩევანს აკეთებს.
XS
SM
MD
LG