Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრობლემა მრავალპოლუსიანი მსოფლიოს კონტექსტში


რუსეთის პრესამ პრეზიდენტ პუტინის ვიზიტი საფრანგეთში შეაფასა, როგორც მეტად წარმატებული, თავად ვლადიმირ პუტინი კი "მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მისიონერად" მოიხსენია.

ამგვარი სახელდება შემთხვევითი არ არის და ერაყის პრობლემის არსს უკავშირდება.

ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პოზიცია ერაყის მიმართ 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ წარმოქმნილი პოლიტიკური ჯაჭვის მორიგი რგოლია. კონფლიქტის არსია ამერიკის და ავღანეთის დაპირისპირება, ერაყი კი გვერდითი მოვლენაა - პროცესის ლოგიკური გაგრძელება. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ ამ კონფლიქტში უდიდესი პრაგმატული ინტერესებია ჩართული. მაგრამ საუბარი შეიძლება დაპირისპირების უფრო ღრმა, არაპრაგმატულ საფუძველზეც.

ამერიკის შეერთებული შტატების და ავღანეთის ომმა ხორცი შეასხა პოლიტიკის თეორეტიკოსების ვარაუდს, რომ მოსალოდნელია შეჯახება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის; საზღვაო და სახმელეთო ცივილიზაციებს შორის. ევრაზიის უდიდესი კონტინენტის შუაგულში მდებარე ქვეყანა, ავღანეთი - შიდა ჩაკეტილობის სიმბოლოდ არის აღიარებული; ამერიკის შეერთებული შტატები კი გახსნილობის და გამჭვირვალობის სიმბოლოა. ავღანეთი საზოგადოებრივად და ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა, შუასაუკუნეობრივი ცხოვრების წესით, ამერიკა კი პროგრესის ავანგარდში დგას - ასეთია მსოფლიოს დიდი ნაწილის წარმოდგენები ამ ორი პოლუსის შესახებ. იმავდროულად, ორივე პოლუსის სიამაყის წყარო ყოველთვის იყო მათი შეუვალობა. მეცხრამეტე საუკუნეში ბრიტანეთის და მეოცე საუკუნეში საბჭოთა კავშირის გამოცდილებამ, მართლაც, დაამოწმა ავღანეთის რთული და წინააღმდეგობრივი დაცულობა. თავის მხრივ, დანარჩენი სამყაროსგან ოკეანით გამოცალკევებული ამერიკაც, კარგა ხანია, ხელშეუვალ სივრცედ არის აღიარებული. 11 სექტემბერს და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კი შეუვალობის მითი ორივე მიმართულებით გაანადგურა. აღმოჩნდა, რომ ყველა სახელმწიფო მოწყლვადია; რომ ამიერიდან ყველა ერთმანეთზეა დამოკიდებული და რომ მთელი მსოფლიო - საფრთხის თვალსაზრისით - ერთგვაროვანია.

ამგვარმა ერთგვაროვნებამ, ჩანს, სერიოზული საფუძველი შექმნა ევროპული ქვეყნების გასაძლიერებლად. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ერაყული რეჟიმი მთელ მსოფლიოს ემუქრება, ეჭვი არავის გასჩენია, რომ ავღანეთში მოპოვებულ წარმატებას მსოფლიოს უძლიერესი ქვეყანა თავისი პოზიციების კიდევ მეტად გასამყარებლად იყენებდა. მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მილიონიანი დემონსტრაციები გაიმართა ლოზუნგით: "ნუ დაღვრით სისხლს ნავთობის გამო". არც ის არის საიდუმლო, რომ გერმანიასაც, საფრანგეთსაც და რუსეთსაც თავიანთი პრაგმატული ინტერესი აქვთ ომის წინააღმდეგ.

მაგრამ ამ შემთხვევაშიც არსებობს უფრო ღრმა, ერთიანი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც მთელ მსოფლიოში პოზიციები გაიყო ერაყის გამო. საფუძველი, მართლაც, მეტია, ვიდრე რომელიმე კონკრეტული ქვეყნის კონკრეტული ინტერესი: ეს არის ერთპოლუსიანი მსოფლიოს მრავალპოლუსიან სისტემად გარდაქმნის მცდელობა ევროპის გაერთიანების გზით.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, ერთიანი ევროპული ვალუტის - ევროს შემოღება - მეტისმეტად ამბიციური პროექტი იყო. ერთპოლუსიანი სამყაროსთვის გამოცხადებული ეკონომიკური "ომი" სწორედ ევროს შემოღებით და დოლართან მისი დაპირისპირებით დაიწყო.

დღემდე რუსეთი რჩება ერთადერთი ქვეყნად, რომლის გავლენიანი პოლიტოლოგებიც ღიად საუბრობენ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საპირწონე პოლუსის შექმნის აუცილებლობაზე. ისინი ამ ზოგადსაკაცობრიო მისიას რუსეთს აკისრებენ, როგორც ევრაზიის კონტინენტზე განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქვეყანას. თუმცა ევროს შემოღებით დადასტურდა, რომ მრავალპოლუსიანი მსოფლიოს იდეა მხოლოდ რუსული პოლიტიკური აზრის ნაყოფი არ არის.

აქვე გავიხსენებთ ერთ შემთხვევას: ლუქსემბურგის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, დოქტორმა არმანდ კლესიმ 2001 წლის ზაფხულში თბილისში წაიკითხა ლექცია თემაზე - ვინ და რა წარმართავს მსოფლიოს ოცდამეერთე საუკუნეში. სამუელ ჰანთინგტონის მეგობრის, დოქტორ კლესის დაკვირვებით, უახლოესი ორმოცი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიას ხელს ვერაფერი შეუშლის. მანვე აღნიშნა, რომ ეს ჰეგემონია, შესაძლოა, აყვავებული დემოკრატიიდან, საბოლოოდ, აყვავებულ დიქტატურაში გადაიზარდოს. ამ პროგნოზის გაკეთებისას 11 სექტემბრამდე ჯერ კიდევ ერთი თვე იყო დარჩენილი და ამერიკის შეერთებული შტატები სრულიად დაცულ ქვეყნად აღიქმებოდა.

ერაყის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ მსოფლიო პოლიტიკური პროცესი საგრძნობლად დაჩქარდა. რა იქნება შედეგი? ამერიკის შემდგომი გაძლიერება თუ მრავალპოლუსიანი სამყარო? ან იქნებ რაღაც სხვა? შეკითხვა შესაძლო შედეგის შესახებ რიტორიკულ შეკითხვად რჩება, რადგან მასზე დამაჯერებელი პასუხი არ არსებობს.
XS
SM
MD
LG