Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიდერების პოლიტიკური ფუნქცია გაერთიანებულ ოპოზიციაში


პრესაში სულ უფრო მეტი მასალა ჩნდება არჩევნების წინ ოპოზიციის შესაძლო გაერთიანების შესახებ. ახალი თაობის პოლიტიკოსებს შორის პარტიების გაერთიანების ყველაზე აქტიური მომხრე ზურაბ ჟვანია იყო.

თუმცა ისეთი გაერთიანება, როგორიც ამჟამად იგეგმება, ჟვანიას სამომავლო კარიერისთვის, შესაძლოა, ნაკლებად სასარგებლო და მეტად საზიანო აღმოჩნდეს. სამაგიეროდ, პოლიტიკური პარტნიორის ჩანაფიქრს მიხეილ სააკაშვილი ახორციელებს თავისი ინტერესების შესაბამისად და წარმატებით.

პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება შეუძლებელია საგანგებო ფუნქციის შეძენა-მოპოვების გარეშე. კარგა ხანს ქართულ რეალობაში ლიდერის ფუნქცია ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციას უკავშირდებოდა. როდესაც საქართველო ევროსაბჭოს წევრი გახდა და დასავლური ორიენტაცია ოფიციალურად გაფორმდა, პროდასავლური ლიდერებისთვის აუცილებელი აღმოჩნდა პოლიტიკურ სპექტრში ახალი ფუნქციით დამკვიდრება, რაც წარმატებით გამოუვიდათ როგორც ზურაბ ჟვანიას, ისე მიხეილ სააკაშვილს. კერძოდ, სააკაშვილი რევოლუციური ყაიდის რადიკალი ლიდერია, ჟვანია კი - რეფორმატორი. მათ ფუნქციებს შორის სერიოზული სხვაობაა და მათი ამომრჩეველიც ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება.

რევოლუციური ცვლილებები ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ უნდა დაინგრეს და თავიდან აშენდეს. რეფორმები კი გულისხმობს, რომ საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს საფუძველი და ნაწილობრივ გარდაქმნას სახელმწიფო შენობის ის ნაწილი, რომელიც დროის მოთხოვნებს ვეღარ უძლებს.

რადიკალურად განწყობილი ადამიანები, რომლებსაც დღევანდელი ყოფის არაფერი მოსწონთ, თავის პოლიტიკურ ლიდერად მიხეილ სააკაშვილს აღიარებენ; იმავდროულად, ისინი აღიარებენ, რომ ქართული სახელმწიფოს შენება სულ თავიდან არის დასაწყები.

ზურაბ ჟვანიას ელექტორატი კი სხვა ბუნებისაა. როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა დაადასტურა, ჟვანიას გუნდს, ძირითადად, მხარს უჭერს ინტელიგენცია. ინტელიგენცია კი, როგორც წესი, ზომიერების მომხრეა; უფრო მეტიც, მისთვის ყოველგვარი რადიკალიზმი მიუღებელი და საშიშია.

იმ გზებს შორის, რომლებსაც თავის თანამოაზრეებს, ერთი მხრივ, სააკაშვილი და, მეორე მხრივ, ჟვანია სთავაზობენ, სხვაობა ნგრევის ხარისხშია: ნაციონალური მოძრაობის ლიდერი საზოგადოებას მეტ ნგრევას სთავაზობს ახლის აშენებამდე, გაერთიანებული დემოკრატების ლიდერი კი მხოლოდ გადაკეთების, რეფორმირების, გარდაქმნის მომხრეა.

ამ რეალობიდან გამომდინარე, ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: ვისთვის, როგორი ტიპის ლიდერისთვის არის ხელსაყრელი ოპოზიციის იმგვარი გაერთიანება, რაგვარიც ამჟამად იგეგმება?

ახალი ბლოკი, თუკი იგი შეიქმნება, ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის, გემოვნების და გეგმების მქონე პარტიებს გააერთიანებს. ერთადერთი საკითხი, რაც ამ პარტიებს და მათ ლიდერებს შეიძლება აკავშირებდეს, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დამარცხებაა. ესე იგი, სურთ თუ არა ეს გაერთიანების სუბიექტებს, პოლიტიკური ძალების თავმოყრა უნდა მოხდეს იმის ირგვლივ, რაც დასანგრევია და არა იმის ირგვლივ, რაც ასაშენელებელია; რადგან ისეთი განსხვავებული მსოფლხედვის მქონე ლიდერები, როგორებიც არიან სააკაშვილი, პატიაშვილი, ჟვანია, ჯუღელი, ჭაჭია, ასათიანი, ბერძენიშვილი - ვერასოდეს შეთანხმდებიან პოზიტიურ და, იმავდროულად, რეალურ სამომავლო პროგრამაზე.

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, საარჩევნო გაერთიანება, რომელიც ორიენტირებული იქნება არსებული პოლიტიკური ხელისუფლების დამარცხებაზე, ერთიანი ფრონტის პრინციპით იმოქმედებს. და ამ ფრონტის მებრძოლთა მიზანი იქნება მთავარი პოლიტიკური ოპონენტის - ედუარდ შევარდნაძის განადგურება არჩევნების გზით. ბრძოლაში გამარჯვება სახელს და დიდებას მოუტანს მხოლოდ რადიკალ ლიდერს, რომელიც საზოგადოებას არჩევნების წინა პერიოდშიც ნგრევის ლოზუნგებს სთავაზობდა. ასეთი რევოლუციონერი კი ქართულ სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილია. შესაბამისად, სააკაშვილი ბუნებრივად ხდება გაერთიანებული ოპოზიციის პირველი და ერთადერთი ლიდერი, შედარებით ზომიერი პოლიტიკოსები კი მის ჩრდილში ექცევიან. ეს, პირველ რიგში, ზურაბ ჟვანიას ეხება, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავად ცდილობდა მსოფლმხედველობრივად ერთგვაროვანი პარტიების შეკავშირებას.

პროცესი კანონზომიერად ვითარდება. ჟვანიას შეეძლო პარტიების ვიწრო სპექტრის გაერთიანება, ოღონდ, პოზიტიური პროგრამის ირგვლივ და ასეთ გაერთიანებაში იგი პირველი ლიდერი იქნებოდა, სააკაშვილი კი მის ჩრდილში მოექცეოდა. ახლა სააკაშვილი ცდილობს, ნეგატიური პროგრამის ირგვლივ გააერთიანოს გაცილებით ფართო სპექტრი და მას, როგორც რევოლუციურ ლიდერს, ჩანაფიქრი შეიძლება მართლაც გამოუვიდეს, რადგან ნეგატიური პროგრამა ხელს აძლევს სააკაშვილს, პოზიტიური - ჟვანიას. რით დასრულდება ეს ჩუმი ორთაბრძოლა, ძნელი სათქმელია; ის კი ცხადია, რომ ჯერჯერობით მიხეილ სააკაშვილი თავისი ფუნქციის ფარგლებში გაცილებით წარმატებულად მოქმედებს, ვიდრე სხვა ლიდერები.
XS
SM
MD
LG