მემარჯვენე და დასავლური ორიენტაციის აკაკი ასათიანი კიდევ ერთხელ მოხვდება საარჩევნო ბლოკში მემარცხენე და მერუსეთე ჯუმბერ პატიაშვილთან ერთად. გასულ არჩევნებში ბლოკს ასლან აბაშიძე ხელმძღვანელობდა, მომავალ არჩევნებში კი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი იქნება.
ჩაანაცვლებს თუ ვერა მიხეილ სააკაშვილი ასლან აბაშიძის პოლიტიკურ ფუნქციას?
1999 წლის არჩევნების წინ ბათუმში ჩამოყალიბებული გაერთიანება ალტერნატიულ პოლიტიკურ ცენტრად მოინათლა. ამ ცენტრის მთავარი ბურჯი ასლან აბაშიძე იყო, იდეოლოგი კი – ალექსანდრე ჭაჭია. ჭაჭიას მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილი იდეოლოგიის ორი მთავარი ღერძი ასე გამოიყურებოდა: ტრადიციული საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოების ნაცვლად, და ჩრდილოეთ-სამხრეთის ინტეგრაცია, დასავლეთ-აღმოსავლეთის ინტეგრაციის ნაცვლად.
არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ასლან აბაშიძე საჯაროდ აცხადებდა: “მე და ბატონი საშა მეგობრები ვართ და დაზარალდება ყველა, ვინც ჩვენს დაშორებას მოინდომებს”. უშუალოდ არჩევნების წინ კი აბაშიძე და ჭაჭია საკუთარი სურვილით დაშორდნენ ერთმანეთს. რატომ?
მიზეზი ის იყო, რომ ალექსანდრე ჭაჭია საპარლამენტო არჩევნების მოსაგებად აჭარის ლიდერს ერთ გზას სთავაზობდა, ასლან აბაშიძემ კი მეორე გზა აირჩია –მეგობრები საარჩევნო ტაქტიკაზე ვერ შეთანხმდნენ. კერძოდ, ჭაჭიას მიაჩნდა, რომ “აღორძინებას” რაიონებში სათითაოდ უნდა დაეძებნა ავტორიტეტული პიროვნებები და მათ ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში ფინანსურად დახმარებოდა. ჭაჭიას ღრმა რწმენით, საარჩევნო სია უნდა შევსებულიყო სწორედ ამგვარი ადამიანებით, რომლებიც უშუალოდ იქნებოდნენ დამოკიდებული ასლან აბაშიძეზე და ადგილებზეც ბევრ ხმას მოაგროვებდნენ.
მაგრამ აჭარის ლიდერმა სხვა გზა აირჩია: იგი პარტიებს დაეყრდნო და არა ცალკეულ პიროვნებებს. მის მიერ ჩამოყალიბებულმა ბლოკმა გააერთიანა აღორძინების კავშირი, ტრადიციონალისტები, სოციალისტები და ზვიად გამსახურდიას მომხრე პარტია “XXI საუკუნე”. ჩამოთვლილი პარტიების გარდა, საარჩევნო სიაში ცალკე კვოტა დაეთმო ჯუმბერ პატიაშვილსა და მის ჯგუფს.
მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ დაახლოებით მსგავსი ბლოკის შექმნას ცდილობს ნაციონალური მოძრაობა. ამ ბლოკში, სავარაუდოდ, გაერთიანდებიან თავად ნაციონალური მოძრაობა, ისევ ტრადიციონალისტები, ისევ ზვიად გამსახურდიას მომხრეები (ამჯერად, ზვიად ძიძიგურის ფრთა) და, როგორც ჩანს, მათ ჯუმბერ პატიაშვილიც შეუერთდება.
რატომ და როგორ მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ თითქმის იგივე ძალები იყრიან თავს, რომლებიც გასულ საპარლამენტო არჩევნებში ასლან აბაშიძის გვერდით იდგნენ?
ყველაზე მარტივი პასუხი ისაა, რომ ამ ძალებს პარლამენტში მოხვედრა სურთ, სააკაშვილი კი სადღეისოდ ყველა სხვა პოლიტიკურ ლიდერზე მეტად პოპულარულია. მაგრამ ეს პასუხი მეტისმეტად პრიმიტიულად მოგვეჩვენება, თუ გავიხსენებთ, რომ ჯუმბერ პატიაშვილის რეიტინგი სააკაშვილისას არ ჩამოუვარდება. მხოლოდ იმისათვის, რომ პარლამენტში მოხვდეს, პატიაშვილი არასოდეს გაერთიანდება სააკაშვილთან, რადგან 7%-იანი ბარიერის დაძლევა მის პარტიას, წესით, არ უნდა გაუჭირდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ერთობამ” ისე მიიღო ხმების 4%, რომ სიაში არც პატიაშვილის გვარი ჩაუწერია და არც ჭაჭიასი. თანაც, ეს მოხდა თბილისში, რაიონებში კი პატიაშვილის რეიტინგი გაცილებით მაღალია, ვიდრე დედაქალაქში.
შესაძლოა, ახალი სავარაუდო გაერთიანების მიზეზად კიდევ ერთი ალტერნატიული ცენტრის შექმნა დასახელდეს. ისინი, ვინც ედუარდ შევარდნაძეს ასლან აბაშიძის ლიდერობით უპირისპირდებოდნენ, ახლა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით დაუპირისპირდებიან. ლოზუნგი კი არ შეიცვლება: ყველანი შევარდნაძის წინააღმდეგ! ოღონდ, გასათვალისწინებელია, რომ ერთიანი ფრონტის პრინციპი აღარ “იმუშავებს”, რადგან აღორძინება და ლეიბორისტები არავისთან გაერთიანდებიან. მეორე მხრივ, ასლან აბაშიძეს ალტერნატიული ცენტრი ავტონომიის საზღვრების დასაცავად უფრო სჭირდებოდა, ვიდრე არჩევნების მოსაგებად. მიხეილ სააკაშვილი კი მხოლოდ არჩევნების მოგებაზე ფიქრობს. არჩევნების მოგება იყო ალექსანდრე ჭაჭიას მიზანიც, როდესაც აჭარის ლიდერს სთავაზობდა და სთხოვდა, პარლამენტში სუსტი პარტიების გაყვანაზე რესურსი ფუჭად არ დაეხარჯა. საინტერესოა, როგორ შეხვდება ალექსანდრე ჭაჭია ახალი ბლოკის ძველ იდეას. რაც უფრო მეტად წარმომადგენლობითი იქნება ეს ბლოკი, მით მეტი საპრეზიდენტო კანდიდატი მოიყრის მასში თავს. ამიტომ მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდება შესაძლებელი ახალი ბლოკის რეალური ფუნქციის შეფასება.