Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოსა და მისი სიმბოლოების კავშირი


საბჭოთა პერიოდში, როდესაც ქართველების სამშობლოს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ერქვა, ქვეყნის მოსახლეობა სახელმწიფო სიმბოლოებს ერთგვაროვნად აღიქვამდა.

არ იყო სახელმწიფო და სიმბოლოებიც ფიქტიურ ხასიათს ატარებდა. სამაგიეროდ, ეროვნული მოძრაობის გააქტიურებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა დროშამ. შემდეგ კი სახელმწიფო სიმბოლოები - როგორც დროშა, ასევე ჰიმნი - სერიოზული საზოგადოებრივი დაპირისპირებისა და შფოთის მიზეზად იქცა. რატომ ვერ ხერხდება სახელმწიფო სიმბოლოებზე თანხმობის მიღწევა?

სახელმწიფო საზოგადოებრივ ინსტიტუტთა ის ერთობაა, რომელიც ქვეყანაში ძალაუფლებას ახორციელებს. მაგრამ ეს სხვადასხვაგვარად ხდება: ზოგიერთი სახელმწიფო საზოგადოების იერარქიზაციას ახალისებს, ზოგიერთი კი, პირიქით, სამართლიანობის და თანასწორობის დამკვიდრებას ცდილობს. პირველი ტიპის სახელმწიფოში მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქვეყნის ბატონ-პატრონად არ აღიქვამს და, შესაბამისად, გულგრილად ეკიდება სახელმწიფო სიმბოლოებს. მეორე ტიპის ქვეყანაში კი საზოგადოების თითოეული წევრი ჰიმნს, გერბსა და დროშას აღიქვამს როგორც საკუთარი თავის სახელმწიფოსთან იდენტიფიკაციის საშუალებას.

იმის შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ახალი სახელმწიფოს შენება დაიწყო, სიმბოლოებიც, ცხადია, შეიცვალა. ახლა საზოგადოებას ხელახალ ცვლილებებს სთავაზობენ. მაგრამ სიმბოლოების შექმნისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ფუჭი და უნაყოფოა და მხოლოდ სამარცხვინო დებატებს ასაზრდოებს. სახელმწიფოს მიერ ჰიმნთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსიც არა მხოლოდ სკანდალით, არამედ კრახით დასრულდა. დახურული კონკურსის შემდეგ 51 ჰიმნიდან ხალხის სამსჯავროზე მხოლოდ 2 გამოიტანეს. მთელ თბილისს მოედო ხმები, რომ საუკეთესო ჰიმნები დამალეს, რადგან გამარჯვებული ჰიმნის ავტორს ჯილდოდ რამდენიმე ათასი ლარი ელოდა. ბოლოს, ჰიმნზე ძალადობა ვერ გაბედეს. სახელმწიფო სიმბოლიკის შემთხვევაში, ხელისუფალი უძლურია თავისი კანონი დაამკვიდროს და თავისი სიმართლე გაიტანოს. რაგინდ დახურული კონკურსი ჩატარდეს, რაგინდ აიკრძალოს კონკურსზე დაწუნებული ჰიმნების აჟღერება, თუკი ნამდვილი ჰიმნი შეიქმნება, მის გავრცელებას ჩინოვნიკური ზღუდეები ვერ შეაფერხებს.

მეორე მხრივ, ჰიმნსა და დროშაზე ძალადობა, მართლაც, შეუძლებელია. თუ სიმბოლიკა საზოგადოებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, ჰიმნის აჟღერებისას ხალხი ფეხზე ადგება, ფეხბურთელებიც იმღერებენ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების წინ, დროშებსაც ააფრიალებენ სტადიონზე, მაგრამ სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა იქნება არა მადლით აღსავსე, არამედ – ფულზე გაცვლილი და დამადლებული.

ქვეყნის დღევანდელ პრეზიდენტს განსაკუთრებული ინტერესი აქვს სახელმწიფოებრივი სიმბოლოების მიმართ, რაც ოფიციალური სიმბოლიკით არ ამოიწურება. საპროგრამო გამოსვლებისას იგი ხშირად იმეორებს, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, დავაფუძნეთ ახალი სახელმწიფო. ახალი სახელმწიფოს დაფუძნების ფაქტს კი, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ახალი სიმბოლოების და რიტუალების მეშვეობით ამკვიდრებს; ყოველ შემთხვევაში, ცდილობს. სწორედ ასეთი სიმბოლოა სამების ტაძარი, რომელმაც მომავალში საუკუნეთა წიაღიდან უნდა დაადასტუროს, რომ ახალი ქართული სახელმწიფო სწორედ ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში დაფუძნდა.

მაგრამ სიმართლე ისაა, რომ როგორც ახალი დროშა და ჰიმნი ვერ შვა თანამედროვე საზოგადოებამ, ასევე გულგრილი აღმოჩნდა იგი ტაძრის მშენებლობის მიმართაც. იდეა, რომ საუკუნის მშენებლობას ერი და ბერი უნდა გაეერთიანებინა, განუხორციელებელი აღმოჩნდა. თანამედროვე საქართველოს აღმშენებლობის სიმბოლოდაც ქართველების ცნობიერებაში ეს ტაძარი ვერ გადაიქცა.

რა არის პრობლემა? საზოგადოება ცდილობს, შექმნას ახალი ჰიმნი და არ გამოსდის; საზოგადოება ცდილობს, შეცვალოს დროშა და არ გამოსდის; საზოგადოება არც კი ცდილობს, ააშენოს ახალი ტაძარი. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო სიმბოლოები აღმნიშვნელებია, რომლებმაც უნდა დაადასტუროს, რომ არსებობს თავად აღსანიშნი – ახალი სახელმწიფო. ცხადია, ეს სურს პრეზიდენტს, რომელსაც საკუთარი თავი ამ სახელმწიფოს დამფუძნებლად მიაჩნია. ეს სურს საზოგადოების ერთ ნაწილსაც, რომელიც არაცნობიერად იმედოვნებს, რომ აღმნიშვნელის შექმნით თავად აღსანიშნიც შეიქმნება, ესე იგი, სიმბოლოების შექმნით შეიქმნება სახელმწიფო. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა. სიმბოლოები მხოლოდ იმას გამოხატავს, რაც არსებობს. ის ფაქტი, რომ დღევანდელი საზოგადოება უძლურია შექმნას ახალი სახელმწიფოებრივი სიმბოლოები, მხოლოდ იმითაა გამოწვეული, რომ თავად სახელმწიფო ვერ შეიქმნა. დროშის და ჰიმნის ირგვლივ კამათი და თავზე ლაფის დასხმა კი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საზოგადოებაში რეალურად არ გაჩნდება აღმშენებლობითი მუხტი; ვიდრე ქვეყანა მზად არ აღმოჩნდება, რომ თავისი ახლებური არსებობა ახალ სიმბოლოებში ასახოს.
XS
SM
MD
LG